logo_geo
eng_logo
5 აგვისტო - სანდარმოხში საბჭოთა ჯალათების მიერ დახვრეტილ ტყვეთა მემორიალური დღე
- +

5 აგვისტო. 2020. 17:01

 

 

 

რამდენი ქართველია დამარხული კარელიის მიწაში

 

სახელწოდება სანდარმოხი მსოფლიოსთვის 1997 წელს გახდა ცნობილი - რუსეთში, კარელიის ოლქში, მედვეჟიეგორსკის რაიონში 236 ორმო აღმოაჩინეს, რომლებშიც 7500 ადამიანის ნეშტი იყო დაკრძალული. ეს ადამიანები სტალინის ტერორის წლებში, საბჭოთა ჯალათებმა დახვრიტეს.  1937 წლის 5 აგვისტოს ძალაში შევიდა „НКВД“-ს საიდუმლო ოპერატიული ბრძანება #00447 „კულაკების, კრიმინალების და სხვა ანტისაბჭოთა ელემენტების რეპრესირების ოპერაციის შესახებ“. ამ ბრძანების მიხედვით, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, 724 ათასი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი დახვრიტეს.

 

„НКВД“-ს ჯალათები  ადამიანებს კვოტების მიხედვით ხვრეტდნენ და სტალინ-ეჟოვის გეგმას პირნათლად ასრულებდნენ. ყოველი რეგიონის ფარგლებში საკუთარი ნორმა არსებობდა, რომელიც ბრძანება #00447-ში ერთიანდებოდა. მაგალითად, 1938 წლის 6 თვის ლიმიტი კარელიისთვის 4500 ადამიანი იყო - ეს რაოდენობა ოფიციალურად არის დოკუმენტირებული. ცალკე კვოტა არსებობდა ახლო მდებარე „ბელომორ-ბალტ“ ბანაკისთვის. საბრალდებო დასკვნები იწერებოდა რაიონული „ტროიკების“ მიერ, დღეში 100-200 ერთეული. სანდარმოხში დახვრეტილთა შორის არიან როგორც კარელიის მკვიდრები, ისევე ფინელები, უკრაინელები, ბალტიისპირელები, ესტონელები, უზბეკები, ქართველები, აზერბაიჯანელები და ბევრი სხვა ერის წარმომადგენელი. სანდარმოხის რამდენიმე ორმოში აღმოჩენილია სოლოვეცკის ბანაკის 1111 ტყვე, რომლებზეც 1997 წლამდე ეგონათ, რომ იმ გემზე დაიღუპნენ, რომელიც თეთრ ზღვაში ეტაპირებისას ჩაიძირა. ამ პატიმრებს დახვრეტის განაჩენი  ლენინგრადის „ტროიკამ“ გამოუტანა, რომელიც  „НКВД“-ს მოთხოვნას  ციხეების „განტვირთვის“ შესახებ ასრულებდა. სიკვდილ მისჯილებს დახვრეტამდე  ტანსაცმელს ხდიდნენ,  ორმოების გათხრას და სახით მიწაზე დაწოლას აიძულებდნენ. მათ კეფაში ესროდნენ. დახვრეტები სისრულეში მოყავდა, ლენინგრადის ბრიგადას სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტანის მატვეევის უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით.  კაპიტანი მატვეევი ერთ-ერთ რაპორტში წერდა, რომ ერთხელ ორი დღე-ღამის განმავლობაში მოუწია სროლა ტაბელური პისტოლეტიდან, სანამ ხელი უკიდურესად არ დაეღალა, მობეზრდა და ძილიც მოუნდა.

 

1990-იან წლებში, საზოგადოება „მემორიალმა“ კარელიაში არსებული საიდუმლო სასიკვდილო პოლიგონის ძებნა დაიწყო. ამ საქმეს სათავეში თადარიგის პოლკოვნიკი ივან ჩუხინი და მისი თანაშემწე, ისტორიკოსი იური დმიტრიევი ჩაუდგნენ. „მემორიალის“ პეტერბურგის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, არქივებში მრავალი დოკუმენტი, პროტოკოლი და რაპორტი შეისწავლეს და ამგვარად გავიდნენ იმ ქვიშის კარიერის მიდამოებში, სადაც საბოლოოდ სანდარმოხის ორმოების პოვნა მოხდა. დმიტრიევმა ყურადღება მიაქცია ტყის რელიეფზე ნიშანდობლივ კვადრატებს  4×4 -ზე, სადაც მიწა იყო ჩაწოლილი. აღმოჩნდა, რომ 2-მეტრიან სიღრმეზე ადამიანების ნეშტები იყო განლაგებული, რომლებსაც თავში ნასროლი  ტყვიების კვალი ჰქონდათ. შემდგომ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ მათი დაღუპვის ზუსტი დროც დაადგინა.

 

1997 წლის 27 ოქტომბერს, იქ, სადაც საბჭოთა რეპრესიების 7500 მსხვერპლი უპატრონოდ ესვენა, მემორიალური სასაფლაო გაიხსნა.  კალენდარში კი სამგლოვიარო თარიღი გაჩნდა - 5 აგვისტო. ყოველწლიურად ამ დღეს, სანდარმოხში, დახვრეტილთა შთამომავლები, რუსეთისა და სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციების, საელჩოების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და უბრალო ადამიანები ჩადიან. ტარდება პანაშვიდები, ყვავილებით საფლავების შემკობა, სიტყვით გამოსვლები. ამ ღონისძიებებს ყოველწლიურად მასპინძლობს ორგანიზაცია „მემორიალი“, რომლის ღვაწლი სანდარმოხის აღმოჩენაში განუზომელია. წელს, პირველად, პანდემიის გამო, სამგლოვიარო და მემორიალური ცერემონია არ შედგა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სანდარმოხში ქართველ ტყვეთა ნეშტებიც აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, საუბარია 37 ქართველზე. სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში მათ შესახებ ცოტამ თუ იცის... „მემორიალის“ და პროექტ „სანდარმოხი. სახელების დაბრუნება“-ს დამსახურებით, რამდენიმე მათგანის შესახებ  მეტი  შეგვიძლია გავიგოთ.  აღსანიშნავია, რომ 5 წლის წინ, რესპუბლიკა კარელიას ქართული კულტურის ცენტრის ინიციატივით, ქართველ მსხვერპლთა სახსოვრად დაიდგა მონუმენტი „საქართველოს შვილებს“ - ქართველი ხალხის კოლექტიური მეხსიერების სიმბოლო. ასევე, რუსეთში მცხოვრებმა შთამომავლებმა განათავსეს პლატონ ქიქოძის და შიო ბატმანიშვილის მემორიალური სანიშნეები. ორივე მათგანი სოლოვეცკის ბანაკის ტყვეები იყვნენ - ერთი ორი წლის, ხოლო მეორე 9 წლის განმავლობაში. ორივე სანდარმოხში, კაპიტან მიხეილ მატვეევის ხელით არის მოკლულნი.

 

 

შიო ბატმანიშვილი

 

1895 წელს, ახალციხეში დაიბადა. მან სტამბოლში სასულიერო სემინარია, ხოლო რომში კათოლიკური აკადემია  დაამთავრა. 1912 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდგომ, სასულიერო პირი გახდა და ქუთაისში მსახურობდა. ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, ახალციხეში დაფუძნდა, სადაც ადგილობრივ კათოლიკურ ტაძარს ჩაუდგა სათავეში. 1922 წელს კონსტანტინოპოლის კათოლიკური ქართული მონასტრის წინამძღოლად დაინიშნა. 1925 წლის ნოემბერში, შიო ბატმანიშვილი ვატიკანში რომის პაპმა პიუს XI-მ მიიღო. ამის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და საქართველოს კათოლიკეების ადმინისტრატორი გახდა. ბატმანიშვილი 1927 წლის 16 ოქტომბერს,  თბილისში დააპატიმრეს. სამი თვის შემდეგ, მას „ჯაშუშობის“ ბრალდება წაუყენეს და ამნისტიის უფლების გარეშე 10 წელი მიუსაჯეს. ბატმანიშვილი სოლოვკებზე გაამგზავრეს. 1930 წელს, კუნძულ ანზერზე გადაიყვანეს. იქ ყოფნისას, დაღუპულებს აპატიოსნებდა და წესს უგებდა. 1932 წელს ხელმეორედ გაასამართლეს და ანტისაბჭოთა დაჯგუფების შექმნა, საიდუმლოდ რელიგიური რიტუალების შესრულება და სხვა ბრალდებები წაუყენეს. 1937 წლის 14 ოქტომბერს, დაუსწრებლად ლენინგრადის „УНКВД“-ს „განსაკუთრებულმა ტროიკამ“ დახვრეტა მიუსაჯა და მისი ეტაპირება „მედვეჟია გორა“-ს მიმართულებით მოხდა. 1937 წლის 1 ნოემბრის ღამეს, შიო გრიგორის ძე ბატმანიშვილი სანდარმოხში დახვრიტეს.

 

პლატონ ქიქოძე

აზნაური, ლიტერატურის კრიტიკოსი პლატონ ქიქოძე 1905 წელს, ქუთაისში დაიბადა. რევოლუციის შემდეგ, ის საქართველოს პროლეტარული მწერლების ასოციაციის მდივანი გახდა. იყო „ლიტერატურული გაზეთის“ რედაქტორი. 1935 წლის 4 მარტს დააპატიმრეს. სსრკ-ის „НКВД“-ს განსაკუთრებული გადაწყვეტილებით, იმავე წლის 11 სექტემბერს 3 წლით მისაჯა გამოსასწორებელ-შრომით ბანაკში პატიმრობა. თუმცა, 1937 წელს ეს განაჩენი სასჯელის უმაღლესი ზომით შეუცვალეს და იმავე წლის 2 ნოემბრის ღამეს, სანდარმოხში დახვრიტეს.

 

იასე ანდრონიკაშვილი

 

1921 წლის აპრილში, მეფის არმიის ყოფილმა როტმისტრმა, თავადმა იასე ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილმა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა.  ბათუმში უკვე იმ გემზე იყო ასული, რომელიც ევროპისკენ მიდიოდა, მაგრამ ამ დროს ბოლშევიკები გამოჩნდნენ. ისინი  წამსვლელებს არწმუნებდნენ, რომ რეპრესიები არ იქნებოდა. იასეს პარიზში მეუღლე და ხუთი წლის ვაჟი ელოდნენ. მან კი საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა. თბილისში დაბრუნდა თუ არა, მაშინვე მეტეხის ციხეში აღმოჩნდა, სადაც სამარტოო საკანში რამდენიმე თვე გაატარა. მაშინ, მისი დახმარება ახლობლებმა შეძლეს, ცნობილი ბოლშევიკი ჩარიეს, რომელმაც იასეს განთავისუფლება უზრუნველყო. საქართველოში მუშაობა აუკრძალეს, მოსკოვში წასვლის შემდეგ ის თანამედროვე ცეკვის ხელოვნებას ასწავლიდა, მუსიკალური ბუფონადის თეატრში რეჟისორად დაიწყო მუშაობა, წერდა ლექსებს და პროზას. მეორედ, 1931 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და 10 წელი მიუსაჯეს, სასჯელს ტაშკენტში იხდიდა. 1936 წელს, მძიმედ ავადმყოფი იასე სოლოვეცკის ბანაკში გადაიყვანეს, საიდანაც ახლობლებს სწერდა - „ჩემგან ძვალი და ტყავი დარჩა“. ამ ბანაკში ყოფნისას, იასე ნიკოლოზის ძე  ბანაკის თეატრალურ გუნდს ხელმძღვანელობდა. დადგა რამდენიმე ოპერეტა, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა. მისი თანაბანაკელი იხსენებდა, რომ ამ სპექტაკლებზე ბანაკის ხელმძღვანელობაც კი ჩამოდიოდა. 1937 წელს კი საციხოო რეჟიმზე გადაიყვანეს და იმავე წლის ოქტომბერში დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში 1937 წლის 27 ოქტომბერს მოიყვანეს. ახლობლებს შეატყობინეს, რომ იასე ანდრონიკოვი 1938 წელს დისტროფიისგან გარდაიცვალა. მისმა შთამომავლებმა ათწლეულების შემდეგ შეძლეს ამ არისტოკრატისა და ინტელიგენტის დღიურების და ხელნაწერების შეგროვება, გამოცემა, რომელშიც ადვილად იკითხება იმ ადამიანის ტრაგედია, რომელმაც საბჭოთა სისტემა ვერ მიიღო და რომელმაც ის გაანადგურა.

 

კარელიის მიწაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ადგილას,  სხვადასხვა ერის, მრწამსის, პოლიტიკური შეხედულების თუ ფენის ადამიანები დამარხეს. ისინი საბჭოთა ხელისუფლებამ გაანადგურა, რადგან  ტოტალიტარული რეჟიმის უსიტყვო მონებად ვერ გამოდგნენ. ჯალათების ჩანაფიქრით, ეს ადამიანები უკვალოდ უნდა გამქრალიყვნენ, მათ შესახებ მეხსიერება უნდა წაშლილიყო, ხოლო მათი საფლავები საუკუნოდ უნდა დაკარგულიყო. ათწლეულების განმავლობაში მათ ნათესავებს ატყუებდნენ, დახვრეტილთა ბედს უმალავდნენ, არ აღიარებდნენ იმ სისასტიკეს, რაც ჩაიდინეს. თუმცა, დღეს სანდარმოხის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ეს  ჩანაფიქრი საბოლოოდ ვერ შესრულდა. ჩვენს დროში, სხვადასხვა ორგანიზაციის, მოხალისეს თუ სახელმწიფოს წყალობით ამ ტრაგიკულ ადგილას 25-ზე მეტი კოლექტიური ძეგლი და 400-მდე ინდივიდუალური სანიშნეა განთავსებული.

 

 

თუმცა, ბოლო წლებში კრემლი ტიტანურ პროპაგანდისტულ შრომას ეწევა იმისათვის, რომ სტალინის ეპოქის რეაბილიტაცია მოხდეს. იმის მიუხედავად, რომ ისტორიკოსებმა  და მკვლევარებმა იმავე „КГБ“-ს არქივებიდან  ზუსტი მონაცემები, ოქმები, დოკუმენტები, პროტოკოლები და სხვა მტკიცებულებები მიაკვლიეს, დღეს რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სანდარმოხის სასტიკი დანაშაული საბჭოთა ხელისუფლების კისერზე აღარ იყოს.

 

ელენე ჯანაშია

 

 

right_banner
არქივი
right_banner