logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ნულოვანი ბარიერი წარმოაჩენს, ვის რა წონა აქვს პოლიტიკურ ასპარეზზე
- +

14 სექტემბერი. 2019. 18:32

 

საკონსტიტუციო ცვლილებებზე დღეს რუსთავში იმსჯელეს. საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში მმართველი გუნდის ინიციატივა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით რუსთავის დრამატულ თეატრში შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააცნო. პოზიციები დააფიქსირეს უმრავლესობის, ოპოზიციის, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა.

 

„დღეს საქართველოს აქვს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას და იძლევა უფრო მყარ გარანტიებს ადამიანის უფლებების დასაცავად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, წინა ხელისუფლებამ არაერთხელ შეცვალა კონსტიტუცია და მოარგო თავის საჭიროებებს, თუმცა დღევანდელი კონსტიტუცია ქვეყნის ინტერესებზეა მორგებული.

 

„მიმდინარეობს კამათი იმაზე, უნდა იყოს თუ არა ნულოვანი ბარიერი. უნდა იყოს, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურმა პარტიებმაც და მოსახლეობამაც უნდა დაინახონ, ვის რა წონა აქვს პოლიტიკურ ასპარეზზე. უნდა დაინახონ, რომ ბლოკის ფარგლებში რომელიმე პარტიაზე მიწებება არ არის სწორი, ვინაიდან თუ 13 000 ხმას ვერ აგროვებ, არ უნდა გქონდეს იმის პრეტენზია, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.

 

უკვე მეორე დღეა, რუსთავში გამართულ შეხვედრებს არ ესწრებიან „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში ხვალ შეხვედრა ახალციხეში გაიმართება.

 

პარლამენტმა საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო განხილვები გუშინ დაიწყო. პირველი შეხვედრა თელავში გაიმართა.

 

2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით და ერთჯერადად ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ინიციატივა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და მას მხარს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია უჭერს. უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 5 აგვისტოს წარადგინა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner