logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: 2015 წლის შემდეგ ეკონომიკის ზრდა, სამი კვარტალის მიხედვით, ყველაზე მაღალია
- +

31 ოქტომბერი. 2019. 13:16

 

 

ეკონომიკის  ექსპერტი  სოსო  არჩვაძე  საქსტატის  მიერ  დღეს  გამოქვეყნებული  ეკონომიკის ზრდის ახალ მონაცემებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 5.2 პროცენტით გაიზარდა და აბსოლუტური მოცულობით 2018 წლის სექტემბრის მაჩვენებელს თითქმის 320 მილიონი ლარით გადააჭარბა. პარალელურად, 2019 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ წინა, 2018 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 5.7 პროცენტი შეადგინა, რაც 0.8 პუნქტით აღემატება პირველი კვარტალისა (4.9%) და 1.2 პუნქტით - მეორე კვარტალის (4.5%) ანალოგიურ მაჩვენებლებს. მესამე კვარტალის შედარებით მაღალმა ტემპმა წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელთან (4.7%) შედარებით, შესაძლებელი გახადა ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი წლის პირველი სამი კვარტალის მიხედვით გაზრდილიყო და მიეღწია 5.0 პროცენტისათვის, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია შესაბამისი პერიოდების მიხედვით ბოლო ხუთი წლის (2015-2019 წწ.) მანძილზე. აღნიშნულ მიღწევებს მით უფრო მეტი ფასი და წონა აქვთ, თუ გავითვალისწინებთ იმ მძიმე სასტარტო პირობებს, რასაც ადგილი ჰქონდათ ქვეყნის ეკონომიკაში მესამე კვარტალის დასაწყისში ცნობილი მიზეზებით რუსეთთან გართულებული ურთიერთობების გამო.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზით, წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში ჩამოყალიბებული ეკონომიკური ზრდის ტემპი (+5.0%) შენარჩუნდება წლის ბოლომდე, რაც საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონის ყველა ქვეყნის - საქართველოს სახმელეთო მეზობლების მაჩვენებლებთან შედარებით ( რუსეთის ეკონომიკა 2019 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019 წელს გაიზრდება მხოლოდ 1.5%-ით, აზერბაიჯანის ეკონომიკა, შესაბამისად, - 2.9%-ით, თურქეთის - 3.3%-ით, ხოლო სომხეთისა - 4.0%-ით).

 

2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ეკონომიკის დარგებში, რომლებზეც მოდიოდა მთლიანი შიდა პროდუქტის 2/3-ზე მეტი (მშენებლობა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა).

 

2019 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გრძელდებოდა ექსპორტის წინმსწრები ზრდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან შედარებით. – 12-თვის მანძილზე საქართველოს ექსპორტი გაიზარდა 11.1 პროცენტით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა კი - მხოლოდ 0.53 პროცენტით - იმპორტის 3.3-პროცენტიანი შემცირების ფონზე. ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2019 წლის სექტემბერში 40.4 პროცენტი შეადგინა, რაც 5.2 პუნქტით აღემატება 2018 წლის სექტემბრის შესაბამის მაჩვენებელს (2018 წ. სექტემბერი - 35.2%).

 

2019 წლის სექტემბერში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი წინა წლის სექტემბერთან შედარებით შემცირდა 55 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო აღნიშნული უარყოფითი სავაჭრო სალდოს თანაფარდობა საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობასთან კი გაუმჯობესდა 5.5 პუნქტით - -47.9%-დან -42.4%-მდე.

 

2019 წელი სექტემბერში რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობამ 4.0 ათასს გადააჭარბა, ანუ ფაქტობრივად საშუალოდ ყოველდღიურად რეგისტრირდებოდა 134 საწარმო. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად - 1.4-ჯერ - აღემატებოდა სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდის მაჩვენებელს (შესაბამისად, 15.7% და 11.2%), რაც მრეწველობის, მთლიანად ეკონომიკის რეალური სექტორის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.

 

ამასთან, ეკონომიკის სერიოზულ გამოწვევად რჩებოდა სამომხმარებლო ფასების ზრდა (2019 წლის სექტემბერში წინა წლის სექტემბერთან შედარებით ინფლაციამ 6.4% შეადგინა). აღნიშნული ფაქტორის გასანეიტრალებლად და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში გაატარა რიგი ღონისძიებები (მონეტარული განაკვეთის გაზარდა 8.5 პროცენტამდე, შეამცირა კომერციული ბანკების უცხოურ ვალუტაში სავალდებულო რეზერვების განაკვეთი და სხვ.). აღნიშნული ღონისძიებები საშუალოვადიან პერიოდში პოზიტიურად იმოქმედებენ როგორც ინფლაციის შემცირების, ისე მოსახლეობის შემოსავლების მყიდველობითი უნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით“, - წერს არჩვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner