logo_geo
eng_logo
როგორ აკვირდებოდა ნოდარ ახალკაცი კარლ ცაისს ფინალამდე 3 წლით ადრე
- +

11 მაისი. 2020. 21:34

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი FIFA-ს წევრი ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ტელეკომპანია ''არგოს'' ეთერში ნოდარ ახალკაცი ჟურნალისტ ალეკო კაკაურიძეს ესაუბრა. ახალი თანამდებობის გარდა უმცროსმა ნოდარ ახალკაცმა ერთ ძალიან საინტერესო ფაქტზე ისაუბრა, რომელიც უფროსი ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილი ''დინამოს'' ევროპულ ტრიუმფს უკავშირდება.

 

შეგახსენებთ, 1981 წლის 13 მაისს ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის ''დინამომ'' იენის ''კარლ ცაისი'' 2:1 დაამარცხა.

 

ნოდარ ახალკაცი: ''1981 წლის ფინალთან დაკავშირებით ერთ ამბავს გავიხსენებ, რაც კონკრეტულად მატჩს არ უკავშირდება, მაგრამ კარგად ჩანს თუ როგორ აკვირდებოდა ნოდარ ახალკაცი მეტოქე გუნდებს. დღეს როცა 24 საათის განმავლობაში ტელევიზორში ფეხბურთია ჩართული, 80-იან წლებში მეტოქე გუნდზე ინფორმაციის მიღება ადვილი არ იყო. ის ყოველთვის ცდილობდა მეტოქეზე მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია მიეღო.

 

გერმანიის ქალაქ იენაში ქართველი სტუდენტები სწავლობდნენ, მათ შორის ჟურნალისტი დავით კაკაბაძე. მას შემდეგ რაც ''დინამომ'' საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ნოდარ ახალკაცის მიზანი ევროპული საკლუბო ტურნირი იყო. ფიქრობდა, რომ დიდი ალბათობით ''კარლ ცაისს'' შეხვდებოდა. 1978 წლიდან ნოდარ ახალკაცის უშუალო მითითებით დავით კაკაბაძე ''კარლ ცაისზე'' დაკვირვებას ახორციელებდა. დათო კაკაბაძემ გერმანული კლუბი დეტალურად შეისწავლა. სამი წლის განმავლობაში გერმანულ კლუბზე მიზანმიმართული დაკვირვება მიმდინარეობდა.

 

როცა საფინალო შეხვედრა დაინიშნა, ნოდარ ახალკაცმა დათო კაკაბაძე საწვრთნელ ბაზაზე მიიწვია. დათო კაკაბაძემ თბილისის ''დინამოს'' ფეხბურთელებს მეტოქის შესახებ ლექცია ჩაუტარა. მას მეტოქის თითოეული ფეხბურთელის შესახებ დიდი ინფორმაცია ჰქონდა.

 

დიუსელდორფში მიღწეული გამარჯვების შემდეგ თბილისის ''დინამოს'' ფეხბურთელები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვიეს. შეხვედრაზე მამამ ხაზგასმით თქვა: ''თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტი დავით კაკაბაძე რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ამ თამაშს ვერ მოვიგებდით.

 

ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი გამარჯვება. რომ იტყვიან ''ყარაულის თოფივით'' გაუვარდაო, ეს არ იყო ასეთი გამარჯვება. ეს იყო დაუღალავი რვაწლიანი შრომის შედეგი.''

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner