logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციას დაშვებული აქვს უმძიმესი სტრატეგიული შეცდომები - მათ რევოლუციურ ცვლილებებზე აქვთ აგებული პოლიტიკური პიარი და ქმედებები, არადა, ხალხს ახლა სტაბილური განვითარება სწყურია
- +

29 მაისი. 2020. 15:07

 

 

 

„ოპოზიციის ბოლოს წლების არაადეკვატურმა ქცევამ, რუსი „პიარშიკის“ შკლიაროვის ზედმიწევნით დაჯერებამ და მისი რეკომენდაციების შესრულებამ გამოიღო ის შედეგი, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება თავდაჯერებულად მოიგებს შემოდგომაზე არჩევნებს“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხმიანება.

 

მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ „ოცნებას“ შეუძლია, მომავალ პარლამენტში 100 დეპუტატამდე ჰყავდეს, თუმცა არჩევნებამდე ეს რეიტინგი შეიძლება გაიზარდოს.

 

ექსპერტი ოპოზიციის მიერ დაშვებულ სტრატეგიულ შეცდომებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათ პოლიტიკური პიარი რევოლუციურ ცვლილებებზე აქვთ აგებული, ხალხს კი სტაბილური განვითარება სწყურია

 

„ის, რომ „ქართული ოცნება“ მესამე ვადით დარჩება ხელისუფლებაში, ჩემთვის სადისკუსიო თემა არ არის. საკითხავია ის, მოიგებს თუ არა „ოცნება“ არჩევნებს ისე, რომ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა? „გორბის“ უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკვლევებით, „ქართულ ოცნებას“ 55 პროცენტი უჭერს მხარს, „ნაციონალების“ რეიტინგი 12 პროცენტამდე დაეცა, სხვა პარტიებს „სუსტი პოლიტიკური პულსი ესინჯებათ“, ზოგს კი საერთოდ არ ესინჯება პულსი. მარტივი არითმეტიკული დათვლითაც კი, „ოცნებას“ შეუძლია, მომავალ პარლამენტში 100 დეპუტატამდე ჰყავდეს, თუმცა, არჩევნებამდე ეს რეიტინგი შეიძლება გაიზარდოს, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა, ასე თუ ისე, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსული იქნება. ოპოზიციას დაშვებული აქვს უმძიმესი სტრატეგიული შეცდომები. მათი გათვლებით ხალხს რევოლუციური ცვლილება უნდა და ამაზე აქვთ აგებული პოლიტიკური პიარი და ქმედებები. არადა, ხალხს ახლა სწყურია სტაბილური განვითარება და არა ცვლილებები“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის („GORBI“-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხული მოსახლეობის 55% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 12% - „ნაციონალურ მოძრაობას“", 6% - „პატრიოტთა ალიანს“, 4%-4% - „ლეიბორისტულ პარტიას“ და მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, 3% - „ევროპულ საქართველოს“, 1% - დემოკრატიული მოძრაობა „ერთიან საქართველოს“.

 

კომპანია „GORBI“-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.

 

მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner