logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: მოტყუებით სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდება უპასუხისმგებლო საქციელია
- +

5 სექტემბერი. 2019. 14:24

 

„წვევამდელთა ვალდებულება და ქვეყნის წინაშე სამხედრო სამსახური ადეკვატური და პროპორციული უნდა იყოს ახალგაზრდების ცხოვრებისეულ ინტერესებთან, რომელიც ასევე ქვეყანას უკავშირდება,“ - ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ძალოვანი მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა.

 

სესიაშვილის თქმით, მათ ახალგაზრდების კარიერული ინტერესებიც უნდა გაითვალისწინონ, მაგრამ ამავდროულად უნდა შექმნან ის სისტემა, რომელიც თავდაცვის ინტერესებს გააძლიერებს.

 

მისი თქმით, მოტყუებით სავალდებულო სამსაურისგან თავის არიდება უპასუხისმგებლო საქციელია, თუმცა, ამავდროულად, საჭიროა არსებული პრობლემებისა და გამოწვევის რეალური შეფასება.

 

„თავისთავად ცხადია, არაკეთილსინდისიერად, მოტყუებით სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდება უპასუხისმგებლო საქციელია, თუმცა, მეორე მხრივ, პრობლემას და გამოწვევას თვალებში უნდა შევხედოთ. ასევე, უნდა მოვუსმინოთ საზოგადოების გარკვეულ წუხილებს. ჩვენ ამ პრობლემას, როგორც ერთჯერად გამოწვევას, არ უნდა შევხედოთ. სამხედრო სავალდებულო სამსახური, ეს არის კომპლექსური საკითხი და არ ეხება მხოლოდ თავდაცვის სისტემას, ეს ეხება სხვა უწყებებსაც. ამიტომ ჩვენ ამას კომპლექსურად უნდა მივუდგეთ და ზოგიერთ თავხედ პოლიტიკოსსა და ექსპერტს ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ. ჩვენ დრო უნდა დავუთმოთ რეფორმას. მე ვეთანხმები ქალბატონ თეა წულუკიანს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში წვევამდელთა არსებობა კატეგორიულად მიუღებელია და ამ საკითხზე სერიოზულად უნდა ვიმუშავოთ. ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეში რამდენჯერმე გავიარეთ საკითხი, რომელიც გაწვევის კომპლექსურ რეფორმას ეხება და ვჯერდებით, რომ საერთო მიზანი გახლავთ შემდეგი: თითოეული ჩვენი მოქალაქე უნდა ემსახეურებოდეს ქვეყანას, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ახალგაზრდების, წვევამდელების ინტერესები და მათი ცხოვრების პერსპექტივები,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner