logo_geo
eng_logo
გურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს
- +

16 აგვისტო. 2019. 12:36

 

 

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

 

„ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს. ახალშობილი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ  პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები ადგილზე მივიდოდნენ სამართალდამცველებმა თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა არსენ ახალკაცმა ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს.

 

სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner