logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება
- +

23 თებერვალი. 2018. 21:49



საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას და მთლიანად საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. ციხელაშვილის განცხადებით, ახალგორში საქართველოს სამი მოქალაქის დაკავებისა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია შედგა.


„მყისიერად მოხდა ჩვენი მხრიდან რეაგირება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათი მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა და ზეწოლა პირველ რიგში, გარდაცვალების რეალური გარემოებების დასადგენად, ასევე, დაუყოვნებლივ მოხდეს ჩვენი დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და მიეცეს ძალიან მკვეთრი, მკაფიო, შესაბამისი რეაგირება და შეფასება ამ უმძიმეს ფაქტს. ცხადია, პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება რუსეთის ფედერაციას და მთლიანად საოკუპაციო რეჟიმს", - განაცხადა ციხელაშვილმა.


მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა ბერკეტს აამოქმედებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და ფაქტს მკვეთრი რეაგირება მოჰყვეს.


„ეს ტრაგედია ადასტურებს, რომ მიმდინარე პროცესი, განგრძობითი ოკუპაცია, მავთულხლართებით დაშორიშორება, ის ზეწოლა და ფაქტობრივად, ტერორი ადამიანებზე, რაც მიმდინარეობს ამ რეგიონებში, არის ადამიანების წინააღმდეგ, მათი სიცოცხლის უფლების, ფუნდამენტური უფლებების და ყველა იმ ინტერესის წინააღმდეგ მიმართული, რაც უკავშირდება ადამიანების საბაზისო საჭიროებებს", - განაცხადა ციხელაშვილმა.


მისი შეფასებით, აღნიშნული პროვოკაციები მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეეშალოს სამშვიდობო პროცესს და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, აქვს პოტენციალი, წაახალისოს საზოგადოებებს შორის ნდობა, დაეხმაროს ადამიანებს ადგილზე.


„ჩვენ გვიპირისპირდება ხისტი ძალა, რომელიც სწორედ ამ ინტერესებს და უფლებებს ასე უხეშად არღვევს. ალბათ, ამოცანა ისაა, რომ ამოვვარდეთ ამ კურსიდან, შევცვალოთ ეს პოლიტიკა, რაც ბუნებრივია, არ მოხდება, რადგან ჩვენ ვემსახურებით ადამიანების ინტერესებს, რაც იგნორირებულია ოკუპაციის პირობებში და საოკუპაციო რეჟიმის მიერ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


რაც შეეხება გარდაცვლილის გადმოსვენებას და არჩილ ტატუნაშვილთან ერთად ახალგორში დაკავებული კიდევ ორი მოქალაქის გათავისუფლებას, ციხელაშვილის განცხადებით, უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი.


„უკვე მოვითხოვეთ ექსპერტიზის დაუყოვნებლივ ჩატარება, ცხედრის გადმოცემა და ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რაც ახლა მთავარი პრიორიტეტია. ჩართული გვაქვს აბსოლუტურად ყველა მექანიზმი, ვმუშაობთ, როგორც ცხელი ხაზის, ისე ჟენევის თანათავმჯდომარეების მეშვეობით", - განაცხადა ციხელაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner