logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: ვგეგმავთ ერთობლივი ოპერაციების ცენტრისა და 112-ის გაერთიანებას
- +

5 სექტემბერი. 2019. 11:25

 

 

 

„სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

 

„5000-მდე კამერა ჩაირთვება უახლოეს დროში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, კრიმინალთან ბრძოლისთვის, საქმის გახსნის შემთხვევაში დაგვეხმარება ძალიან დაგვეხმარება და პრევენციისთვის, და ვეცდებით რომ  შემდეგ კიდევ გავაგრძელოთ ყველა ქალაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით. 5000 კამერიდან თითქმის 40% არის „ჭკვიანი“ კამერები, რომელიც აფიქსირებს ნომერს, სახეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სერიოზული პროექტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის.

 

მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება საპოლიციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია.

 

მშენებლობის პროცესი გაგრძელდება 2020 წლისთვის. კერძოდ, დასრულდება ბინათმშენებლობის პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ქუთაისში, თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბათუმში.

 

დასრულდება პოლიციის შენობების მშენებლობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიბახევში, წალენჯიხასა და მესტიაში. 

 

მშენებლობის გაგრძელება დაგეგმილია 2021 წლისთვისაც, ამ დროისთვის გეგმით გათვალისწინებულია  2 პოლიციის შენობის მშენებლობა ომალოსა და გურჯაანში.

 

ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ ერთობლივი ოპერაციების ცენტრისა და 112-ის გაერთიანებას. ინციდენტებზე რეაგირების ხარისხის გაზრდისთვის ასევე იგეგმება, ინიციატორთან უკუკავშირის სისტემის შექმნა, რომლის საშუალებითაც განხორციელდება საპოლიციო მომსახურების პროცესისა და ხარისხის შეფასება.

 

სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტების შექმნა, რომელთა საშუალებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საპოლიციო მომსახურების ხელმისაწვდომობა და რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

დაინერგება ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა, რომლის საშუალებითაც, პირი რომელიც ფლობს მომხადარი ან დაგეგმილი დანაშაულის შესახებ რაიმე ტიპის ოპერატიულად საინტერესო ინფორმაციას, ინტერნეტის გამოყენებით, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე მიაწვდის ამ ინფორმაციას შესაბამის დანაყოფებს. აღნიშნული განხორციელდება პირის ანონიმურობის სრული დაცვით. ეს ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და გააღრმავებს პოლიციასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ხარისხს.  ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ რომ უჭირს ადამიანებს თანამშრომლობა იქედან გამომდინარე, რომ მერე უწევს მოწმის სახით სასამართლოში სიარული, პროკურატურაში სიარული და ამას არიდებენ თავს, თუმცა ამ შემთხვევაში აღარ მოუწევთ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება მოწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე უსაფრთხოების სამსახურში და სხვა ძალოვან უწყებებში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner