logo_geo
eng_logo
საპატრიარქო: რუსეთის პატრიარქის მიერ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტისთვის „არჩევნებში“ გამარჯვების მილოცვა სეპარატიზმის წახალისებად აღიქმება
- +

20 სექტემბერი. 2019. 20:02

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კომენტარს აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთის ეკლესიის მეთაურმა, კირილმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა.

 

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის პატრიარქის, კირილეს ქმედება გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია.

 

„მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის ,,პრეზიდენტისადმი“ რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა, მაგრამ, ვინაიდან მათი მხრიდან არ მოხდა ამ ფაქტის უარყოფა, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას: აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია.

 

გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას“, - აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner