logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: დღეს უფრო მეტ ადამიანს ვხვდებით ორმაგი კულტურული კუთვნილებით
- +

5 სექტემბერი. 2019. 10:25

 

 

„დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს ვხვდებით ორმაგი კულტურული კუთვნილებით, თუკი ამ ორმაგ კუთვნილებას ბოლომდე გამოიყენებთ, ის ნამდვილი უპირატესობაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ფიგაროს“ ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი დამკვირვებელი და სპეციალისტი გვარწმუნებს, რომ ქართული საზოგადოება დიდხანს რჩებოდა კონსერვატორად, ქალები შინ რჩებოდნენ, მამაკაცები გარეთ იყვნენ. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს სტერეოტიპული აზრია.

 

„ქალებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ საქართველო ქრისტიანულ რელიგიაზე ქალმა მოაქცია. შემდეგ, ქართული რენესანსის პერიოდსა და ოქროს ხანაში ქვეყანას მართავდა ქალი, რომელსაც „მეფეს“ ეძახდნენ. ამ ყველაფერმა თავისი ზეგავლენა მოახდინა ქალებისა და მამაკაცების ურთიერთობაზე. საბჭოთა პერიოდში ყველა მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქალთა როლი კიდევ უფრო გაძლიერდა. ქალებმა ხელში აიღეს ქვეყნის ბედი და, ინდუსტრიული ქსოვილის რღვევის პირობებში, რეალობას მოერგნენ. საქართველო მაშინ გზააბნეული იყო, მძლავრი ეკონომიკის გარეშე, იმ სამყაროს პირისპირ, რომლის კარიც ახლა იწყებდა გაღებას. რაც შეეხება მამაკაცებს, მათ უწინ ქვეყნის დაცვის მისია ჰქონდათ და მათაც დაიწყეს თავიანთი ადგილის დაბრუნების მცდელობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

„ფიგაროს“ ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს ოჯახური ძალადობა, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ახალი ფენომენია და მისი აზრით, მამაკაცების რანგის დაკარგვასთან არის დაკავშირებული.

 

„ამაზე მეტყველებს ქართული ეკონომიკური ემიგრაციაც: ემიგრაციაში ძირითადად ქალბატონები მიდიან და თავიანთ ხელფასს უგზავნიან მამაკაცებს, რომლებიც ადგილზე დარჩნენ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

„ფიგაროს“ ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ ხდება ისე, რომ საქართველოში პოლიტიკა რჩება სფეროდ, სადაც ქალების ნაკლებობაა.

 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს მართლაც ასეა და პარლამენტში ქალების რაოდენობა შთამბეჭდავი არ არის.

 

„მხოლოდ დეპუტატების დაახლოებით 15 პროცენტია ქალი. თუმცა, მე კვოტების წინააღმდეგი ვარ, რაც ძალიან ცუდად აღიქვეს ჩემმა ქალბატონმა კოლეგებმა. ჩემი აზრით, პარლამენტში ქალების ნაკლებობა იმ ფაქტით უფრო აიხსნება, რომ პოლიტიკა ჯერჯერობით მიმზიდველი სფერო ქალებისთვის არ არის. ქართველი ქალისთვის კარგი ექიმობა, საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობა ან იურისტობა უფრო მიმზიდველია, ვიდრე პოლიტიკაში ბრძოლა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობას მაინც ჰყავს ხუთი ქალი მინისტრი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

„ფიგაროს“ ჟურნალისტის კითხვაზე, პირადად სალომე ზურაბიშვილს დიპლომატის კარიერასა და პოლიტიკაში რამდენად უშლის ხელს ის, რომ ქალია, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტს მისთვის ხელი არასოდეს შეუშლია.

 

„პირიქით, ეს უპირატესობა უფრო იყო. როცა საფრანგეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი, ფეხმძიმედ ვიყავი და არც გათხოვილი ვყოფილვარ. ამას არანაირი პრობლემა არ წარმოუქმნია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

„ფიგაროს“ ჟურნალისტის თქმით, სულ უფრო თვალნათლივ ჩანს, რომ ფეხმძიმობის ნებაყოფლობითი შეწყვეტის უფლება მსოფლიოში უფრო და უფრო ნაკლებადაა დაცული. ჟურნალისტი დაინტერესდა, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, სადაც ეკლესია საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდ როლს იკავებს.

 

„საბჭოთა პერიოდში აბორტი ნებადართული იყო. ახლა უკვე მრავალი წელია, მკვიდრდება თვითშეზღუდვები, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ ეკლესია ძალიან აქტიურ პოლიტიკას ეწევა აბორტის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, საკითხის დემოგრაფიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. პატრიარქმა გამოაცხადა, რომ ის რეგულარულად, პირადად მონათლავდა ყოველი ოჯახის მესამე შვილს და ეს ადამიანებს საკუთარი ოჯახების გამრავლებისკენ უბიძგებს. ბავშვების გაჩენა აღიქმება, როგორც პატრიოტული ქმედება, საშუალება, რომელიც თავიდან აგვარიდებს საქართველოს მსოფლიო რუკებიდან გაქრობას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

„ფიგაროს“ ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს საყვედურობენ საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნის გამო, რომელიც ცნობილი ადვოკატია და იცავს იმ მამაკაცებს, რომლებსაც ბრალი ედებათ სექსუალურ შევიწროებაში.

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საკუთარ პოზიციას გაბუნიას ამ პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ამართლებს.

 

„ადვოკატის ვალია ყველას დაცვა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომელთა დაცვაც შეუძლებელია. ამასთანავე, მე, რასაკვირველია, ძალიან ფხიზლად ვარ, როდესაც საქმე ეხება ჩემი გუნდის მომავალი წევრების შერჩევას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

„ფიგაროს“ ჟურნალისტი დაინტერესდა, რა გზავნილის გაჟღერება უნდოდა სალომე ზურაბიშვილს 2006 წელს დაწერილი წიგნით „მე ვარ ქალი ორი ქვეყნისათვის“.

 

„მინდოდა, ადამიანებისთვის მეთქვა, რამდენად შესაძლებელი იყო ერთსა და იმავე დროს ვყოფილიყავი ფრანგიც და ქართველიც, ისე, რომ ეს არ ყოფილიყო დაბრკოლება. დღეს სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ვხვდებით ორმაგი კულტურული კუთვნილებით. თუკი ამ ორმაგ კუთვნილებას ბოლომდე გამოიყენებთ, ის ნამდვილი უპირატესობაა. რასაკვირველია, იმ პირობით, რომ ამას გააცნობიერებთ და აღიარებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი რომ გამხდარიყო, სალომე ზურაბიშვილი იძულებული გახდა, უარი ეთქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პასპორტის დათმობა მისთვის ძალიან რთული იყო.

 

„თუმცა, მე არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი უარს იმ სიყვარულზე, რომელიც მაკავშირებს საფრანგეთთან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner