logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: ბახტაძის მთავრობა იქნება ურყევი და შეუპოვარი იმ გზაზე, რასაც საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია ჰქვია
- +

19 ივლისი. 2018. 16:53

 

 

„ბახტაძის მთავრობა იქნება ურყევი და შეუპოვარი იმ გზაზე, რასაც საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბრიუსელში ვიზიტისას, სადაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად NATO-ს შტაბ-ბინაში ოფიციალურ შეხვედრებს ესწრება.

 

„სიმბოლურია, რომ პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბატონმა პრემიერმა NATO-ში განახორციელა, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავრობის მთავარი კურსი იქნება ორიენტირებული სწორედ NATO-ში ინტეგრაციაზე, იმ ღირებულებების განმტკიცებაზე, რასაც NATO-ს წევრი ქვეყნები იზიარებენ და ეფუძნება დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებების განმტკიცებასა და თანამედროვე შეიარაღებული ძალების რეფორმირების საკითხს“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მაღალ შეფასებებს, რომელიც NATO-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაკეთდა.

 

„გაჟღერდა, რომ საქართველოს აქვს დიდი პროგრესი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზაზე, ასევე თავდაცვის უწყების ფარგლებში შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ეს არის ყოვლისმომცველი რეფორმები, რომლითაც საქართველო დღითიდღე უახლოვდება NATO-ს სტანდარტებს. ითქვა, რომ ბრიუსელის სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს, განსაკუთრებით კი, საუბარია იმ პოზიციაზე, რომ NATO ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება“, - აღნიშნა მან.

 

ლევან იზორიას განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხის განხილვისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორისა და ასპირანტი ქვეყნის თანამონაწილეობის საკითხზე ამ პროცესებში. მისი თქმით, განსაკუთრებით აღინიშნა NATO-საქართველოს ურთიერთობის ფარგლებში სხვადასხვა პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობა. „გამოითქვა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის გაფართოების სურვილი კონკრეტული მიმართულებებით, როგორიცაა კონტრმობილურობის, კიბერუსაფრთხოებისა და უსაფრთხო კომუნიკაციების ინიციატივები. აღინიშნა, რომ რაც შეიძლება მეტი NATO იყოს წარმოდგენილი საქართველოში და ამის მკაფიო გამოხატულება იქნება მომავალ წელს, მარტში დაგეგმილი NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, სადაც თანამონაწილეობის ხარისხი NATO-ს მხრიდან იქნება დიდი. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ იქნება კონკრეტული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს NATO-სთან დაახლოების თვალსაზრისით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner