logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონულ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს
- +

29 ოქტომბერი. 2019. 15:43

 

 

„წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონულ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს“, - ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

 

„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მასშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც. ფაქტია, რომ ლიბერალური საგადასახადო და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა კერძო ინვესტიციების ფართო მოზიდვა ქვეყნის ამ მეტად მნიშვნელოვან რეგიონში. აბასთუმნის მაგალითმა აჩვენა, რომ, განვითარების გეგმასთან ერთად, წამყვან როლს იძენს მსხვილი ინვესტიცია, რაც ასრულებს რა თავისებური ლოკომოტივის როლს, პროექტის წარმატების გარანტორი ხდება, რადგან საკუთარი მონაწილეობით აზღვევს სხვა კერძო ინვესტიციებს.

 

ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომლის რეაბილიტაციაც ანალოგიურ მოდელზე აიგო და სადაც დღეს მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ ერთს „პარაგრაფს“ აშენებს, ხოლო დანარჩენი ხუთის, იქნება ეს „რუმსი“, „რედისონი“, „ქრაუნპლაზა“, თუ „რედიქს ჯგუფის“ სასტუმროების მშენებლობას უკვე სხვა ქართველი ბიზნესმენები ახორციელებენ. გარდა ამისა, ეს არის საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მაგალითი. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდ-ნახევარ ლარს მიაღწია, ხოლო სახელმწიფოს თანამონაწილეობა ინფრასტრუქტურის განვითარებით ხორციელდება.

 

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს რეგიონში, ხოლო კვალიფიციური კადრების გადამზადებას საგანმანათლებლო ცენტრი უზრუნველყოფს, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით შეიქმნება.

 

წყალტუბოსა და აბასთუმნის განვითარება არ არის მხოლოდ რეკრეაციული ტურიზმი, რადგან ის ქუთაისთან ერთად გახდება კულტურული ტურიზმის მძლავრი კერა. ეს მოდელი საქართველოს ერთგვარ რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს, რაც კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ტურისტულ ნაკადებს და ბუნებრივია, ქვეყნის შემოსასვლელსაც.

 

აბასთუმნის და ახლა უკვე წყალტუბოს განვითარებით ჩვენ მოვახდენთ ეკონომიკის აქტივობის გადანაწილებას დედაქალაქიდან დასავლეთ საქართველოში, შეკრავს ტურისტული ინდუსტრიის ერთიან რგოლს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, და რაჭის მიმართულებით.

 

სწორედ დედაქალაქში ეკონომიკური აქტივობის ზედმეტი კონცენტრაცია არის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი.

 

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ ტიპის ტურისტული ინდუსტრია, მომსახურების სერვისების განვითარებასთან ერთად, ეკონომიკის მომიჯნავე დარგებისა და პირველ რიგში აგროსექტორის და მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, როგორც რეგიონში ისე მთლიანად ქვეყანაში. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით ეს პროექტი შექმნის რა ათასობით სამუშაო ადგილს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოგრაფიული და ადამიანური კაპიტალის განვითარების თვალსაზრისითაც“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner