logo_geo
eng_logo
მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ACCIONA“ საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს
- +

23 იანვარი. 2020. 12:25

 

 

განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ACCIONA“ საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფაელ მატეომ განაცხადა, კომპანიის დელეგაცია არსებული შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში უკვე იმყოფებოდა.

 

მთავრობის მეთაური ინვესტორს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე ესაუბრა.

 

პრემიერის განცხადებით, საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელსაც ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიოში მოწინავე პოზიციები უკავია.

 

შეხვედრისას აღინიშნა ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის ტენდენცია, რასაც მსოფლიო გენერაციის ახალი წყაროების განვითარებით პასუხობს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ქარის ელექტროსადგურების პროექტების განვითარების შესაძლებლობაზე,  ქვეყნის მდიდარ ჰიდრორესურსებზე და ელექტროენერგიის ტრანზიტის პერსპექტივაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის როლს რეგიონში და ევროკავშირის ბაზარზე.

 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „ACCIONA“-ს წარმომადგენლობა გააგრძელებს მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან ქვეყანაში 200 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით.

 

„ACCIONA“ განახლებადი ენერგიისა და წყლის მენეჯმენტის სფეროში მსოფლიო ლიდერი კომპანიაა, რომელიც ექსკლუზიურად განახლებადი ენერგიის სექტორში ხუთ კონტინენტზე, 20 ქვეყანაში ოპერირებს. კომპანია ასევე საქმიანობს ქარის ტურბინების გენერატორების წარმოების სფეროში. „ACCIONA“-ს წლიური შემოსავალი 7,5 მილიარდ ევროს, ხოლო კომპანიის მიერ დასაქმებულთა რაოდენობა 38 000 ადამიანს აჭარბებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner