logo_geo
eng_logo
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ორმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
- +

28 იანვარი. 2020. 02:16

 

 

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქემზე კუდის ყოფილ მაღალჩინოსნები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულების აღკვეთზე იმსჯელა, თუმცა ახალი ფაქტობრივი გარემოებების არქონის გამო, პირვანდელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე ორმა ბრალდებულმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა ბრალდების მტკიცებულებები უდაოდ ცნეს და დანაშაულის ორგანიზებაში ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე ამხილეს. 4 ბრალდებულს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის განზრახ უკანონო დაკავება.

 

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებული ორი ბრალდებულის მხრიდან აღიარებითი ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2006-2007 წლებში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები, ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე ახორციელებდნენ უკანონო მოქმედებებს ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების განზრახვით. ამ უკანონო მოქმედებებში დახმარებაზე უარი განაცხადა ურეკის იმჟამინდელმა უფროსმა ჯემალ შამათავამ, რომელიც სამაგალითოდ დასაჯეს. მოგეხსენებათ, ეს პირი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 9 წლის განმავლობაში. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დამცველი ადვოკატების მხრიდან დაყენებული შუამდგომლობა მოვისმინეთ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდებოდა ამ ორ ბრალდებულს. მათი მთავარი არგუმენტაცია ის გახლდათ, რომ ეს პირები დანაშაულს აღიარებენ და შესაბამისად, საქმეზე მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას უდავოდ ხდიან. თუმცა, ბრალდების მხარე მოცემულ გარემოებას არ დავეთანხმეთ იქიდან გამომდინარე, რომ ერთია, პოზიცია რაც დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა და მათმა დამცველმა ადვოკატმა დააფიქსირეს, თუმცა, საქმეზე წარმოდგენილია მესამე ბრალდებული ლევან ქარდავა, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს. ეს პირი გახლდათ მთავარი ორგანიზატორი 2006-2007 წლებში ბადრი პატარკაციშვილის მიმართ წარმოებულ უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით. ამ პირის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი საქმე განიხილება, რაც უკვე უშუალოდ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებას ეხება. ორივე ბრალდებული დარჩა პატიმრობაში, ორმა ბრალდებულმა ხელი უშუალოდ დაადო დავალების გამცემ პირს, ასევე შემსრულებლად თავიანთი თავიც მოიაზრეს და ორგანიზატორად დაასახელეს ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე. გარდა აღნიშნულისა, მათი ჩვენებებით დეტალურად იქნა აღწერილი ის უკანონო მოქმედებები და მოტივი, თუ რატომ უნდა გაკეთებინათ და რატომ უნდა ემუშავათ პატარკაციშვილის წინააღმდეგ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი გარემოება, ისევე როგორც ამ კონკრეტული ბრალდების საქმეზე, რაც ჯემალ შამათავას უკანონო პატიმრობას უკავშირდება, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა იმ ძირ საქმეზე, რაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს ეხება“, - განაცხადა საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ

 

2018 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის, ცდილობენ, ბიზნესმენის დაცვის წევრის გადაბირებას.

 

ამ საქმის ფარგლებში, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებას ედავებიან. ამასთან, ჩანაწერების თანახმად, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.

 

დიდ ბრიტანეთში პატარკაციშვილის ცხედარს ექსპერტიზა 14 დღე უტარდებოდა. სკოტლანდ იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner