logo_geo
eng_logo
თამარ უჯმაჯურიძე: იმ ლამაზ საღამოს, ჩვენს სუფრაზე საგზაო ინსპექტორების სადღეგრძელოც შეისვა...
- +

21 მაისი. 2020. 10:53

 

 

ჟურნალისტი თამარ უჯმაჯურიძე სოციალურ ქსელში საგზაო ინსპექტორებთან დაკავშირებულ თავისი ახალგაზრდობისდროინდელ ისტორიას იხსენებს.

 

„კომუნისტურ ეპოქაში თბილისში სულ ათიოდე რესტორანი იყო მაშინ. მე და ჩემი დაქალ-ძმაკაცებიც სულ ხან ერთში ვეყარეთ, ხან მეორეში(მიკვირს, როგორ გავთხოვდი).

 

ჰოდა, მივდივართ ერთხელ ორი მანქანით, თითოში შვიდნახევარი კაცი ზის და დამატებით ორი გიტარა.  ძალიან ახალგაზრდები ვართ, მე რომ ახლა ბავშვებს ვეძახი, ისეთები.  მივქრივართ ტრასაზე და გვაჩერებენ ინსპექტორები. გავჩერდით. გადმოდით მანქანიდანო. გადმოვლაგდით. ამდენი მგზავრის ჩაჯდომა რომ არ შეიძლება ერთად, არ იცითო, გვეკითხებიან. ჩვენ თავს ვხრით, ვითომ გვრცხვენია. მეორე ინსპექტორი ჩვენს მანქანებს „ათვალიერებს“.

 

- არის რამე? - ეკითხება ის, ჩვენს შერცხვენაზე ორიენტირებული დიდაქტიკოსი.

 

გადმოალაგა მეორემ ჩვენი ექვსსიმიანი გიტარები და აჩვენებს.

 

- მღერით? - გვეკითხება პირველი.

 

- ვმღერით, - ვაღიარეთ დანაშაულივით.

 

- რას მღერით, - ინტერესდება ინსპექტორი.

 

ერთი ჩემი მეგობარი, კახელი ბიჭი, რომელიც ისე მღერის, თვალს თუ არ გაახელ, გონაშვილი გეგონება, დინჯად იწყებს ჩამოთვლას: „ჩაკრულოს“, „წინწყაროს“, „აბა ულას“,  „მრავალჟამიერს“, „ოდოიას“...

 

- ყველა მღერით?

 

- ყველა.

 

- კარგად მღერით?

 

- კარგად.

 

- ახლა სად მიდიხართ?

 

- რესტორანში.

 

პაუზა.

 

„ნეტა ახლა არ ჩაგვაშხამებდეს ამ მშვენიერ დღეს“, - ვფიქრობ ჩემთვის.

 

- წადით და ფრთხილად იარეთ, - გვეუბნება და მანქანისკენ მიდის. მერე ბრუნდება, თითქოს რაღაც ახსენდება.

 

- ფული გყოფნით?..

 

იმ ლამაზ საღამოს, ჩვენს სუფრაზე საგზაო ინსპექტორების სადღეგრძელოც შეისვა...“ - წერს თამარ უჯმაჯურიძე.

           

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner