logo_geo
eng_logo
ნინო ლომჯარია: ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხაზგასმა სტიგმას აძლიერებს
- +

30 აგვისტო. 2019. 02:00

 

სახალხო დამცველი პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველის თქმით, მომხდარის შეფასებისას, სოციალურ ქსელში არაერთი მოწოდება გავრცელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა საზოგადოებიდან გარიყვის და მათი იზოლაციის შესახებ.

 

„სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს და შესაბამისი ინფორმაციის არ ქონის პირობებში, აღნიშნულზე ხაზგასმა აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმას.

 

აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, კვლავ არაერთი სისტემური პრობლემა რჩება, რაც აბრკოლებს არსებული რეგულაციების და სერვისების ეფექტურ განხორციელებას. საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ განწყობებთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების სიმცირე ამ სფეროში ადამიანური რესურსის, ეფექტური სერვისების, რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის პრობლემებს იწვევს“, - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

სახალხო დამცველის თქმით, საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა პრობლემის დროული გამოვლენის სირთულესთან ერთად, საკითხზე არასწორი მსჯელობის შესაძლებლობებს აჩენს და ხელს უწყობს არსებული ტაბუს გაძლიერებას. სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის შემთხვევას.

 

პეკინის გამზირზე რამდენიმე დღის წინ დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს. პოლიციამ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს საღამოს მიაყენეს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner