logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: დღეს, როგორც არასდროს, მოტივირებულნი ვართ, წავიდეთ უფრო შორს ევროინტეგრაციის გზაზე
- +

19 ივლისი. 2018. 17:09

 

„დღეს, როგორც არასდროს, მოტივირებულნი ვართ, რომ გავაკეთოთ უფრო მეტი და წავიდეთ უფრო შორს ევროინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„ახალი, მოტივირებული მთავრობის არსებობის პირობებში, ჩვენ ვაპირებთ, რომ უზრუნველვყოთ ახალი დინამიკა, რაც გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკურ მოდერნიზაციას და დემოკრატიულ ტრანსფორმაციას. მსურს, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს იმისთვის, რაც ბრძანა - რომ სრულად უჭერს მხარს ჩვენს ეკონომიკურ პროგრამას, რათა პოლიტიკა უფრო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისკენ მივმართოთ. სწორედ ამ მიზეზის გამო, ერთობლივი ინიციატივის სახით შევიმუშავებთ საგზაო რუკას, რომლის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება და ახალი შესაძლებლობების შექმნა ევროკავშირთან უფრო მეტად ინტეგრაციისთვის. პრეზიდენტო ტუსკ, ჩვენ ვაფასებთ თქვენს მეგობრობას და რომ განვაზოგადოთ – ევროკავშირის მეგობრობას და საქართველოსთვის მხარდაჭერას. ჩვენი არსებული ურთიერთობების სოლიდური ბაზის პირობებში ჩვენ ვცდილობთ ახალი შესაძლებლობების მოძიებას და მუშაობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული კავშირები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ამასთან, მთავრობის მეთაურმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველო აფასებს პირადად დონალდ ტუსკის წვლილს ევროინტეგრაციის პროცესის წინსვლაში.

 

„ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას და პირადად თქვენს წვლილს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის წინსვლაში, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო მყარად დგას ამ გზაზე. სწორედ ამ მიზეზის გამო, ლოგიკურია, რომ უცხოეთში ჩემი პირველი სამუშაო ვიზიტის ადგილად ბრიუსელი ავირჩიე. შეხვედრის დროს ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა შეგვეფასებინა ჩვენი ერთობლივი დღის წესრიგის თვალსაზრისით არსებული მიღწევები და განგვეხილა ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები. ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, ჩვენ განვახორციელეთ ჩვენი საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემის რეკონსტრუქცია ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით. ამან მოვახდინეთ მთავრობის მიერ რეფორმების მცდელობების კონსოლიდირება დემოკრატიის, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მეშვეობით ჩვენ ვახდენდით ჩვენი ეკონომიკის მოდერნიზებას და მის თანდათანობით ინტეგრირებას ევროკავშირის ბაზართან. რეფორმების შედეგად ევროკავშირთან ვაჭრობა არსებითად გაიზარდა, რაც ევროკავშირს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად აქცევს; ჩვენ სწრაფად ვაუმჯობესებთ ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში და ვქმნით უკეთეს საინვესტიციო და ბიზნეს-კლიმატს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირი ხელშესახები შედეგები მოუტანა. მან ხელი შეუწყო ბიზნესის წარმოებას, კიდევ უფრო გააძლიერა აკადემიური, ტურისტული და კულტურული კავშირები ჩვენს ხალხებს შორის. ეს მიღწევები დაკავშირებულია პასუხისმგებლობებთან, რომლებსაც ჩვენ სრულად ვიზიარებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner