logo_geo
eng_logo
კაზინოში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო გაზმომარაგება 350 აბონენტს შეუწყდა
- +

21 ოქტომბერი. 2019. 20:13

 


გლდანში, გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა. ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედაქალაქის ამავე რაიონში, კერძოდ ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაზინოში 5 ადამიანი მოიწამლა. ხუთივე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

როგორც კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოსახლეობას გაზმომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგება. სამუშაოები კი საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დაიწყება. 



გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებისას კომპანია NCC -საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა. შედეგად 350 აბონენტს ავარიულად შეუწყდა გაზმომარაგება. შემთხვევის ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა გაზმომარაგების ონკანები. უსაფრთხოების მიზნით შემოწმდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები. შემოწმებისას დადგინდა, რომ, სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო ვენტილაციის არხებით გაზი კაზინო „ბეთლაივშიდა აფთიაქ „ფარმადეპოში“ შევიდა. საპატრულო პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა და შენობები გაანიავა“, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის, რომელიც, მათივე თქმით, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით შეიქმნა. გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner