logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: თუ აგრარული ბაზრები დაიცავენ სტანდარტებს, მაშინ ისინი ფუნქციონირებას შეძლებენ
- +

7 აპრილი. 2020. 18:47

 

„აღნიშნული სტანდარტები სურსათის ეროვნული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ გვერდებზეა გამოქვეყნებული. სტანდარტით გათვალისწინებულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც მკაცრად უნდა დაიცვან  ბიზნესოპერატორებმა - ბაზრების ადმინისტრაციამ და რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

 

მოთხოვნები უკავშირდება მოვაჭრე პერსონალის სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას, ჰიგიენური პირობების და სანიტარული პირობების მკაცრად დაცვას, სადეზინფექციო სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას. მოთხოვნები ასევე უკავშირდება მიკვლევადობას - თითოეული მოვაჭრე პერსონალის შესახებ ინფორმაციის არსებობას, მათ იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას იმისთვის, რომ მიკვლევადი იყოს თითოეული მოვაჭრე პერსონალის საქმიანობა, მათი კონტაქტები, მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს, სად მოძრაობდნენ, როგორი იყო მათი მოგზაურობის სტატისტიკა და ისტორია. ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან იმყოფებოდნენ კონტაქტში ბოლო 14 დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დაავადების მქონე პერსონალი არ დაიშვება აგრარულ ბაზრებში. 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის ასევე არსებობს შეზღუდვები. ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებიდან. დღეს ქვეყანაში უმთავრესი  ამოცანა მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს, არის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე და გულისხმობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვას.

 

სტანდარტში ასევე გათვალისწინებულია ვაჭრობის წესები, მათ შორის, დისტანციები დახლებს შორის, მოვაჭრეების ორგანიზება. იმ შემთხვევაში, თუ პატარა სივრცეებია, მაშინ უნდა შედგეს კონკრეტული სურსათით ვაჭრობის გეგმა, გრაფიკი, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმდება.  თოთოეული აგრარული ბაზარი იმუშავებს მხოლოდ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული შტაბების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ გარდა ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა, სტანდარტი განსაზღვრავს მოვაჭრეების ქცევის წესებსაც, მათ შორის, თითოეულ მოვაჭრეს უნდა ჰქონდეს პირბადე, დაცული ჰქონდეს სანიტარული ჰიგიენური წესები. ასევე, აღსანიშნავია, რომ მოვაჭრე პერსონალის ვალდებულებებთან, ჰიგიენასთან და სანიტარულ პირობებთან ერთად დადგენილია მომხმარებლის ვალდებულებებიც. საგანგებო მდგომარეობის შესახებ მთავრობის დადგენილებით 181-ე დადგენილებით განსაზღვრული სანქციები ვრცელდება ამ პირობების დარღვევის შემთხვევაშიც, თითოეულ დამრღვევ სუბიექტზე, ეს იქნება ბიზნესოპერატორი, მოვაჭრე თუ მომხმარებელი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner