logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ოდესმე, ერთხელ მაინც, გითხრათ უარი?..
- +

21 მარტი. 2020. 14:13

 

 

„როდესაც ზიარების საიდუმლოს მიღებას „გარისკავ“, კორონასი კი არა, საკუთარი სულის და ხორცის დაწვის არ უნდა გეშინოდეს... ანუ, მზად უნდა იყო“, - ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

 

„მძიმე დღეები უდგას ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. ალბათ, იმაზე მძიმე, ჯალალედინი რომ მოადგა საქართველოს საზღვრებს, მეტეხის ხიდზე „პირაღმართ“ დაადებინა მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები და მორწმუნეებს ფეხის დადგმა და სჯულზე უარის თქმა უბრძანა.

 

მსოფლიოში არავის ჰყავს ერთ დღეს, ერთ ადგილას, ერთხორცად და ერთსულად რწმენისთვის, ღმერთისთვის, სამშობლოსთვის შეწირული 100 000 წმინდანი!

 

ისინი, თავიანთ თავში იცავდნენ ღმერთს! იმ წუთებში ის ხატი მათთვის ღმერთი და სამშობლო იყო! ის სიკვდილი კი, - სამშობლოს, შთამომავლობის, საკუთარი სულის და ერის ღირსების გადარჩება!

 

ჩვენი ცხოვრებაც სხვა არაფერია, თუ არა მზადება გარდაცვალებისათვის! მზადება იმ ერთადერთი გარდაუვალი ფინალისთვის, რომელსაც სიკვდილი ჰქვია.

ზიარებაც სიკვდილისთვის მზადებაა...

 

და არავინაა გარანტირებული, რომ ზიარება აუცილებლად სულის და ხორცის საცხოვნებელი იქნება მისთვის. ზიარების მიღება თავად პიროვნების გადასაწყვეტია. პირველმა მან უნდა იცოდეს, რომ მზადაა, ამ საიდუმლოს ეზიაროს. რომ მზადაა, უარესი შედეგი არ მიიღოს ზიარების შემდგომ.

 

„ოდეს გენებოს ხორცი სამეუფო მიღებად ჰოი, კაცო: შიშით მიეახლე, რათა არა დაიწვა, რამეთუ ცეცხლი არს: და რაჟამს გენებოს შესმად სისხლი საღმრთო, და შერთუა მისთანა: დაეგე პირველ მაწუხებელთა შენთა და ესრეთ სასოებით მივედ ჭამად, საიდუმლოსა მის“.

(ტროპარი. ხმა 3)

 

„მეუფეო კაცთ-მოყვარეო, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, ნუმცა დასასჯელ-მექმნების მე სიწმი-დე ესე უღირსებისათვის ჩემისა, არამედ განსაწმედელად, და წმიდა-მყოფელად სულისა და ხორცისა, და წინდად მერმისა ცხოვრებისა, და სუფევისა“.

 

ასე რომ, როდესაც ზიარების საიდუმლოს მიღებას „გარისკავ“, კორონასი კი არა, საკუთარი სულის და ხორცის დაწვის არ უნდა გეშინოდეს... ანუ, მზად უნდა იყო.

 

რვა წელია ზიარება არ მიმიღია... არ ვარ მზად... 7 წელი ვიცხოვრე ეკლესიური ცხოვრებით (როგორც შევძელი, ისე). შვიდი ბედნიერი წელი! მოვილოცე წმინდა მიწა, დივეევო - წმინდა სერაფიმეს ხსენების დღეს, ლომისი, თავკვეთა, გერგეთი, წმ. კვირიკეს ეკლესია მესტიაში, ასურელი მამების 10 მონასტერი, ფოკა, წმ. მატრონას საფლავი, ვნახე ვლადიმირის და იაროსლავლის ტაძრებში, ანდრია რუბლიოვის, დანიელ ჩორნის, ნიკიტინის მიერ შესრულებული ფრესკები. ორჯერ ვეზიარე პალესტინის ქრისტეს შობის ტაძარში, ეკვდერში, მღვიმის იმ ადგილას, სადაც ახალშობილი იესო დააწვინეს.

 

ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ გამიგოთ, რამდენად დიდი ბედნიერება და სიხარული მაქვს განცდილი იმ შვიდი წლის მანძილზე.

 

და მიუხედავად ამისა, საიდუმლოს ზიარების ყოველთვის მეშინოდა! ის მართლა საიდუმლოა და ერთადერთი გზაა განწმენდის, სანამ უფალს მივეახლებით!

 

ამ საიდუმლოს აღსრულების უფლება და ტვირთი ეკლესიის მსახურებს აქვთ! ისინი ჩვენი ცოდვების თანამოზიარეები არიან! მადლობა მათ ამისთვის!

 

ახლა კი მინდა ვკითხო ჩემს „შეწუხებულ“ მეგობრებს:

 

თქვენ, მამაოები სერაფიტები ხომ არ გგონიათ?

 

იცით, რომ ისინი ადამიანები არიან? უბრალო, მოკვდავი ადამიანები!

 

დავიჯერო, არასოდეს მისულხართ მათთან ავადმყოფი?

 

დავიჯერო, არასოდეს გითხოვიათ მათთვის თქვენი უძლურებაში მყოფი, ხშირად, გადამდები ავადმყოფობით შეპყრობილი ახლობლის ზიარება, დალოცვა?

 

დავიჯერო, მომაკვდავთან არ მიგიყვანიათ მამაო, რომ ეზიარებინა ან სულის გაყრის ლოცვა წაეკითხა?

 

დავიჯერო, არასოდეს ჩახუტებიხართ მამაოს და ატირებულხართ?

 

დავიჯერო, არასოდეს დაგიდიათ თავი მის კალთაზე და მასაც ოლარი გადაუფარებია, თავზე ხელი დაუდია და შენთან ერთად უტირია?...

 

და თუ ასეთი ყოფილა, მაშინ ისიც გაიხსენეთ, როდის უკითხავს თქვენთვის, -ხომ არ გადამედება რამეო? როდის დაგხვედრია ნიღაბაფარებული? როდის მიუტოვებია თქვენი ავადმყოფი იმის შიშით, შვილებს არ გადავდო ინფექციაო? ოდესმე, ერთხელ მაინც, რამეზე გითხრათ უარი? როდის გკრათ ხელი? როდის არ მიგიშვათ ღმერთთან?

 

მაპატიეთ, ჩემი ემოციურობა!

 

მაპატიეთ, რომ თავს ვაძლევ უფლებას ამ თემაზე საყვედურის გამოთქმის!

 

„აურაცხელ არიან სიმრავლენი ცოდვათა ჩემთანი, წმიდაო ღმრთისმშობელო, შენდა მოვივლტი ქალწულო უბიწოო, და ვითხოვ წყალობასა. მოხედენ წყლულებასა ზედა სულისა ჩემისასა ევედრე ძესა შენსა, და ღმერთსა ჩუენსა, მოტევებად ურიცხვთა მათ ბრალთა ჩემთა“.

 

მაპატიეთ!“ - წერს ხათუნა ხოფერია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner