logo_geo
eng_logo
„მტკიცე სული“-ის წვრთნა ხაზს უსვამს, რომ აშშ, NATO და NATO-ს პარტნიორი ქვეყნები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას უჭერენ მხარს“
- +

9 აგვისტო. 2019. 22:12

 

„ამ წვრთნას აქვს სამხედრო პოლიტიკური მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები, NATO, NATO-ს პარტნიორი ქვეყნები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესში და ამასთანავე ამას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა და ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი სამხედროები, ჩვენს პარტნიორი ქვეყნების სამხედროებთან ერთად იმაღლებენ პროფესიონალიზმს და აძლიერებენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათ სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში და საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებაში სჭირდებათ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების „მტკიცე სული“-ს დახურვის ცერემონიის დასრულების შემდეგ.

 

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019, რომელსაც საქართველო წელს მეცხრედ მასპინძლობს, საჩვენებელი წვრთნებით ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა.

 

საჩვენებელი წვრთნის შემდეგ Agile Spirit 2019-ში მონაწილე პირად შემადგენლობას მრავალეროვნული წვრთნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს და სიტყვით მიმართეს  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუთმა. მოგვიანებით კი, სწავლებაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

 

მრავალეროვნული სწავლება „Agie Spirit 2019” საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის და აშშ-ის  ევროპის სარდლობებმა ჩაატარეს. სამხედრო წვრთნების სცენარი  სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს ითვალისწინებდა. სწავლებაში მონაწილეობა NATO-ს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო, მათ შორის - საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

 

სწავლების მიზანი საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება იყო.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner