logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენთვის მისაღებია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში, ამიტომ...
- +

11 სექტემბერი. 2019. 13:08

 

 

„კონფერენციაზე გუშინ გამართული დისკუსია არ ნიშნავს NATO-ს პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს მიმართ ან საქართველოს პოლიტიკის შეცვლას NATO-ს მიმართ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

 

„გუშინდელი შემთხვევა იყო დისკუსია, სადაც კონფერენციაში მონაწილე არა ოფიციალური წარმომადგენლები, არამედ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამ პროცესის სერიოზული ცოდნა და გამოცდილება, ​განიხილავდნენ სხვადასხვა შესაძლებლობას გულშემატკივრების პოზიციიდან, თუ საქართველო როგორ შეიძლება უფრო მიუახლოვდეს NATO-ს წევრობას და როგორ გახდეს რეალისტური იმ პირობებში, რომ გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული და ვართ მუდმივად ამ ოკუპაციისა და წნეხის ქვეშ. ამ კუთხით იყო დისკუსია და არ ვფიქრობ, რომ ეს იმსახურებდა ასეთ ვნებათაღელვას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

მისივე თქმით, გუშინდელი დისკუსია არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს NATO-ს პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს მიმართ ან საქართველოს პოლიტიკის შეცვლას NATO-ს მიმართ.

 

„საქართველოს პოლიტიკა და ამოცანა არის, გახდეს NATO-ს წევრი საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებში და ფარგლებში მთლიანად, სრულად, ანუ მთლიანად ჩვენი ტერიტორიით და NATO-ს სურვილიც არის ეს, მას შემდგომ, რაც გარკვეული წინაღობები დაიძლევა. ეს წინაღობები როგორ დაიძლევა და რანაირად, ეს უკვე არის გლობალური პოლიტიკის, საქართველოს მუშაობის, NATO-ს მუშაობისა და ასე შემდეგ საკითხი“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

მისივე თქმით, NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის გუშინდელი განცხადება არ არის NATO-ს ოფიციალური შემოთავაზება.

 

„ეს არ ყოფილა NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი. მან აზრი შესთავაზა საქართველოს სამსჯელოდ, მეტი არაფერი. დამშვიდდით, დაწყნარდით, საზოგადოებას არ სჭირდება ამაზე ღელვა და ნერვიულობა. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა NATO-სთან თავსებადობა გვქონდეს მაღალი, ვიდრე ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც ჩვენზე წინ არის პოლიტიკურ მოლაპარაკებებში წასული და ამას აღიარებს ყველა, NATO-ც და საერთაშორისო პარტნიორებიც. ჩვენთვის მისაღები არის, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში, ამიტომ სპეკულაციები და კუდის მობმები ამ თემაზე არის სრულიად ზედმეტი და ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner