logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი გული ყოველთვის თქვენთან იქნება ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო
- +

4 ოქტომბერი. 2019. 22:16

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძვირფასო თანამემამულეებო,

მინდა, სამსახურის ცვლილების შემდგომ, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტში საქმიანობის მოკლე ანგარიში წარმოგიდგინოთ და მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც თქვენგან ყოველთვის ვგრძნობდი.

 

მადლიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა 2017 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილი დეპარტამენტის საფუძვლების ჩაყრასა და ხელმძღვანელობაში მიმეღო მონაწილეობა.

 

ჩვენმა გუნდმა თქვენთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, სახელმწიფო უწყებებთან და ჩვენი დიასპორის გულშემატკივრებთან ერთად შეძლო გარკვეული შედეგების მიღწევა:

 

განსაკუთრებით გამოვყოფდი რამდენიმე მათგანს:

 

  • საქართველოს კონსტიტუციაში პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე“. აღნიშნულით დიასპორისა და მასთან ურთიერთობის მნიშვნელობის აღიარება ქვეყნის უზენაესი კანონით განხორციელდა.

 

  • დიასპორის აქტიური ჩართულობით შემუშავდა სტრატეგია, სახელწოდებით „ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, რომლითაც სრულადაა გაწერილი ის ნაბიჯები, რომლებსაც სახელმწიფო დგამს და გადადგამს დიასპორის მიმართულებით.

 

  • გაიზარდა ახალგაზრდა ელჩების რაოდენობა და ამჟამად 15 ქვეყანაში ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულეები საქართველოს პოპულარიზაციასა და ჩვენი ქვეყნისათვის ახალი მეგობრების შეძენაზე წარმატებით ზრუნავენ. მათ ბევრი საქმე გააკეთეს და მომავალშიც არაერთხელ ასახელებენ თავიანთ სამშობლოს.

 

  • შეიქმნა საკვირაო სკოლების საჭიროებებზე მორგებული სახელმძღვანელოები, რომლებიც ურიგდება ყველა მსურველს, რითაც ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა წიგნების პრობლემა.

 

  • შეიქმნა ერთი ფანჯრის პრინციპზე შექმნილი დიასპორული ვებპორტალი www.gda.ge

 

რომელიც არის დიასპორის საჭიროებებზე მორგებული, მომხმარებელზე ორიენტირებული ინფორმაციისა და სერვისების მიმწოდებელი პრაქტიკულად ერთადერთი ვებ-სივრცე, რაც ესოდენ აუცილებელი იყო ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ინფორმაციის სწრაფი გაცვლისათვის.

 

  • დიასპორულ საქმიანობაში თანამემამულეთა მაღალი ჩართულობის უზრუნველსაყოფად დაიწყო სრულიად ახალი პროექტი, რომლის მეშვეობითაც კონკურსის წესით დაფინანსდება დიასპორაზე მიმართული პროექტები. განსაკუთრებულად სასიხარულოა, რომ შემოვიდა ძალიან ბევრი ინიციატივა, რაც დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის საჭიროების ნათელი დასტურია.

 

  • სახელმწიფოს მიერ დიასპორის წარმომადგენლების ღვაწლისა და სამშობლოს განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასების მიზნით, განახორციელა პროგრამა - „საქართველოს მაღალ პროფილური დიასპორის ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში“

 

  • სრულიად განახლდა და გაიზარდა დიასპორული ორგანიზაციების ბაზები, რისი მეშვეობითაც კომუნიკაცია კიდევ უფრო მჭიდრო და საქმიანი გახდა.

 

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს დიდი მონდომებისა და პროფესიონალიზმისათვის. მადლიერებას გამოვხატავ ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ICMPD - ს და IOM - ის მიმართ, რომელთა ძლიერი მხარდაჭერით მრავალი სასიკეთო სიახლის დანერგვა გახდა შესაძლებელი. მადლობა კი რა თქმა უნდა ეკუთვნის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სადაც მრავალ იდეას ჩაეყარა საფუძველი. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომლის ზრუნვით, მხარდაჭერითა და დიდი მონდომებით რთული გეგმების განხორციელება შესაძლებელი გახდა. მჯერა, რომ დეპარტამენტს მრავალი წარმატება ექნება.

 

p.s. დიასპორასთან ურთიერთობა ის საქმეა, რომელიც უნდა გიყვარდეს. სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი გული ყოველთვის თქვენთან იქნება ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო. მადლობა სითბოსა და სიყვარულისათვის. მიგულეთ გვერდით“, - წერს რატი ბრეგაძე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner