logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი „ცხინვალი-1920“-ს შესახებ: ფილმი რუსულ-ოსური დეზინფორმაციის პასუხი იქნება
- +

4 აგვისტო. 2020. 16:19

 

 

ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქართველ ისტორიკოს-მკვლევართა ჯგუფის მიერ ახალი დოკუმენტური ფილმის გადაღებების შესახებ წერს. „ცხინვალი-1920“ - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც რუსულ-ოსური ბრალდებებისა და დეზინფორმაციის პასუხი იქნება. ხოსიტაშვილი სტატუსში აღწერს, რომ ფილმი სწორედ 1920 წლის რეალურ მოვლენებს, ბოლშევიკების მიერ მოწყობილ პროვოკაციას, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის რეალურ მოვლენებს ასახავს და ის უნიკალურ საარქივო მასალებს ეყრდნობა.

 

„ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ და ხშირად სათანადოდ ვერ ვხედავთ, ვერ ვაფასებთ.

 

დღეს მინდა ერთ პროექტზე მოგითხროთ, რომელზეც მუშაობაც ახლახან დაიწყო. საუბარია ფილმზე, რომელიც 1920 წლის რეალურ მოვლენებს, ბოლშევიკების მიერ მოწყობილ პროვოკაციას, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის რეალურ მოვლენებს ასახავს. დიახ, კრემლმა ჰიბრიდული ომი ჩვენს წინააღმდეგ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო, უბრალოდ მაშინ ამას სხვა სახელი ერქვა.

 

რუსულ-ოსური ნარატივი ასეთია: ცდილობენ, ისტორიული ფაქტების დამახინჯებით, ბოლშევიკური აჯანყება ისე წარმოაჩინონ, თითქოს ქართველებმა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ოსებს გენოციდი მოვუწყვეთ. ამ მიმართულებით მთელი პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს - ბეჭდავენ წიგნებს, წერენ პოემებს, დგამენ სპექტაკლებს, იღებენ ფილმებს, ამზადებენ გადაცემებს...

 

ქართველ ისტორიკოს-მკვლევართა ჯგუფის (მიხეილ ბასილაძე, დიმიტრი სილაქაძე, დავით ბრაგვაძე და დავით ხვადაგიანი) მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი კი სწორედ რუსულ-ოსური ბრალდებებისა და დეზინფორმაციის პასუხი იქნება.

 

ეს ადამიანები ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს მოეჭიდნენ და მჯერა, მათი შრომა უკვალოდ არ ჩაივლის...

 

როგორც ვიცი, ფილმის გადაღებები შემოდგომით დასრულდება და მეც დიდი ინტერესით ველოდები.

 

ვფიქრობ, აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ მაქსიმალურად, ყველამ გავიაზროთ ის მძიმე პროცესები, რასთანაც გვაქვს საქმე - ნამდვილად არსებობს რუსეთის მხრიდან, ქართველების მიერ ოსებზე განხორციელებული გენოციდის აღიარების საფრთხე და ეს, პირველ რიგში, ნეგატიურად ჩვენი ქვეყნის იმიჯზე აისახება!

არ მგონია, რომ დღეს რომელიმე შიდა პოლიტიკური პროცესი ამაზე მნიშვნელოვანი იყოს!

 

იმედი მაქვს, ფილმზე მომუშავე ქართველ მკვლევართა ჯგუფსაც არაერთი გულშემატკივარი გაუჩნდება და ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი მცირედი ჩართულობით ხელი უნდა შევუწყოთ სიმართლის ტირაჟირებას... მინიმუმ, გავამხნევოთ ქართველი მკვლევარები, რომლებმაც ასეთი პატრიოტული საქმე ითავეს.

 

ჩემი პოსტიც ამას ემსახურება!“ - წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ქეთი ხოსიტაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner