logo_geo
eng_logo
მეუფე შიო: ყველაფერი ხდება, რათა უფალი იშვას ჩვენს სულში, ჩვენს გულში, ეს ხდება დიდი განსაცდელების შედეგად
- +

7 აპრილი. 2020. 20:47

 

 

 

“ღვთისმშობლის ცხოვრებაც სავსე იყო განსაცდელებით და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განსაცდელები არაფერი არ არის მისი განსაცდელებისა და მწუხარებათა გარეშე, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში.

 

 

მეუფე შიომ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ყოველ დღესასწაულს აქვს თავისი განუმეორებელი, საოცარი შინაარსი.

 

 

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დიდი სასწაულს, რომ სულიწმინდა ჩაისახა ყოვლადწმინდა ქალწულში, რომ შვას მან ძე ღვთისა. ერთ-ერთი დიდი მამა ჩვენი ეკლესიისა, გრიგოლ პალამა ამბობდა, რომ ისევე, როგორც ღვთის ნების გარეშე შეუძლებელი იყო ასეთი დიდი სასწაულის აღსრულება, ასევე შეუძლებელი იყო ადამიანის ნების გარეშეც. ათასობით წელი დასჭირდა მომზადება კაცობრიობას, რომ შობილიყო ასეთი ადამიანი, ყველა ადამიანზე აღმატებული და თვით ქერუბიმებზე და სერაფიმებზე აღმატებული ქალწული. ადამიანი, რომელიც შეძლებდა ეთქვა ის სიტყვები, რომელიც წარმოთქვა ღვთისმშობელმა. ასეთი მორჩილება და სიმდაბლე გამოავლინა მან. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ საოცარ მოვლენაზე. შეიძლება ვთქვათ, რომ რაც მოხდა ღვთისმშობლის ცხოვრებაში, ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში ის ჟამი დგება, როდესაც ჩვენს გულს, გონებას, ეხება უფლის მადლი. როდესაც განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა, ყველა ადამიანს სმენია ეს ტკბილი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ადამიანზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ის იესო ქრისტეს გულში. ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე, რომ ყოველმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ ქრისტე ჩვენს გულში, რადგან ადამიანი – ეს არის ტაძარი ღვთისა და უფალი უნდა აღორძინდეს, გაძლიერდეს და ჩვენს სულში უნდა ჩაისახოს, – ამაზე მეტყველებს დღევანდელი დღე. დღეს ვიხსენებთ წმინდა იოაკიმეს და ანასაც, ასევე ღვთისმშობელს. ეს სამი ადამიანი მოამზადა უფალმა. რამდენი განსაცდელი გამოიარეს მათ ათწლეულების განმავლობაში. ღვთისმშობლის ცხოვრებაც სავსე იყო განსაცდელებით და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განსაცდელები არაფერია, მისი განსაცდელებისა და მწუხარებათა გარეშე. რატომ ხდება ეს? იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს სულში, ჩვენს გულში, ეს ხდება დიდი განსაცდელების შედეგად. ასე არის ეს ცხოვრება მოწყობილი. დავფიქრდეთ დღეს ამაზე, გავიაზროთ, გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ უფრო მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ, შევუდგეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს. სახარებაში მცირედ არის ღვთისმშობლის სიტყვები აღწერილი, არის რამდენიმე სიტყვა. მათ შორის, კანას გალელიაში, იგი ეტყვის იქ დამსწრეთ – „ჰყავთ ის, რასაც ძე ჩემი გეტყვით“. ეს არის ცნება ღვთისმშობლის და შევუდგეთ ჩვენ მის ღვთაებრივ ძეს“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

 

 

მან მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მილოცვა გადასცა და აღნიშნა, რომ მან მთელი ცხოვრება დაუთმო იმას, რომ საქართველოს მრევლის გულებში იშვას ღმერთი, რათა ყველა შეუდგეს სულის გადარჩენის გზას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner