logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილზე: შეიცავს არაერთ უხეშ უზუსტობას
- +

23 იანვარი. 2020. 20:31

 

 

პარლამენტის ექსთავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკელი კონგრესმენების წერილი შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას. ისეთებს, რომელთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია აქვს ქართველ საზოგადოებას.  

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, წერილში არაერთი ცდომილებაა, მათ შორის 20 ივნისის ღამეს ძალის გამოყენებისა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

 

მისივე თქმით, 20 ივნისის მოვლენები იყო არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რაც მოგვიანებით აღიარებით ჩვენებით დაადასტურეს ჯერ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მელიამ, შემდეგ კი, ძებნაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

 

არცერთ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ჩავარდა კანონპროექტი პროპორციული არჩევნების თაობაზე, არ მომხდარა არაპროპორციული ძალის გამოყენება. რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებს, ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი“, - აცხადებს კობახიძე.  

 

რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ანაკლიასთან დაკავშირებით არის არაერთი ფაქტობრივი უზუსტობა. კერძოდ, იყო კომპანია, რომელსაც ჰქონდა აღებული ვალდებულება ინვესტორის მოზიდვის თაობაზე და ვერ შეასრულა ეს ვალდებულბა.  

 

თუ აქ იყო სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესი, მით უმეტეს, გლობალური პოლიტიკური სტრატეგიული ინტერესი, ბუნებრივია, არავითარი პრობლემა ინვესტორის მოზიდვასთან დაკავშირებით არ იქნებოდა. თუმცა ხედავთ, რომ კომპანიამ ვერ მოახერხა საკუთარი ვალდებულების შესრულება და ახლა ცდილობენ ამ კომპანიის წარმომადგენლები, რომ პოლიტიკა გამოიყენონ, როგორც ერთგვარი იმუნიტეტი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, იმ მიმართულებითაც, რომ მათ სურთ პოლიტიკური სარჩულით შეფუთონ ის უპასუხისმგებლობა, რომელიც გამოავლინეს ამ პროექტის განხორციელების დროს. მათ ვერ შეძლეს ინვესტორების მოზიდვა და ახლა ცდილობენ, რომ სხვას გადააბრალონ საკუთარი არასწორი მოქმედება, თუ ვალდებულების ვერშესრულება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველ პარტია აუცილებლად მოახდენს რეაგირებას ამერიკელი კონგრესმენების წერილში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებთან დაკავშირებით, მათ შორის, უშუალო კომუნიკაციის ფორმით.


ჩვენ ველოდებით მხარდაჭერას როგორც კონგრესმენებისგან, ისე ევროპარლამეტნარებისგან და სხვადასხვა პოლიტიკოსისგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებისგან“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner