logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: თქვენ არ იცით, როგორ უხდებოდა ძია სერგის სოფელი და სოფელს ძია სერგი...
- +

19 ივლისი. 2020. 13:46

 

 

პატარა, თბილისურ ეზოში ყველას გვიკვირდა - ამისთანა ავი ქალის ქმარს, ასეთი სიმშვიდე, როგორ ეფინა სახეზე და მთელი უბანი ჩასაფრებული ვიყავით, როდის გავიგებდით იმ პატარა სახლიდან ხმაურს, რომ ყველა სერგის გამოვსარჩლებოდით.

 

 მე ძალიან მიყვარდა ძია სერგი. თბილი და სალმიანი კაცი იყო. უჩუმრად აივლიდა კიბეებს და სახლში შევიდოდა. ლამის იყო მზერით გამეხვრიტა ფანჯარა, ოღონდ მენახა, შიგნით რა ხდებოდა... ჩამიჩუმი არ ისმოდა სახლიდან.

 

 ერთხელ ცოლმა პურზე გამაგზავნა.

 

- ლენასთან არ იყიდო, არც კახელების საცხობში, არც იმერლებთან, გვერდზე რომ პატარა ქუჩა ჩაუდის საავადმყოფოს, იქ გადადი - მარშრუტს მიხსნიდა.

 

- იმერლებთანაც მოასწარი, ქალო, ჩხუბი ?! - ჟანგიანი კბილები გადმოყარა მეეზოვე სონამ, რომელიც ჩვენ საუბარს უნებურად შეესწრო. ქალმა შეუბღვირა.

 

- ეგრე ავსა, გაგექცევა, ქალო, ქმარი, გაგექცევა და დარჩები მერე საცოდავადა! - უკვე იღლიაში ამოეჩარა ცოცხი სონას და ეზოდან გადიოდა.

 

- სადა აქვს წასასვლელი რო ?! სად უნდა წავიდეს ?! გზა არა აქვს, გზა... ყველაზე მეტი - თავის სოფელში დაბრუნდეს ! - ეზოდან გამავალ სონას მიაწია ქალმა.

 

 ვერაფრით ვიხსენებდი იმ სოფლის სახელს - ძია სერგის ბოლო გაჩერებას. მთელი ღამე არ მიძინია, შემეცოდა კაცი, უგზოო კაცზე საცოდავი არავინაა ამ ქვეყნად და ბავშვურად მჯეროდა, რომ ძია სერგის წასასვლელი არსად ჰქონდა...

 

 მეორე დღეს ძია სერგი კიბეებზე ჩამორბოდა ჩქარი ნაბიჯებით და ის ავი ქალი ტანსაცმელს გზადაგზა ესროდა...

 

მეზობლებმა კარ - ფანჯრები გავაღიაღეთ და რაღაცნაირად გვიხაროდა, ძია სერგის სწრაფი ნაბიჯები... ეზოს გაცდა, თვალს მიეფარა და სამშვიდობოს გასული რომ დავიგულეთ - შვებით ამოვისუნთქეთ.

ფანჯარას არ ვცილდებოდი კარგა ხანს, ღმერთი არ გაუწყრეს ძია სერგის და არ დაბრუნდეს - მეთქი.

 

არ დაბრუნდა და მიხაროდა, ჰქონია მეთქი წასასვლელი. ათეული წლის მერე მე და ჩემმა ქმარმა სოფელში სახლის ყიდვა გადავწყვიტეთ და მალევე ვიყიდეთ. ხეხილი დავრგეთ, ვაზი ჩავყარეთ, მაგრამ მოვლა არც ერთმა არ ვიცოდით და სოფელში კაცი მოვიკითხეთ, ვინც დაგვეხმარებოდა.

 

მიგვასწავლეს.

 

ეზოში შევედით და დიდხანს ვიარეთ ხეივნის ქვეშ, რომ სახლამდე მიგვეღწია.

 

გაწკრიალებულ კარ - მიდამოს სიყვარული ეტყობოდა. მზე ეფერებოდა მტევნებს და ყურძნის სუნი მაბრუებდა.

 

 მასპინძელმა გამოგვხედა. ღმერთო ჩემო, ძია სერგი იყო... მშვიდი, წყნარი, ბედნიერი სახით გვიღიმოდა და სველ ხელებს ხაკისფერ წინსაფარზე იმშრალებდა... ხანდახან გამომხედავდა, რაღაცის გახსენებას ცდილობდა თითქოს, მაგრამ ვერა, ვერ ბრუნდებოდა უკან...

 

თქვენ არ იცით, როგორ უხდებოდა ძია სერგის სოფელი და სოფელს ძია სერგი...

 

წასასვლელი ჰქონია კაცს, ავ ცოლს რომ უგზოო ეგონა - იმ კაცს...

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner