logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: ტკივილი ისევ ცოცხალია, სოხუმი დაეცა და აღარასდროს გამხდარა ისეთი, როგორიც მანამდე იყო
- +

27 სექტემბერი. 2019. 12:46

 

 

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გმირთა მემორიალზე, ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

მისი განცხადებით, 27 წლის წინ დაწყებულმა კონფლიქტმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ცხოვრება შეცვალა.

 

„დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, სოხუმის დაცემის დღე, 27 სექტემბერი და 26 წელი გავიდა ამ მძიმე დღიდან. ტკივილი არის ისევ ცოცხალი, უამრავი ჩვენი თანამოქალაქის  ცხოვრებას დაასვა ამან წარუშლელი დაღი,  აქ არიან შვილმკვდარი დედები, აქ არიან  დედები, რომლებიც  ჯერ კიდევ ეძებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულ საკუთარ შვილებს. ათასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა ამ კონფლიქტმა, რომელიც, ალბათ,  არასდროს უნდა მომხდარიყო და შეიწირა. დღეს, ისე როგორც არასდროს, აშკარაა, რომ ეს იყო ჩვენი ყველას საერთო ტრაგედია და საერთო ტკივილი. სოხუმი დაეცა და აღარასდროს გამხდარა ისეთი, როგორიც მანამდე. მთლიანად აფხაზეთის რეგიონი არის ოკუპირებული, არის ფაქტობრივად  იზოლირებული ხელოვნური ბარიკადებით, მძიმეა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის მდგომარეობა. 300 000-მდე ადამიანია დევნილობაში, რომელმაც უმძიმესი გზა გამოიარა, ისინი დღემდე ელოდებიან  საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ამ ტკივილით, მინდა, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა მოიტანა ამ კონფლიქტმა“,-აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

მინისტრის შეფასებით, საჭიროა ნაბიჯების გადადგმა დიალოგისკენ.

 

„რაც დრო გადის, მით უფრო ნათელია ერთი მხრივ და საჭიროც, რომ  გადავდგათ ურთიერთშემხვედრი ნაბიჯები, გადავდგათ ნაბიჯები დიალოგისკენ, ნდობის დაბრუნებისკენ, თანამშრომლობისკენ. სულ მცირე ეს აუცილებელია მშვიდობისთვის“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner