logo_geo
eng_logo
„ამნესტი ინტერნეიშენალი“ : ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, მორალური ზარალისთვის დაენიშნოს კომპენსაცია
- +

23 ნოემბერი. 2019. 00:07

 

 

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ე.წ სამხრეთ ოსეთის – ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილების სრული აკრძალვა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს უხეშად არღვევს.

 

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სექტემბრის შემდეგ, დე ფაქტო მთავრობამ ცხინვალის რეგიონში, ე.წ. გამყოფ ხაზზე მოქმედ ერთადერთ  პუნქტზე გადაადგილება შეზღუდა, რაც კიდევ უფრო აუარესებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას. მოსახლეობას არ აქვს წვდომა ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ვერ ახერხებენ ოჯახის წევრების მონახულებას.


განცხადებაში საუბარია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე. „ამნესტი ინტერნეიშენალი“ აცხადებს, რომ რუსეთმა და დე ფაქტო ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყონ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყონებლივ გათავისუფლდეს, მას მიყენებული მორალური ზარალისთვის დაენიშნოს კომპენსაცია. ასევე, უნდა უზრუნველყონ, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არავინ გახდეს წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.

 

 

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, წამება ან სხვა სასტიკი, არაჰუმანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით სრულად არის აკრძალული. ასევე, მსგავსი დაკავებები თვითნებურია, არღვევს პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს.  

9
ნოემბერს, რუსმა მესაზღვრეებმა და დე ფაქტო მთავრობის უსაფრთხოების ძალებმა საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს, როცა ის ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთას ცდილობდა. დე ფაქტო მთავრობამ მას ბრალი დასდო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, რაც ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც წესი, მოქალაქეებს, რომლებიც არღვევენ ე.წ. საზღვარს, აჯარიმებენ და რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ.

 

ვაჟა გაფრინდაშვილი არის ერთ-ერთი იმ ოთხი ადამიანიდან, რომლებიც 9-დან 11 ნოემბრამდე ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავეს. სამი მათგანი დააჯარიმეს და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოუშვეს.

 

ვაჟა გაფრინდაშვილს უფრო სერიოზულ ბრალს დებენ, რადგან დე ფაქტო მთავრობა მიიჩნევს, რომ მან განზრახ გადაკვეთა საზღვარი. შოთა ბიძინაშვილმა, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ცხინვალის იზოლატორში ცხრა დღე გაატარა, მედიასთან განაცხადა, რომ ისინი ცივ და ნესტიან ადგილას ჰყავდათ, სადაც ჰაერი არ იყო. მისივე თქმით, დაკავებისას მას თავი დაუზიანდა, მაგრამ სამედიცინო დახმარებაზე უარი მიიღო, პირველი სამი დღის განმავლობაში კი არ აჭმევდნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

right_banner
არქივი
right_banner