logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: ცოტა გაურკვეველი იყო, რას ეძღვნებოდა ზვიად კორძაძის პრესკონფერენცია
- +

11 სექტემბერი. 2019. 20:04

 

 

„ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რაღაც თითის ანაბეჭდები იქნებოდა კონკრეტულ ფურცელზე, მაგრამ ვის ეკუთვნის ეს თითის ანაბეჭდები, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის პრესკონფერენციაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

„ცოტა გაურკვეველი იყო, ეს პრესკონფერენცია რას ეძღვნებოდა. გასაგებია, რომ თითის ანაბეჭდები იქნებოდა ფურცელზე. ამაზე, სიმართლე გითხრათ, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რაღაც თითის ანაბეჭდები იქნებოდა კონკრეტულ ფურცელზე, მაგრამ ვის ეკუთვნის ეს თითის ანაბეჭდები, ეს ბუნებრივია ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. გადასცემენ ალბათ ამ ფურცელს ექსპერტიზას, იქ გადაამოწმებს ექსპერტიზა, ვის ეკუთვნის კონკრეტულად ეს თითის ანაბეჭდები. მანამდე ყოველგვარი საუბარი კონკრეტული პირების ბრალეულობაზე არის აბსურდი და სიმართლე გითხრათ, ცოტა არასერიოზული“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად ობიექტურად ჩატარდება გამოძიება, სოფო კილაძემ განაცხადა, რომ ამ საქმეში ყველაზე ადვილი გამოსარკვევია, ვის ეკუთვნის კონკრეტული თითის ანაბეჭდი, რადგან ძალიან ადვილად გადამოწმებადია.

 

„მათაც შეუძლიათ, გააკეთონ, ნებისმიერი ექსპერტიზა შეიძლება, გააკეთონ. აქედან გამომდინარე, სიმართლე გითხრათ, ცოტა უცნაურია, რაზე არის მთელი ეს აჟიოტაჟი ატეხილი. ანუ მესმის, რომ გარკვეულ შემთხვევებში გამოძიება გაიწელა და ვისურვებდი, რომ უფრო მოკლე ვადებში დასრულებულიყო კონკრეტულ საქმეზე გამოძიება, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად ძალიან მარტივად არის საქმე – ან ეკუთვნის კონკრეტულ პირს თითის ანაბეჭდი ან არა. ეს ხომ არ არის ახალი აღმოჩენა, რომ ადამიანებს თითის ანაბეჭდები აქვთ. ცოტა გაუგებარია, რას ემსახურება ეს აჟიოტაჟი“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

 

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა პროკურატურის მოქმედება და ბრალის წარდგენა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურად გააქტიურებას, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ადამიანები პოლიტიკას ხშირად ფარად იყენებენ.

 

„ძალიან მოდაში არის შემოსული სამწუხაროდ, პოლიტიკას ადამიანები იყენებენ ფარად. მარტივად არის ძალიან საქმე. არის ანაბეჭდები და ამ ანაბეჭდების ადრესატებიც ძალიან ადვილი დასადგენია. აქედან გამომდინარე, სად არის პრობლემა, მართლა ვერ ვხვდებით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.

 

საუბარია წერილზე, რომელზეც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ხაზარაძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner