logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა
- +

24 იანვარი. 2020. 11:42

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიას შეხვდა.

 

საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ორგანიზაციასთან შესანიშნავი თანამშრომლობა აკავშირებს.

 

პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა აფასებს OECD-ის წვლილს რეფორმების დღის წესრიგში, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის, საინვესტიციო პოლიტიკის, საგადასახადო, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით.

 

გიორგი გახარია ასევე მიესალმა ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი 2016-2020 წლებისთვის მცირე და საშუალო საწარმოები განვითარების სტრატეგიის შექმნის პროცესში მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ იგეგმება მცირე და საშუალო საწარმოების ახალი სტრატეგიის შემუშავება 2021-2025 წლებისთვის, რომელიც ევროკავშირის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში იქნება.

 

OECD-ის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს სხვადასხვა კომიტეტის წევრი და თავად მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების შემუშავებისა და დადგენის პროცესში.

 

ანხელ გურიას განცხადებით, OECD მხარს დაუჭერს საქართველოს საექსპორტო საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების პროცესში. მისი განმარტებით, ორგანიზაცია მზადაა, შექმნას პლატფორმა, რომელიც საქართველოს დაეხმარება, უკეთ გააცნოს გადაწყვეტილების მიმღებ მხარეებს ქვეყანაში მიმდინარე იმ რეფორმების პოზიტიური შედეგები, რომელიც მნიშვნელოვანწილად იქნება გათვალისწინებული რეიტინგის შეფასების პროცესში.

 

„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა საკმაოდ ძლიერია. ჩვენ ვთანამშრომლობთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, საინვესტიციო, მწვანე ეკონომიკის, მდგრადობის, პროდუქტიულობის გაზრდის საკითხებზე. ძალიან გვახარებს ეს ყველაფერი. საქართველო მეტად აპირებს ჩვენი უწყების პროგრამებში და კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას. საგადასახადო საკითხებზეც ვისაუბრეთ. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ საერთაშორისო დაბეგვრის ინიციატივას, განსაკუთრებით კი გაციფრულებული დაბეგვრისა და კონტროლის საერთაშორისო პროგრამას. აქამდე საქართველო ძალიან აქტიურად მონაწილეობს ყველა ამ ინიციატივაში, როგორც სამუშაო ჯგუფების, ასევე მმართველი საბჭოს ფორმატში. საერთო ჯამში, საქართველოსთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მზად ვართ უფრო მეტი ვაკეთოთ ერთად“, - აღნიშნა ანხელ გურიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner