logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე „გახარიას წერილზე“: თუ არსებობს დამატებითი მტკიცებულებები, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში უნდა წარადგინოს
- +

9 სექტემბერი. 2019. 20:20

 

 

„სახელმწიფოს და მათ ინტერესებში შედის ის, რომ საქმე დროულად ამოიწუროს და კითხვებზე, რომლებიც არსებობს, პასუხები გაეცეს“, - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ექსპერტიზამ სერიოზული შედეგები დადო.

 

„რაც მთავარია „თიბისი“, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული საფინანსო ინსტიტუტი ქვეყანაში, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ის იმ კანონმდებლობით და საერთო პირობებით სარგებლობს, რომლითაც სხვა კერძო ბანკები საქართველოში. შესაბამისად, არავითარი საფრთხე „თიბისი ბანკის“ წარმატებას და მომავალ ფუნქციონირებას არ ემუქრება.

 

რაც შეეხება ხაზარაძეს და მის დავას, ამასთან დაკავშირებით მე პოლიტიკურ კომენტარს არ გავაკეთებ, ვინაიდან ეს არის გამოძიების და მართლმსაჯულების ინსტიტუტების საქმე. მოდით, მივცეთ საშუალება მართლმსაჯულების სისტემას, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. რაც მთავარია, როგორც ჩვენ, სახელმწიფოს, ასევე მათ ინტერესებში შედის ის, რომ ეს საქმე დროულად ამოიწუროს და კითხვები, რომელიც არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხები გაეცეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, წერილთან დაკავშირებით, თუ არსებობს ექსპერტიზის შედეგები, ან დამატებითი მტკიცებულებები, მხარემ უნდა წარადგინოს სასამართლოში.

 

ცნობისთვის, დღეს ბიზნესმენმა, „თიბისის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც მას გიორგი გახარიამ მისწერა, ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგით დასრულდა.

 

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით კი მუქარის წერილზე, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მას გიორგი გახარიამ გაუგზავნა, ექსპერტიზის შუალედური შედეგი გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner