logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: ქართული ჟურნალისტიკა რომ დიდი ხნის მკვდარია, კარგად მომეხსენება, მაგრამ ხომ არსებობს ადამიანური ეთიკაც?!
- +

5 თებერვალი. 2020. 15:39

 

 

„ტრაგედიის მომენტის გამოქვეყნება არაეთიკურია, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაშიც კი“ - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპი N 10.

 

ქართული ჟურნალისტიკა რომ დიდი ხნის მკვდარია, კარგად მომეხსენება და ამაზე არ დავიწყებ ახლა წერას, მაგრამ ხომ არსებობს ადამიანური ეთიკაც?!

 

იცით ხომ, გოგონა, რომელმაც ერთ დღეს დაკარგა ქმარი და სამი შვილი, ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია.

 

ის ამჟამად გადასარჩენად იბრძვის მცხეთის საავადმყოფოში და ძალიან მჯერა, რომ გადარჩება.

 

გავრცელდა კადრები, როგორ ამოჰყავთ გარდაცვლილები მდინარე მტკვრიდან...

 

ნანახმა შეძრა მთელი საქართველო და კადრებს ნახავდნენ მისი ოჯახის წევრებიც, ნახავდნენ იმ ბავშვების თანაკლასელები, მეგობრები, უბნელები და უბრალოდ მათთვის უცნობი ადამიანებიც და მერწმუნეთ, ვერავის დატოვებდა გულგრილს...

 

მივმართავ ყველას - სააგენტოებს, ტელევიზიებს, უბრალოდ იმ ადამიანებს, ვინც იმ მომენტში იქ იყვნენ და ამ ამბავს იღებდნენ, წაშალეთ!

 

ადამიანურად გთხოვთ, წაშალეთ!

 

ასევე წაშალეთ ყველა ინფო, სადაც დედის გარდაცვალებას იუწყებოდით. ცოცხალია, ხალხნო, ცოცხალი.

 

ყოველდღე მაწვდის ექიმი ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ.

 

მესმის ეგ თქვენი რეიტინგები, მესმის ნახვები, ლაიქები, კომენტარები - ჟურნალისტი ვარ თვითონაც, მაგრამ ადამიანის ტრაგედიაზე „დახურდავება“?! კარგით რა!

 

გადარჩება, აუცილებლად გაიღვიძებს ჩემი გოგო და არ მინდა, ეგ კადრები ნახოს, სადმე გადააწყდეს თავისი საყვარელი ადამიანების უსულო სხეულებს...

 

და რაც არასოდეს მითხოვია, მაქსიმალურად გთხოვთ, გააზიაროთ, რომ იქნებ გაიაზრონ...

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner