logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: ის, რისი ცოდნაც არ გვაწყენდა...
- +

4 იანვარი. 2020. 20:52

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ის, რისი ცოდნა არ გვაწყენდა:

ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გარეგინ ნჯდე

 

რამდენადაც ბოლო ხანებში აქტუალური გახდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის თემატიკა შევეცდები ძალიან მოკლედ გამოვკვეთო მისი მოღვაწეობის ძირითადი მომენტები და პარალელი გავავლო მის თანამედროვე სომეხ გმირთან.

 

ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი მეფის რუსეთის ოფიცერია, 1914 წლის სარიყამიშის ბრძოლის გმირი, სადაც რუსეთის შენაერთებმა, რომელშიც ეთნიკური ქართველებიც მსახურობდნენ ქაქუცას მეთაურობით თურქული სამხედრო ძალა შეაჩერეს დიდ გმირობის ფასად და დაიცვეს "არწივის ბუდედ" წოდებული ციხესიმაგრე. ამ გმირობისთვის ქაქუცა იმპერიამ "ოქროს ხმლით" დააჯილდოვა.

 

იგი საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის წინ წამოწევის შემდეგ 1917 წლიდან უყოყმანოდ ჩადგა ქართული შეიარაღებული ძალების სამსახურში. კოლონელი (იგივე, რაც "პოლკოვნიკი") ჩოლოყაშვილი საქართველოს ოკუპაციის დღიდან არალეგალურ ცხოვრებას ეწეოდა. იგი თავის პარტიზანულ დანაყოფთან ერთად თავიდან ჭიაურის ტყეში იყო გასული, შემდეგ კი ფშავ-ხევსურეთში მოქმედებდა. ბოლოს მას ვხედავთ დუშეთის და თბილისის შემოგარენში, როდესაც აჯანყებისას ის დედაქალაქზე იერიშის მიტანას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.

 

აქ არ შევუდგებით 1924 წლის აჯანყების მიზანშეწონილობის გარჩევას - ეს ცალკე თემაა და უაღრესად რთული საკითხია. უბრალოდ დავსძენთ, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი თვითონ არასოდეს ადგენდა მოქმედების გეგმას. აჯანყების განრიგს ადგენდა "სამხედრო ცენტრი", რომლის მეთაურიც იყო გენერალი კოტე აფხაზი, დიდი ილიას დისშვილი, სხვა ოფიცრებთან ერთად მხეცურად დახვრეტილი დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე 1923 წელს. ხოლო პოლიტიკურად ამ აჯანყებას ხელმძღვანელობდა "დამკომი" - პარიტეტული მრავალპარტიულ პრინციპზე დაფუძნებული ორგანო. ქაქუცა, როგორც ქვეყნისადმი დადებული ფიცის ერთგული სამხედრო პირი, არასოდეს გამოირჩეოდა თვითნებური ქმედებებით. ის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს თვითონ არ იღებდა.

 

გარეგინ ნჯდე (1886-1955) სომეხი პოლიტიკური, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწეა, პანსომხური ნაციონალისტური იდეოლოგიის, ცეღაკრონიზმის ფუძემდებელი. იგი როგორც სომხეთის დამოუკიდებელი, დაშნაკებით დომინირებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოფიცერი მონაწილეობდა ზანგეზურის ბრძოლებში 1919 წელს. ნჯდე სომხეთის რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგაც განაგრძობდა ბრძოლას ბოლშევიკებთან, ვიდრე ამის შესაძლებლობა იყო. მან შექმნა "მთის სომხეთის" რესპუბლიკა "ლერნაჰაიასტანი", როგორც ანტიბოლშევიკური წინააღმდეგობის ბურჯი. იგი ასევე ითვლება ამ რეგიონის ხელახალი არმენიზაციის თავკაცად. ამ პროცესს თავისთავად მოსდევდა აზერბაიჯანული მოსახლეობის იქიდან გადინება.

 

საინტერესოა, რომ გარეგინ ნჯდე ითვლება ასევე სომხური ნეოწარმართობის იდეოლოგად, რაც გულისხმობდა ძველი სომხეთის ეროვნულ და რელიგიურ ძირებთან მიბრუნებას. მისი იდეების რეაქტუალიზაცია მოხდა 80-იანების ბოლოს. დღეს მას ერევნის ცენტრში უდგას ძეგლი. როდესაც ნიკოლ ფაშინიანს სომხეთს გარეთ არაერთი პროტესტი გამოუცხადეს ამის გამო, მან მხრები აიჩეჩა - ეს სომხეთის ისტორიაა და თქვენ რაში გეხებათო.

 

ამით ერთი რამის თქმა მინდა: სომხებმა ნამდვილად იციან დიდი ხანია, რა უნდათ. და ჩვენ, ქართველებმა, ძალიან მაღალ მატერიებზე რომ ვმსჯელობთ ხოლმე, ვიცით?“ - წერს გამსახურდია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner