logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: 12 წლისთავზე ცხადია, სახეზეა და უდავოა მხოლოდ რუსეთის აგრესია და ოკუპაცია
- +

8 აგვისტო. 2020. 23:27

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„აგვისტოს ამ დღეებში ალბათ დუმილი სჯობს, დუმილი, ფიქრები, გახსენება, პატივის მიგება...

 

12 წლისთავზე ცხადია, სახეზეა და უდავოა მხოლოდ რუსეთის აგრესია და ოკუპაცია. ნათელია და ცხადია ჩვენი ჯარისკაცების გმირობა, თავდადება და თავგანწირულობა.

 

თუმცა არსებობს უამრავი გასარკვევი, ბურუსით მოცული საკითხი. ყოველწლიურად ვხდებით ახალ-ახალი მემუარების, ინტერვიუების მომსწრე. მუდმივად ხდება აგვისტოს ომის თემის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის. განსაკუთრებით ამით დაკავებულია ის პოლიტიკური პირები, რომელთა მიმართ არსებობს კითხვები. ბევრი კითხვა იბადება მაშინდელი უცხოელი მაღალჩინოსნების განცხადებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ მომავალი პარლამენტი მაინც დაუბრუნდეს ამ ომის შესწავლას, რათა დასრულდეს ეს სპეკულაციები და სამომავლოდ ვკონცეტრირდეთ დეოკუპაციაზე. ისიც კი სასპეკულაციო გაგვიხდა, 7 აგვისტოს აღვნიშნოთ ეს ტრაგიკული მოვლენა, თუ 8-ში. 2013 წლამდე 8-ში აღნიშნავდნენ, ახლა მიდგომები შეცვალეს.

 

ასევე, ჩვენი საფიქრალი უნდა იყოს დევნილთა სოციალური უზუნველყოფა, ჩვენს ჯარისკაცებზე, დაღუპული გმირების ოჯახებზერუნვა. ამ კუთხით ბევრი გაკეთდა და შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს. ამ საკითხშიც ერთობა უნდა იყოს და ოპოზიციური პარტიები ნებისმიერი მოქმედი მთავრობის გვერდით უნდა იდგნენ.

მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, თუმცა მშვიდობის შესანარჩუნებლად საჭიროა ძლიერი ჯარი, ძლიერი უსაფრთხოების სისტემა და, ერთიანი იდეით შეპყრობილი, ძლიერი საზოგადოება.

ჩრდილოელმა მეზობელმა კი უნდა იცოდეს, რომ საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, არასდროს შეეგუება ოკუპაციას.

დიდება ჩვენს ცოცხალ და დაღუპულ გმირებს!“

right_banner
არქივი
right_banner