logo_geo
eng_logo
ეროვნულმა ბანკმა სესხების გალარების პროგრამის დეტალები გამოაქვეყნა
- +

12 იანვარი. 2017. 15:01



საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხების გალარების პროგრამის დეტალები გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პროგრამა ოფიციალურად 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდება. მისი მიზანია მომხმარებლებისთვის სესხის მომსახურების ტვირთის შემსუბუქება, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე.


გალარების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის მიმდინარე სესხებს, რომელთა წარმოშობა მოხდა 2015 წლის 1 იანვრამდე. ასეთი სესხის სუბსიდირება მოხდება 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში. ანუ თუ სესხის ნარჩენი ღირებულება არის 60 ათასი, მოხდება 40 ათასის სუბსიდირება. დარჩენილი 20 000 მსესხებლის გადაწყვეტილების მიხედვით ან კვლავ სავალუტო სესხად დარჩება ან მოხდება მისი გალარებაც სუბსიდირების გარეშე. სუბსიდია არ შეეხება მათ, ვისი სესხების ძირითადი თანხების ჯამური დავალიანება 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, გამლარებელ ან სესხის გადატანის შემთხვევაში, იმ ბანკში საიდანაც სესხის გადატანა ხდება, აღემატება 100 ათას აშშ დოლარს. ასევე, სუბსიდია არ შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2015 წელს 100 ათას ლარს აღემატებოდა.


მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას, ეროვნული ბანკი კი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას.


პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას. ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები. მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს.



 

right_banner
არქივი
right_banner