logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის პროსპექტზე ქართული დემოკრატია დასამარდა
- +

8 ნოემბერი. 2019. 12:18

 

 

 

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევას იხსენებს და ამბობს, რომ იმ დღეს რუსთაველის პროსპექტზე ქართული დემოკრატია დასამარდა.

 

მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის პროსპექტზე მაშინდელმა ხელისუფლებამ ცოდვის კალო დაატრიალა და ასიათასობით ქართველს გაუსწორდა იმისთვის, რომ ისინი  თავისუფალ აზრს გამოთქვამდნენ.

 

„2007 წლის 7 ნოემბერს ქართული დემოკრატია დასამარდა რუსთაველის პროსპექტზე, აქედან გამომდინარე, და იქედან გამომდინარე, რომ ამ მოვლენების უშუალო მონაწილე გახლავართ, იმ ასი ათასობით ქართველთან თუ არაქართველთან ერთად, რომელიც მაშინდელი რეჟიმის საქმიანობას აპროტესტებდა საქართველოში, რომელსაც 7 ნოემბრამდე წინ უძღოდა სისხლიანი ჩაცხრილვა ბიჭების: რობაქიძე, გირგვლიანი, ქუჩაში ჩაცხრილული აკადემიკოსი შარაძე, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრი, და ამ დროს 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის პროსპექტზე მაშინდელმა ხელისუფლებამ ცოდვის კალო დაატრიალა და ასიათასობით ქართველს გაუსწორდა იმისთვის, რომ ისინი გამოთქვამდნენ თავისუფალ აზრს. ამასთან ერთად, იმ რეჟიმმა კარგად აჩვენა თავისი დამოკიდებულება მედიის მიმართ და განახორციელა შტურმი ტელეკომპანია „იმედზე“, დაატერორა ჟურნალისტები, დახურა დამოუკიდებელი ტელეკომპანია და ამით გზა გადაუკეტა თავისუფალ მედიას და სრულიად საქართველოს ევროპული დემოკრატიისაკენ. მინდა ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს გავახსენო ეს საშინელი დღე“, -  აცხადებს კოპალიანი.

 

კარლო კოპალიანი იქვე იმაზეც საუბრობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან  შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების პროცესი დაიწყო და 2007 წლის 7 ნოემბრისნაირი დღეები აღარასოდეს განმეორდება.

 

„ალბათ, მსგავსი საქართველოს ისტორიაში იყო 26 მაისს, როცა ადამიანებიც დაიხოცნენ რუსთაველის პროსპექტზე წინა რეჟიმის მიერ და რომ არასდროს არ განმეორდეს მსგავსი რამ, ზუსტად ეს არის ის მონაპოვარი, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, როდესაც „ქართველმა ოცნებამ“ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო არჩევნების გზით დაემარცხებინა წინა ხელისულება, წინა რეჟიმი და მოსულიყო ხელისუფლებაში. ჩვენ ვხედავთ, ამ ხნის მანძილზე როგორი რადიკალური განსხვავებაა მედია თავისუფლების და სიტყვის გამოხატვის, ზოგადად, ადამიანის, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში. ამბობენ, ლაპარაკობენ ყველა იმ თემაზე, რომლის შესახებაც ვერ ბედავდნენ საუბარს თავის დროზე. და ერთი სიტყვაც რომ ეთქვათ, აუცილებლად ტერორის მსხვერპლი გახდებოდნენ და სად ამოყოფდნენ თავს, კარგად ვიცით. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც არის ჩვენი ხელისუფლების, ბატონ ბიძინას ხელმძღვანელობით, არის ის დანაპირები, რომელშიც დღეს ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები და მჯერა, რომ ეს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების პროცესი, რომელიც საქართველოში 2012 წელს დაიწყო, „ქართული ოცნების“ იმ პროგრამით გაგრძელდება, რომელიც ხალხს  თავის დროზე მიაწოდა, და საქართველოში აღარასოდეს განმეორდება 2007 წლის 7 ნოემბრისნაირი დღეები,“ - განაცხადა კოპალიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ 10 წელი გავიდა 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციის დარბევიდან. პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები. მოგვიანებით პოლიცია ტელეკომპანია „იმედის“ ოფისშიც შევიდა. 7 ნოემბრის აქციის დაშლას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner