logo_geo
eng_logo
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრული ვალდებულების გადავადებას დაუჭირა მხარი
- +

7 ნოემბერი. 2019. 15:03

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა, რამდენიმე კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელეს.

 

კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“  კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. სხდომაზე იგი პრინციპების დონეზე ერთ-ერთმა მომხსენებელმა - გოგი მეშველიანმა გამოიტანა და კოლეგებს მისი მიღების მიზეზებსა და მიზნებზე ესაუბრა.

 

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი ზოგადად კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულებების გადავადებას ეხება და კანონპროექტი გამარტივებული წესით იხილება. კანონპროექტის არსი ისაა, რომ გარკვეული ვალდებულებები 2020 წლის 1 იანვრის ნაცვლად გადავადდება 2025 წლის 1 იანვრამდე, ვინაიდან გაირკვა, რომ ჩვენი მეწარმეები ფაქტობრივად მზად არ არიან ამ ვალდებულებების შესასრულებლად.

 

ამგვარად, კანონპროექტის მიღებით იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წელიწადში წარმოიქმნება 2 ტონაზე ნაკლები არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა; მაგ: საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობა, სავაჭრო ობიექტების ტერიტორიებზე არსებული სხვადასხვა დანიშნულების სახელოსნოების საქმიანობა, ხე-ტყის პირველადი დამუშავების სახერხი ობიექტების, ასევე, სადურგლო საქმიანობა და სხვ).) და 120 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი, შესაძლებლობა ექნებათ 2025 წლამდე მოემზადონ უკვე მოქმედი კოდექსის მე-14, მე-15 და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებებისთვის,   რომლებიც კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებას, გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრას და ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგებას ეხება.

 

ეს კომპანიები ჯერ კიდევ არ არიან მზად სრულად განახორციელონ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, როგორიცაა კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნა, ნარჩენების მართვის გეგმის შედგენა, აღრიცხვა და ანგარიშგების წარმოება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ნარჩენების კოდექსის ჩარჩო მოთხოვნები ვრცელდება ყველა ნარჩენის წარმომქმნელზე. ის კომპანიები, მიუხედავად იმისა რომ მათი საქმიანობის შედეგად წარმოექმნებათ 120 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი, ან 2 ტონაზე ნაკლები არასახიფათო ნარჩენი, ვალდებული არიან თავიანთი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები მართონ ნარჩენების მართვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეუსრულებლობის შემთხვევაში მათთვის განსაზღვრულია საჯარიმო სანქციები.  თუმცა, ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილებით ამ კომპანიებზე კანონის ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულებები არ გავრცელდება, მათ, შესაბამისად, არ შეეხებათ კანონის 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციებიც.

 

კახა კუჭავას ინფორმაციით, ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართა მთავრობასთანაც და გადავადების 5-წლიანი ვადა გონივრულად იქნა მიჩნეული. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კომპანიები შეძლებენ  ამ ვადაში სათანადო მომზადებას შესაბამისი ვალდებულებების შესასრულებლად.

 

კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, I მოსმენით - პრინციპების დონეზე განსახილველად, მისმა ერთ-ერთმა ინიციატორმა ზაზა ხუციშვილმა გამოიტანა. აღნიშნულ თემაზე კანონპროექტი ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტმა შეიმუშავა, მაგრამ საბოლოოდ მისი განხილვა და მიღება დღემდე ვერ მოხერხდა. კანონპროექტის დახვეწის მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მრავალთვიანი მუშაობის შედეგები  დღევანდელ სხდომაზე იქნა წარმოდგენილი.

 

ზაზა ხუციშვილმა  კოლეგებსა და სხდომაზე მოწვეულ ცხოველთა დაცვის მიმართულებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს  ინფორმაცია მიაწოდა განვლილ სამუშაო პროცესზე და ასევე გააცნო იურისტთა შენიშვნები კანონპროექტის ზოგად პრინციპებთან დაკავშირებით.

 

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, კანონპროექტი შემუშავებულია შინაური ბინადარი ცხოველების სათანადო მოპყრობის, მოვლის, დაცვისა და მათი პოპულაციის მართვის მიზნით. ეს უკანასკნელი საკითხი რომ ერთობ მნიშვნელოვანია, ამაზე თუნდაც ის მოწმობს, რომ დღეს მარტო თბილისში 40 ათასამდე ძაღლია დათვლილი და შესაბამისი ღონისძიებების მიღების გარეშე ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და პროცესი შეიძლება უმართავი გახდეს.

 

ზაზა ხუციშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი ადამიანის და შინაური ცხოველის ურთიერთობის ბევრ ასპექტს მოიცავს - მკაფიოდაა გაწერილი გამრავლების, ჯიშების სისუფთავის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, ითვალისწინებს ძაღლის მოკვდინების - ევთანაზიის, ძაღლის მიკედლების პირობებს და ა. შ.

 

ცალკეული საკითხების მიმართ შენიშვნები სხდომაზეც გამოითქვა. საბოლოოდ კი, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ კანონპროექტის შემუშავების მთავარი მიზანია, რომ   ადამიანისა და ცხოველის თანაცხოვრების პირობებში მოხდეს, ერთი მხრივ ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე მხრივ - ცხოველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის მეშვეობით.

 

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ ასევე პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა.

 

მომხსენებლის განცხადებით კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება.

 

 „ჩვენ გვსურს წიაღის სექტორში მაქსიმალურად მოვიზიდოთ ინვესტიციები და უკვე არსებულ ტუ მომავალ ინვესტორებს შევუქმნათ კომფორტი, რომ წიაღის მოპოვების პარალელურად მოხდეს მისი გადამუშავება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

მისი განმარტებით, მთავრობის ინიციატივა მდგომარეობს შემდეგში, როდესაც გაცემულია   წიაღის მოპოვებაზე ლიცენზია, მიწა მიეცეს ამ ლიცენზიის მფლობელს პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე უშუალოდ იმ პირობით, რომ მოხდება  გადამამუშავებელი საწარმოს აშენება. მიწის ფლობა ავტომატურად იქნება მიბმული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადაზე. ლიცენზიის გაუქმება იქნება პირდაპირი საფუძველი იმისა, რომ ასე გაცემულ მიწაზე გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდეს. ეს ერთგვარად ხელს შეუწყობს და წაახალისებს ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებასაც, ინვესტიციების მოზიდვას და ა. შ. განსაზღვრულია აღნიშნული წესით გასაცემი მიწის ფართობიც - იგი იქნება არა უმეტეს 3 ჰექტრისა. 

 

ამგვარად, როგორც კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, მისი მიღების შედეგად აღმოიფხვრება ის ბარიერი, რომელიც შესაძლოა შეექმნას ლიცენზიის მფლობელს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი საქმიანობის განხორციელებისას. შესაძლებელი იქნება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების/წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, არაუმეტეს 49 წლის ვადით, აუქციონის გარეშე გადაცემა, სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების და მასზე მოწყობილი ინფრასტრუქტურის (გადამამუშავებელი ქარხანა, დამხმარე შენობა-ნაგებობები და ა. შ.) ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით გამოყენების პირობით.

 

დასასრულ, კომიტეტმა სამივე კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner