logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: დღემდე ვერ მოვიშორე ის სიბინძურე - სულ თან დამდევს მთელი ცხოვრება...
- +

7 ოქტომბერი. 2019. 02:03

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„...საბჭოთა კავშირში ე.წ. დემოკრატიზაციის პროცესი ე.წ. ანონიმური საჩივრების ანუ „ანონიმკების“ რეაგირების გარეშე დატოვების შესახებ გადაწყვეტილებით დაიწყო 80-იანის მეორე ნახევრიდან...

 

მაგრამ, ის არსებები, ვინც მიჩვეულნი იყვნენ სხვისთვის ჩირქის და სიბინძურის მისხმას საკუთარი პიროვნების საიმედოდ დამალვის პირობებში, მაინც ვერ იშლიდნენ ჩვეულ „საქმიანობას“...

 

ჩვენც და ჩვენი ზემდგომნიც მსგავსი „საჩივრის“ მიღებისას ხელის ერთი მოძრაობით ვხევდით ამ ნაჯღაბნს და ნაგვის ყუთში ვუძახებდით ხოლმე პირდაპირ...

 

ერთხელაც დამიძახა რაიკომის პირველმა მდივანმა და ნაჩხაპნით სავსე სასკოლო რვეულის „ორფურცლიანი“ მესროლა გახსნილი კონვერტით მაგიდის კუთხეში - წაიკითხე და შენივე ხელით დახიეო...

 

აკანკალებული ხელით ამოვიღე კონვერტიდან ვიღაც ნაძირალის ნაჩხაპნი და გავშალე... ეხლაც ოფლი მასხამს ხოლმე, რომ ვიხსენებ: ათას სისულელესთან ერთად, ანონიმკის ავტორის აზრით ყველაზე საშინელი რამ ეწერა:

 

- პატივცემულო რაიკომის მდივანო, როდესაც თქვენ თბილისში მიბრძანდებით ხოლმე, ყარაულაშვილი სამსახურის მანქანის საჭესთან თვითონ ჯდება, უწესო ყოფა-ქცევის ქალებს ჩაისვამს და აღამ-დაღმა დააქროლებსო... უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ერთი ძალიან ცნობილი და პატივცემული ქალბატონის სახელი და გვარიც ჰქონდა მოხსენიებული საკმაოდ არაკორექტულ კონტექსტში...

 

26 წლის ვიყავი მაშინ...

 

არანაირი თავის მართლება არ დამიწყია... ან კი, რა უნდა მეთქვა და როგორ გამემართლებინა თავი, ან რა მქონდა თავის სამართლებელი?

 

მაგრამ, უბედურება ის იყო, რომ სრული სიცრუე ეწერა ყველაფერი იმ „ანონიმკაში“- პიროვნების სახელიც, ჩემი ცხოვრების წესიც, და ბევრი სხვა უბედურებაც...

 

დღესაც დამეფიცება ღმერთის სახელით: არასოდეს, არასოდეს არ ვმჯდარვარ სამსახურებრივი ავტომანქანის საჭესთან-არც მაშინ და არც შემდეგ, არასოდეს!

 

არასოდეს არანაირი ურთიერთობა არ მქონია იმ ქალბატონთან, რომლის სახელიც ასე უდიერად გასვარა ვიღაც ნაძირალა ვიგინდარამ...

 

რა თქმა უნდა, დავხიე და იქვე ჩავყარე ქაღალდების ურნაში, თან ხელები ერთმანეთს გავუსვი, თითქოს მოვიშორე ის ჭუჭყი, რომელიც იმ ქაღალდიდან მომეცხო...

 

მაგრამ, დღემდე ვერ მოვიშორე ის სიბინძურე - სულ თან დამდევს მთელი ცხოვრება: უკვე ძალიან იშვიათად, ალბათ რამდენიმე წელიწადში ერთხელ იმ ქალბატონს ან მის ოჯახის წევრს თუნდაც შორიდან რომ შევამჩნევ, უნებურად ჩემთვის ვწითლდები და ხელები მიოფლიანდება - მე რა შუაში ვიყავი მაშინვე, მაგრამ , მაინც ვერ მოვიშორე ცილისწამების სიმძიმე და სიბილწე და ჩემი თავი მგონია იმ ჭორაობაში დამნაშავე ...

 

და, რომელიმე უწყების სამსახურებრივ მანქანას რომ ვხედავ ან შუქნიშანზე ჩემს წინ, ან შემხვედრად, ან სადმე პარკინგზე - ზუსტად ის სცენა მიდგება თვალწინ - კონვერტს რომ „მესროდა“ ბატონი თამაზი მისთვის ჩვეული ცინიკური ღიმილით ...

 

...მართალი ბრძანა საბა სულხანმა:

 

- არც ენით დაკოდილი იკურნება და არც დაწერილის უკვალოდ ამოშლა შეიძლება - მეხსიერებიდან...

 

...აწი, რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ქალაქის საკრებულოს წევრის მიმართ აგორებული ეს უბედურება , მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისი თანამდევი იქნება ეს ლაქა, მთელი ცხოვრება, სიკვდილამდე...

 

ან, იქნებ, შემდეგაც...“ - წერს ყარაულაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner