logo_geo
eng_logo
იუსტიციის სამინისტრო რამდენიმე კვირაში გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის შესახებ ცვლილებათა პაკეტს წარადგენს
- +

5 სექტემბერი. 2019. 10:43

 

 

„საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით იუსტიციის სამინისტრო  მნიშვნელოვანი რეფორმების არაერთ პაკეტს წარადგენს“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, პირობითად, აღნიშნული რეფორმები  ორ ნაწილად იყოფა.

 

„პირველი ნაწილი არის მიმართული საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისკენ საქართველოში და საბოლოო ჯამში, ეკონომიკის გაძლიერებისაკენ. მეორე არის ადამიანის უფლებების დაცვის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აყვანის მიზნის შესრულებისაკენ. პირველ რიგში, თქვენს წინაშე, უკვე რამდენიმე კვირაში იქნება წარმოდგენილი გადახდისუუნარობის სისტემის ძირეული რეფორმის შესახებ ცვლილებათა პაკეტი. კანონს ერქმევა „საქართველოს კანონი რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

 

წულუკიანმა განმარტა, რომ აღნიშნული რეფორმა შეეხება და აქცენტს გააკეთებს რეაბილიტაციაზე და არა გაკოტრებაზე, როგორც აქამდე იყო.

 

„ჩვენ ძალიან საინტერესო საჯარო კონსულტაციები გვქონდა დაინტერესებულ პირებთან, ბიზნესმენთა ჯგუფებთან და ყველა დიდი მოლოდინით არის განწყობილი ამ კანონისადმი. გვქონდა ერთი საკითხი, რომელიც იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების გადასაჭრელი იყო. ეს საკითხიც არის გადაჭრილი ბიზნესის ინტერესის სასარგებლოდ და ეს რეფორმა გამოვა თქვენს წინაშე ძალიან მალე“,  – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ამასთან, მისი თქმით, შეიქმნება ფიზიკურ პირთა გადახდისუუნარობის სისტემა.

 

„ასევე ჩვენ შევქმნით საქართველოში, რაც აქამდე არ არსებულა, ფიზიკური პირების გადახდისუუნარობის სისტემას. ეს არ იქნება ამავე პაკეტის ნაწილი, მაგრამ მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი. მინდოდა დღეიდანვე გცოდნოდათ, მთავრობის პროგრამაშიც ასახულია. ე ს არის ძალიან დიდი სიახლე“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

თეა წულუკიანს ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში უსმენენ. დღესვე კომიტეტებზე დაგეგმილია შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურის, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ ქეთევან ციხელაშვილის მოსმენა.

 

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საკომიტეტო მოსმენებს არც დღეს ესწრებიან.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner