logo_geo
eng_logo
არმაზ სანებლიძე - 83
- +

18 თებერვალი. 2020. 13:05

 

ორი წლის წინანდელია ეს გულწრფელი პუბლიკაცია. გავიმეორებ იმიტომ, რომ მაშინაც, მანამდეც, დღესაც იმავეს ვფიქრობ, იმავე გრძნობებით - სიყვარულით და პატივისცემით ვარ გამსჭვალული, ვიმედოვნებ, მის 100 წლამდე ასე გაგრძელდება. უკეთესს ვეღარც დავწერ.

 

****

18 თებერვალს არმაზ სანებლიძის დაბადების დღეა!

 

81 (ახლა 83) წლის გახდება ბატონი არმაზი, ჩემი უფროსი კოლეგა და ნახევარსაუკუნოვანი მეგობარი. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ჟურნალისტიკას ვერც კი წარმოიდგენ ამ გვარ-სახელის გარეშე.

 

დავანებოთ თავი, ცოტა ხნით, მისი, როგორც რეპორტიორის და პუბლიცისტის საქმიანობას და შეგახსენებთ იმ მედიაორგანოებს, რომლებსაც თავკაცობდა ბ. არმაზი: „მოლოდიოჟ გრუზიი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, საქართველოს ტელერადიოკომიტეტი, „საქართველოს რესპუბლიკა“... საამაყო სტრიქონებია მის ბიოგრაფიაში. და მიუხედავად ამ პოსტებისა, მას ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია შემოქმედებითი საქმიანობა და მისი ნამოღვაწარი ბარე 30-ზე მეტ წიგნად არის თავმოყრილი. რისკიანი კაცია სანებლიძე. თანაც, როცა საქმე პროფესიულ პრინციპებს ეხება, საკმაოდ ჯუტი. მიუხედავად აკრძალვისა (მისი ბოსი ვიყავი), მაინც მოახერხა და „გაშპა“ ავღანეთში და იქიდან მაგარი რეპორტაჟები ჩამოიტანა, თუმც „კრინტი“ არ დაუძრავს იმ სახიფათო მომენტებზე, ბედმა რომ „გმირულ სიკვდილს“ გადაარჩინა... ვიმეორებ, მიუხედავად მეგობრული აკრძალვისა, ასევე „თავი ამოჰყო“ ჩერნობილში და... მერე სისტემატურად ვაიძულებდი პროფილაქტიკის გავლას, რამეთუ ამ მივლინების დროსაც სასწაულად გადაურჩა რადიაციას...

 

ნიჭიერია. შრომისმოყვარე. დაუღალავი. სულით სპორტსმენი. ერთ-ერთი პირველი კარატისტი. ამ ბოლო დროს ცოტა „წაიწუწუნა“, თორემ უამინდობის დროსაც კი ცურავდა ღია აუზში. ფანტასტიურად ყურადღებიანია. არ ავიწყდება მეგობრის საზრუნავი, პრობლემა, სატკივარი... კარგი მამა, მეუღლე, სიმამრი, ბაბუა... რაც ჩამოვთვალე, იმის ნახევარიც კი საკმარისია მისადმი პატივისცემის, მოწიწების, სიყვარულის და ერთგულებისთვის.

 

და როგორც ერთხელ (როცა მეგობრებად „ვითვლებოდით“), გამოჩენილმა საბჭოთა პოეტმა ჯ. ჩარკვიანმა გაგვაერთიანა ერთ ტერმინად - „ნუგზარმაზარი“ სიყვარულით ვულოცავ, მივესალმები ჩემს უახლოეს მეგობარს და დღეგრძელ სიცოცხლესთან ერთად ხელხვავიან შემოქმედებით ცხოვრებას ვუსურვებ.

 

******

 

P.S.: ამ პუბლიკაციის შემდგომ პერიოდში უახლოესი მეგობრის და მეუღლის მოულოდნელი დაკარგვის გამო, ბატონმა არმაზმა უმძიმესი დარტყმა და ტკივილი გადაიტანა. ვაჟკაცურად, როგორც მის შეუპოვარ ბუნებას სჩვევია.

 

გაშოროს ტკივილი და სევდა, არ მოგკლებოდეს სითბო, სიხარული და სიყვარული, ჯანის სიმრთელე და გონების სინათლე, ძმაო არმაზ! მაგრად სდექ!

 

 

right_banner
არქივი
right_banner