logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ყველა დიქტატურა ერთმანეთს ჰგავს და ყველა დიქტატორი ერთნაირია - ასე ვიცოდით მანამ, სანამ...
- +

ავტორი ჯაბა ხუბუა

11 თებერვალი. 2020. 15:31

 

 

როგორც წესი, ყველა დიქტატურა ერთმანეთს ჰგავს და ყველა დიქტატორი ერთნაირია. არ არსებობს თავისებური დიქტატურა და არ არსებობს თავისებური დიქტატორი. ყოველ შემთხვევაში, ასე ვიცოდით მანამ, სანამ საქართველოში არ გადავეყარეთ სულ სხვანაირ დიქტატურას, დღევანდელი ხელისუფლების სახით და სანამ ბიძინა ივანიშვილი არ წარმოჩნდა ჩვენს წინაშე, როგორც სრულიად ახალი ტიპის დიქტატორი.

 

გიგი უგულავას გუშინდელმა დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა ივანიშვილის, როგორც ორიგინალური დიქტატორის სახე.

 

ჩვეულებრივ, კლასიკურ დიქტატურაში ასეა: ოპოზიციურ ლიდერს, რომლის განეიტრალებაც გსურს, სისხლის სამართლის საქმეს შეუთითხნი, არჩადენილ დანაშაულს შეტენი და ვირის აბანოში გაუშვებ ან კიდევ გააგორებ და მორჩა. არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა.

 

ივანიშვილის ორიგინალურ დიქტატურაში ეს სხვანაირად ხდება: თუ პოლიტიკური ლიდერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 48 მილიონს მოიპარავს, თუ დედაქალაქის განვითარებისათვის განკუთვნილ თანხებს პარტიულ აქტივისტებს ხელფასებად დაურიგებს, თუ სამსახურში 700-ზე მეტ ფიქტიურ შტატს შექმნის, სადაც პარტაქტივს ფიქტიურად დაასაქმებს და პარტიული მუშაობისათვის ჯამაგირს ხალხის ჯიბიდან გადაუხდის, ასეთ პოლიტიკურ ლიდერს დანაშაულს არ აპატიებ, ბიუჯეტის ძარცვას არ შეარჩენ, მის პოლიტიკურ სტატუსს კანონზე მაღლა არ დააყენებ და ჰაიდა, ციხეში.

 

კლასიკურ დიქტატურას კიდევ ერთი ორგანული თვისება გააჩნია: პოლიტიკურ ლიდერს შეთითხნილი ბრალდებით რომ გაასამართლებ, მერე არც იმის საშუალებას აძლევ, ციხეში შესვლამდე პოლიტიკური პერფორმანსები და ბრიფინგები ატაროს, საათობით ილაპარაკოს, როგორ უდანაშაულოდ დევნიან და როგორი დიქტატურაა ქვეყანაში. არა, უცებ ჰკიდებ ქეჩოში ხელი და პირს რომ გააღებს, სანამ დაკეტავს, უკვე საკანშია.

 

რაც მთავარია, ბანალურ დიქტატურაში არ არსებობს მედია, ერთი ტელევიზიაც კი, რომელიც გაბედავს და პოლიტიკური ლიდერის უკანონო დაპატიმრებაზე ხმას ამოიღებს. მარტო ხმას ამოიღებს კი არა, მის ჰეროიზაციას მოახდენს და საზოგადოებას უწყვეტ რეჟიმში აჩვენებს მის გულადობას, თუ როგორ ვაჟკაცურად და ღირსეულად ხვდება იგი დიქტატორისაგან გამოწერილ უსამართლო სასჯელს.

 

ივანიშვილის ორიგინალურ დიქტატურაში ეს საკითხიც ორიგინალურად არის გადაწყვეტილი: ყველა ტელევიზია უწყვეტ რეჟიმში ახდენს უგულავას ჰეროიზაცია-რომანტიზაციას: აი, ახლა უგულავა ბრიფინგს მართავს და აცხადებს... აი, ახლა უგულავას შვილმა მიაკითხა პარტიის ოფისში და მას ემშვიდობება... კადრში ისმის დიქტატურის მიერ დამონებული ჟურნალისტის აღფრთოვანებული რეპლიკები: ღმერთო, როგორი ემოციური კადრებია, როგორი ამაღელვებელია... აი, ახლა პარტიის ლიდერები მოუწოდებენ უგულავას ციხეში გასაცილებლად შეკრებილ მხარდამჭერებს, რომ კიბის საფეხურები გაათავისუფლონ, რათა ბატონმა გიგიმ თავისუფლად შეძლოს დაბლა ჩასვლა... ასე ფეხბურთის კომენტატორებივით გვაუწყებენ დიქტატურის უღელით ქედგადრეკილი ჟურნალისტები ციხისაკენ მიმავალი რაინდის ყოველი მოქმედების, მანევრისა და ფინტის შესახებ.

 

არა, მართლაც ძალიან ორიგინალური რამ არის ივანიშვილის დიქტატურა და თვითონ ეს დიქტატორი ივანიშვილიც ერთობ ექსტრავაგანტული დიქტატორია: არა სტალინი, არა სომოსა, არა ტრუხილიო, არა ფუხიმორი, არა პუტინი, არა სააკაშვილი, არამედ ვიღაც სხვა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner