logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ადამიანებისთვის, რომლებმაც სტრასბურგის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენეს, მსოფლიო ბანკის ანგარიშის ეჭვქვეშ დაყენება პრობლემას არ წარმოადგენს
- +

2 ოქტომბერი. 2019. 19:53

 

„მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები და ზოგადად მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, ბუნებრივია, ყველაზე ნათლად ასახავს იმ პროცესებს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, რეიტინგებში წინ წაწევა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური რეფორმების შედეგია.

 

„ზოგადად, ანგარიშებში და რეიტინგებში წინ წაწევა, რეიტინგის გაუმჯობესება, ბუნებრივია, უკავშირდება იმ პროცესებს, რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ხდება. მხედველობაში მაქვს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური რეფორმები – მათ შორის ხელისუფლების დამოკიდებულება მმართველობის მიმართ. შესაბამისად, ამ და სხვა კომპლექსურმა ფაქტორებმა გამოიწვია საქართველოს რეიტინგის გაზრდა ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ, როგორიც არის მსოფლიო ბანკი.

 

თავის მხრივ, აუცილებლად ხაზგასასმელია ის, რომ მსოფლიო ბანკი ეყრდნობა არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსს ან საქართველოში არსებული რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების კვლევებს. ამიტომ, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები და ზოგადად მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, ბუნებრივია, ყველაზე ნათლად ასახავს იმ პროცესებს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. გარდა ამისა ძალიან მნიშნელოვანია , რომ ეს კვლევები პირდაპირ აისახება და აუმჯობესებს საქართველოს სტატუსს, დამოკიდებულებას უცხოელი ინვესტორების მხრიდან თუ ზოგადად უცხოელების მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას.

 

ნებისმიერი რეიტინგი მითუმეტეს ასეთი ტიპის რეიტინგები, რომელსაც აქვეყნებს მსოფლიო ბანკი, საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რომ მაქსიმალურად უნდა გავაუმჯობესოთ საქართველოს პოზიციონირება, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებში თუ სხვადასხვა ტიპის რეიტინგებში.

 

ჩვენ გვახსოვს სხვა რეიტინგები, სადაც საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები, იგივე საინვესტიციო რეიტინგი, საინვესტიციო კომპანიების სარეიტინგო პოზიციები, მათ შორის , „ფიჩი“ და ასე შემდეგ და ბუნებრივია მსოფლიო ბანკიც ეყრდნობა ამ და სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს და შესაბამისად ეს არის ის, ძირითადი ფაქტორები, რის გამოც ჩვენ გავაუმჯობესეთ საკუთარი პოზიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“, - განაცხადა გვიდიანმა.

 

ანდრია გვიდიანმა აღნიშნა, რომ არსებობს ისეთი კვლევებიც, რომელიც საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეყრდნობა და პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

 

„ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ არსებობს რაღაც კვლევები და რეიტინგები, რომლებიც ეყრდნობა საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი, რასაც ვერ ვიტყვით მსოფლიო ბანკის შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც მსოფლიო ბანკი ეყრდნობა საერთაშორისო ორგანიზაციებს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

 

მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდან არასერიოზული შეფასებებია. ხშირ შემთხვევაში მათი მხრიდან ხდება არაკონსტრუქციულ რეჟიმში ოპონირება, მსოფლიო ბანკის რეიტინგების და ანგარიშების ეჭვქვეშ დაყენება არის ერთერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს ადამიანები, პოლიტიკურად ანგაჟირებული არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საკუთრივ პოლიტიკური პარტიები, აკეთებენ არაკონსტრუქციულად ოპონირებენ. შესაბამისად, სერიოზულად ვერც განვიხილავ ამ რეიტინგების და ამ შეფასებების ეჭვქვეშ დაყენებას.

 

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რაღაც კვლევები, რომელსაც ოპოზიცია იყენებს ხოლმე ფარად და ამ კვლევებს აფრიალებენ, რომლებიც ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით და ბუნებრივია, როდესაც პირუთვნელი კვლევა ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ და იქ არის ისეთი ფაქტორები გამოყვანილი, რომლებიც მათ ინტერესში არ შედის, მათ პოლიტიკურ ინტერესებში არ შედის, ამ დროს ისინი ეჭვქვეშ აყენებენ მთლიანად მსოფლიო ბანკის შეფასებებს თუ იმ რეიტინგებს, რომლებსაც აქვეყნებს ყველაზე მასშტაბური ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია ისეთი, როგორიც არის მსოფლიო ბანკი.

 

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშების ეჭვქვეშ დაყენება რომ გვერდზე გადავდოთ, ამ ადამიანებმა სტრასბურგის გადაწყვეტილება დააყენეს ეჭვქვეშ და ეხლა მსოფლიო ბანკის ანგარიშის დაყენება ეჭვქვეშ მათთვის პრობლემა ბუნებრივია არ წარმოადგენს.

 

ჩემთვის ყველა პარამეტრი მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, მაგრამ კორუფციის აღქმის ინდექსი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელიც ამ კვლევის შედეგად გამოქვეყნდა. კორუფციის ინდექსის გაზრდა და დაწინაურება ამ ინდექსის თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის სიგნალი ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რეფორმები როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმდინარეობს საკმაოდ წარმატებულად.

 

შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები დავდეთ და ზოგადად ამ კვლევის ნარატივში ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ნაწილი. გარდა ამისა, იქ არის საუბარი საჯარო მმართველობის ეფექტიანობაზე, რეგულირების ეფექტურობაზე და ა.შ.

 

მოგეხსენებათ, რომ რეგულაციების შემოღების პროცესში „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო რეგულირების გავლენის ეფექტურობის გამოქვეყნება, ე.წ. რიების გამოქვეყნება, რომელიც ზრდის რეგულირების ეფექტიანობას. ეს იყო მათ შორის ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა რეგულირების ზემოქმედების შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ შემოღებულიყო რეგულირება, ბუნებრივია, ეს აუმჯობესებს რეგულაციის ხარისხს და იმპლემენტაციის შედეგს,“ - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

 

მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის მიხედვით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით საქართველო კიდევ უფრო დაწინაურდა და ისტორიულად საუკეთესო შედეგი აჩვენა.

 

კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრ 186 სახელმწიფოს 6 ძირითადი მიმართულებით აფასებს, საიდანაც საქართველომ სამი ინდიკატორით ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აჩვენა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner