logo_geo
eng_logo
თემურ ქორიძე: პრეზიდენტი სააკაშვილი ფარისეველთა ტყვეობაშია
- +

22 მარტი. 2020. 20:37

 

 

 

პოსტი მათთვის, ვისაც ცრუპენტელა, მკვლელი, გამომძალველი, სამშობლოს გამყიდველი და უვიცი სააკაშვილი კაცი ჰგონია!

 

 

მოდი, უახლოესი წარსული გავიხსენოთ. მაგალითად, 2011 წლის აგვისტო

 

 

მარტოსული პრეზიდენტი

 

 

ბოლო დროს სულ უფრო აშკარად ჩანს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ფარისეველთა ტყვეობაშია და მას წრფელი გულშემატკივარი თვით ოჯახის წევრებს შორისაც კი არა ჰყავს. ამას მაფიქრებინებს თუნდაც გასულ კვირაში მისი ფართოდ რეკლამირებული საჯარო გამოსვლები ბიზნესმენებთან თბილისში, პატრიოტთა ინკუბატორის ჭუჭულებთან ანაკლიაში და ფრიადოსან მოწაფეებთან მინდორში.

 

 

როცა ბავშვებთან წყალტუბოს სამკურნალო წყლების სიკეთეებზე საუბრობდა, სააკაშვილს რატომღაც გაახსენდა თემურ-ლენგი (ტამერლანი 1336-1405 წ.წ.), რომელმაც, თურმე, “მტკივანი ფეხის მკურნალობა წყალტუბოს წყლებით სცადა და საწადელს რომ ვერ მიაღწია, გადაწვა... თბილისი“.

 

 

როგორც აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსმა და კაცმა, ვინც თემურ-ლენგს ყველა ლაშქრობაში თან ახლდა, შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო: იმის მიუხედავად, რომ მე-14 საუკუნის მიწურულს საქართველოში რვაჯერ ილაშქრა, თემურ-ლენგი წყალტუბოში არასდროს არ ყოფილა. თანაც, მას „ფეხი კი არ სტკიოდა“, 1362 წელს ერთ-ერთ ბრძოლაში დაიჭრა და სამუდამოდ დაკოჭლდა. აქედან მოდის მისი თიკუნიც - ლენგი (ლანგი) ანუ კოჭლი.

 

 

სამკურნალო წყლებს რომ უკავშირდება, ის ლეგენდა ირანის შაჰს, აღა-მაჰმად-ხანს (1742-1797 წ.წ.) ეკუთვნის. იგი ბავშვობისას დაასაჭურისა მამამისის ერთ-ერთმა ვაჟმა ადილ-შაჰ ავშარმა. აღა-მაჰმად-ხანმა საქართველოში ილაშქრა 1795 წელს, კრწანისის ბრძოლაში დაამარცხა მეფე ერეკლე და თითქმის მთლიანად გადაწვა თბილისი.ლეგენდის თანახმად, მას თავისი მამაკაცური პოტენციის აღდგენა თბილისის გოგირდოვანი წყლებით ეიმედებოდა და რომ არ გაუმართლდა, შური ქალაქზე იძია.

 

 

თემურ-ლენგისა და აღა-მაჰმად-ხანის ერთმანეთში არევა, თუნდაც ყოვლისმცოდნე პრეზიდენტის მხრიდან, მთლად კორექტულად ვერ გამოიყურება. მით უფრო, ასაკობრივი განსხვავება ამ ორ ისტორიულ ფიგურას შორის 400 (ოთხასი!) წელიწადია.

 

 

თავად ფრიადოსანმა სააკაშვილმა ფრიადოსან მოწაფეებთან შეხვედრისას ქართველი ხალხის მოღალატურ ბუნებაზეც ვრცლად ისაუბრა და ამის დასტურად ასეთი მაგალითი მოიყვანა - სამშობლოს ღალატის დაუძლეველი სურვილით შეპყრობილი ქართველები მურვან-ყრუს კარზე დარბოდნენო.

                                                                                         

 

ვერ გეტყვით, სააკაშვილი ვის გულისხმობდა, მაგრამ მურვან-ყრუს სახელით, საქართველოს, არაბთა სახალიფოსა და მსოფლიო ისტორიაში ცნობილია არაბთა უკანასკნელი ომაელი ხალიფა მერვან იბნ მოჰამედ იბნ მერვანი, იგივე მერვან მეორე (688-750 წ.წ.). თვითონ არაბი ისტორიკოსები მას მერვან-ჯორად, ხოლო სომხები მერვან ბრმად მოიხსენიებენ, რაც მის დაუნდობელ ბუნებაზე უნდა მიუთითებდეს.

 

 

არაბთა არმიამ იმჟამინდელი ადარბადაგანის (ირანის აზერბაიჯანის) მმართველისა და მომავალი ხალიფას მეთაურობით საქართველოში 735-737 წლებში ილაშქრა. სასტიკად ააოხრა ჯერ აღმოსავლეთი, შემდეგ კი დასავლეთ საქართველო, სადაც ქართველ-აფხაზთა მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა.

 

 

მერვან მეორე არაბთა ხალიფა 744-750 წლებში იყო და სახალიფოს დამასკოდან განაგებდა.

 

 

750 წელს ომაელთა საგვარეულო, დაახლოებით 300 ოჯახი, აბასელებმა თითქმის მთლიანად ამოწყვიტეს.

 

 

რაც მთავარია, ხალიფა მერვანის კარზე ქართველი მოღალატეების, პატრიოტების ან დიპლომატების სტუმრობის კვალი არც ქართული და არც არაბული წყაროებით არ დასტურდება.

 

 

სააკაშვილს, ეტყობა, უნდოდა ეთქვა, ბოლო დროს დასტა-დასტად მოღალატეების (პრეზიდენტის საქმის მოღალატეების) გამოჩენა ქართველთა მოღალატური ბუნების ბრალიაო.

 

 

შეგახსენებთ, ამას პრეზიდენტი მასთან შესახვედრად სპეციალურად შერჩეულ ქართველ ბავშვებს უქადაგებ და ყველაფერი ეს გადაიცემა ტელევიზიით!

 

 

აგვისტო, 2011 წელი                                        

 

 

თემურ ქორიძე

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner