logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ელისო, ხატია და... მორიგი ისტერიკა „ფეისბუქზე“
- +

11 თებერვალი. 2020. 15:00

 

 

ელისო ვირსალაძის ინტერვიუმ ერთ-ერთი რუსული სპეციფიკური ტელევიზიისადმი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართულ „ფეისბუქში“. მორიგი მტრის ხატი ნაპოვნია, თანაც ოკუპანტის ენაზე მოსაუბრე. კი თქვაო, რომ უნიჭიერესიაო, მაგრამ მაინც როგორ გაგვიბედა და კრიტიკულად რად მოიხსენია ჩვენი კერპის - ხატია ბუნიათიშვილის საშემსრულებლო სტილიო. მოღალატეო... საბჭოთა „ინწელიგენციაო“... ერთი სიტყვით, „ტრადიციული“ პატრიოტიზმის სულისკვეთების მორიგი აფეთქება, გადასული ელემენტარულ უკულტურობასა და... უზრდელობაში.

 

ვიდრე ჩემს პოზიციას და ნაფიქრალს განსჯიდეთ, დავატანოთ თავს ძალა და ეს ინტერვიუ მოვისმინოთ უემოციოდ. ფაქტია, იგი განსაზღვრულია სპეციფიური, მუსიკის მოყვარული და ამ მხრივ მეტ-ნაკლებად მომზადებული აუდიტორიისთვის.

 

ვირსალაძე გულწრფელია! და აღიარებს მ ო ვ ლ ე ნ ა ს, როგორც დადებითს (მაღალ ნიჭიერებას), ასევე, ნაკლს (ფართო მუსიკალური განათლების ერთგვარ დეფიციტს). და არა ერთადერთი ხატიასი, არამედ მრავალი(!) პოპულარული, აღიარებული შემსრულებლისას.

 

და ამაზე მსჯელობს არა მარტო მეტრი - დიდი პიანისტი, არამედ უდიდესი სტაჟის მქონე, აღიარებული პედაგოგი მოსკოვისა და მიუნხენის სახელგანთქმული კონსერვატორიებისა.

 

და მიუხედავად ამ შეფასებებისა, ჩვენი საყვარელი ხატია ისევ უსაყვარლეს და უმაგრეს ხატიად დარჩება! სხვებიც!

 

ექნებათ ტაშიც... ოვაციებიც... გასტროლებიც... შესაბამისი ანაზღაურებაც...

 

მაგრამ თუ ეს მუსიკოს-შემსრულებლები გაითვალისწინებენ ღვაწლმოსილი ქალბატონი ელისოს - თანამედროვეობის ამ მართლა კლასიკოსის რჩევებს, ყველა სიკეთე, წარმატება, დაფასება, სიყვარული ექნებათ უფრო მეტი, გაცილებით მეტი... და უწინარესად უმაღლეს პროფესიონალთა წრეში.

 

და ქალბატონი ელისოც იმავე დიდ პროფესიონალად დარჩება, მიუხედავად ჩვენეული ნაცნობი ისტერიკისა. ერთი კია, ელისო ვირსალაძისთვის პოლიტიკური და შეურაცხმყოფელი იარლიყების მიკერება, მისი „ოკუპანტობა“ და სხვა უბედურებები არის არა მარტო სასაცილო, არამედ სატირალიც და გახლავთ, ჩემი პირადი მოსაზრებით, მამალი პროვინციალიზმის, პრიმიტივიზმის და, უბრალოდ, სიბნელის განსახიერება.

 

ვირსალაძეების უდიდებულესი ოჯახის და ქართული კულტურის წინაშე საუკუნოვანი დამსახურების აგდებულად მოხსენიება კი, უბრალოდ, უვიცობაა. ნამეტნავი უწიგნურობა! და ალავერდს, ამის გამო, დღევანდელ ქართულ მედიასთან გადავდივარ.

 

ბავშვმაც კი იცის, ვინ არის საია-ს თავმჯდომარე, ვინმე ბენიძე, ვინმე ხარშილაძე, გიგაური, „პრეზერვატივების პრინცესა“, „მორკინალის დედოფალი“... ეკრანიდან არ ჩამოდიან გაურკვეველი პროფესიის ექსპერტები და ა. შ. სამაგიეროდ თითქმის ახალგაზრდობიდან თითქმის ვერავინ გეტყვით, ვინ იყო სპირიდონ ვირსალაძე, ანასტასია ვირსალაძე, კონსტანტინე ვირსალაძე... რა ღვაწლი მიუძღვით მათ ქართული საზოგადოებრიობის წინაშე. სწორედ ამ შტოს დიდ მოღვაწეობას აგრძელებს მათი შთამომავლობა.

 

კონკრეტულად, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქალბატონი ელისოს მრავალწლიანი და უანგარო(!) „თელავის ფესტივალი“ იყო და დარჩება ამ უდიდესი ქართველი პიანისტის გულწრფელი პატრიოტული სულისკვეთების სამაგალითო გამოვლინებად. ისიც გავითვალისწინოთ, რომ მას არასოდეს ჰქონია საქმე პოლიტიკასთან, არ ყოფილა ახლოს არცერთ ხელისუფლებასთან, ანუ, არასოდეს გასულა ერთი ნაბიჯითაც კი მუსიკალური სამყაროდან.

 

ეს ორი დღეა, სულ ვფიქრობ და რაღაც ის ტკივილიანი პერიოდი მახსენდება, როცა ლიანა ისაკაძეს, რობერტ სტურუას, ბუბა კიკაბიძეს, თემურ ჩხეიძეს და სხვა უთვალსაჩინოეს ხელოვანთ სამარცხვინო იარლიყებს აკერებდნენ და საქართველოს მტრებად აცხადებდნენ.

 

დრო შეიცვალა. მსოფლიოც. ჩვენ ვერა და ვერ გავთავისუფლდით ამ სიმახინჯიდან.

 

ამაზე მეტყველებს დღევანდელობაც.

 

სულ ცოტა ხნის წინ ნინო ანანიაშვილი, პაატა ბურჭულაძე, „ერისიონი“ ვაცვით ჯვარს პოლიტიკური კონიუნქტურის გამო.

 

რა, ყველა მაჭუტაძეს თუ ნებისმიერ თუთიყუშ-„პუბლიცისტკას“ აქვს უფლება და პრეტენზია, გამოთქვას თავისი „ბრძნული“ აზრი, ჰქონდეს ამოჩემებული პოზიცია, ამ უნიჭიერეს ადამიანებს - მსოფლიოში აღიარებულ უმაღლესი დონის პროფესიონალებს რატომ და ვინ უკრძალავს ამას? თავიანთი ცხოვრებით, შემოქმედებით, მიწევებით მათ რა, არ მოიპოვეს და დაიმსახურეს იმის უფლება, რომ უშიშრად, მოურიდებლად თქვან ის, რისი მოთხოვნილებაც გააჩნიათ?!

 

განა არ ამბობდა კინოში ბევრისთვის მიუღებელ სათქმელს ბუმბერაზი გია დანელია? ყველას არ მოსწონდა, მაგრამ...

 

ახლახან თქვა და დაიცვა სტალინი და ქართველობა ნიკა ცისკარიძემ, ბევრი ლიბერალისთვის მიუღებელი შეფასებებით და რიტორიკით. სამაგიეროდ, პატრიოტების დაუფარავი აღტაცებით და... არ ჩამოქცეულა ქვეყანა არცერთის ყიჟინით...

 

ფბ-ზე გაჩაღებული ანტივირსალაძისეული ისტერიკა კი, უბრალოდ, სირცხვილია!

 

რაც შეეხება ხატია ბუნიათიშვილს, ამ ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც უსაყვარლეს, ანგელოზ ქალბატონს (რაც არაერთგზის დამიდასტურებია), წარმატებები ვუსურვოთ.

 

თურმე, რა მნიშვნელოვანი ფიგურა ყოფილა ქართველი საზოგადოებისთვის ეს ვირტუოზი ახალგაზრდა ქალბატონი და... ამით რა ბედნიერი!

 

ბევრი ხატია, ბევრი ელისო, ბევრი რობიკო, ბევრი პაატა ჩვენს საქართველოს!

 

https://www.classicalmusicnews.ru/interview/eliso-virsaladze-2020/?fbclid=IwAR0P-v2Jz5sWE1yRg1niervTxS-4ezicvqTZowso8gOll_WPafXrlaTL5CI

 

 

right_banner
არქივი
right_banner