logo_geo
eng_logo
არის ახალი კონსტიტუცია!!!
- +

11 ოქტომბერი. 2017. 16:09

 

                                                  წერილი V

 

1921 წლის თებერვალში, როცა მტერი კარს იყო მომდგარი, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კონსტიტუცია, რომელმაც ათწლეულების შემდეგ დიდი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის ისტორიის სამართლიან განვითარებაში. ათწლეულების მანძილზე, ყოველივე ეროვნულის მიმართ სასტიკი და ულმობელი საბჭოთა სინამდვილის პირობებშიც კი, სხვა გარემოებებთან ერთად, არსებობდა პარალელური „დე იურე" სიბრტყე, რომელიც იყო მყარი საყრდენი მრავალთაობაგამოვლილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის.


ეს გახლდათ ჩვენი წინაპრების მიერ გადადგმული შორსმჭვრეტელური, ბრძნული ნაბიჯი, რამაც მოგვცა საშუალება, 1995 წლის 24 აგვისტოს, ახალი დამოუკიდებელი საქართველოს ახალი კონსტიტუციით მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე გაგვეკეთებინა ამაყი განაცხადი: „...ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას". ყოველივე აღნიშნული სახელმწიფოს ავტორიტეტს უფრო მაღალ ხარისხში წარმოაჩენდა და საერთაშორისო პროცესებში „ტემპით შესვლის" პირობა იყო. 


სახელმწიფოს ცხოვრებაში კონსტიტუციის მნიშვნელობის შეფასებისთვის ქართველებს სხვათა მაგალითების მოხმობა არ გვჭირდება. ჩვენი ქვეყნის ბოლო ასწლეულის ისტორია საკმარისი საფუძველია იმისა, რომ ეს მნიშვნელობა მკაფიოდ გვქონდეს გაცნობიერებული.

 

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ახალი, უკვე სამი მოსმენით მიღებული ცვლილებები, მათი მასშტაბიდან და შინაარსიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს, როგორც ქვეყნის თვისებრივად ახალ კონსტიტუციურ რეჟიმში გადასვლის მყარი ფუნდამენტი. იწყება ახალი ეტაპი იმ შეუქცევადი პოლიტიკური პროცესისა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა დაუდო დასაბამი 2011 წლის 7 ოქტომბერს. „ეს კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი მემკვიდრეობა, რომლითაც საქართველოში შეუქცევადად დამყარდება დემოკრატიული სისტემა", - ძნელია, არ დაეთანხმო ამ შეფასებას, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის.

 

აუცილებლად მიმაჩნია, კონსტიტუციის თემაზე შემოთავაზებულ ჩემს მეხუთე (დასკვნით) წერილში გავაკეთო რამდენიმე შემაჯამებელი შეფასება. არც პარლამენტს, არც საკონსტიტუციო კომისიას და არც ქართველ საზოგადოებას არ ვაკადრებ (ზოგიერთი „ექსპერტისგან" განსხვავებით) იმ ზოგად შეფასებას, რომ ახალი კონსტიტუცია ძველზე უკეთესია. მსგავსი მნიშვნელობის თემებთან ურთიერთობა მაღალ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რაც თავის მხრივ, არგუმენტებით გაჯერებულ მეტ კონკრეტიკას გულისხმობს.

 

უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი იმას, რომ ახალ კონსტიტუციაში არ არის არც ერთი მუხლი, არც ერთი დებულება, რომელიც მმართველი ძალის მდგომარეობას რაიმე სახით შეიძლება აუმჯობესებდეს.  სამაგიეროდ, ბევრ ისეთ სიახლეს ნახავთ, რომელიც ოპოზიციის როლის გაძლიერებას ემსახურება.   მარტივ კითხვაზე (ამ კითხვას ზოგიერთი უცხოელიც სვამს) - „მაშ, რაში სჭირდებოდა მმართველ პარტიას ეს ცვლილებები?" - არსებობს ასევე მარტივი, მაგრამ მრავლისმთქმელი პასუხი - „სახელმწიფოს ინტერესებიდან, სახელმწიფოს წინსვლის ინტერესებიდან გამომდინარე". მე ვიტყოდი, სწორედ ეს არის „ქართული ოცნების" ხელისუფლების  სავიზიტო ბარათი.

 

ე.წ. ოპოზიციისა და მისი ტრადიციული სატელიტების მხრიდან (ყველას ერთად, ე.წ. პრეზიდენტის „წინამძღოლობით", გაფართოებული ნაცმოძრაობა შეიძლება ვუწოდოთ), როგორც წესი, პედალირება ხდება სამ საკითხზე: პროპორციული არჩევნების წესის ერთი საპარლამენტო ციკლით გადავადება, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება და კონსენსუსის არარსებობა.

 

კონსენსუსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ერთ შეფასებას გავიხსენებდი, რომელიც მან ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გააკეთა - „2004 წელს, თითქმის სრული კონსენსუსით, მიღებულ იქნა ძალიან ცუდი ცვლილებები; ასევე,  2010 წელს, თითქმის სრული კონსენსუსით, მიღებულ იქნა ძალიან ცუდი ცვლილებები; დღეს, 2017 წელს, ოპოზიციასთან კონსენსუსის გარეშე, ვიღებთ ძალიან კარგ ცვლილებებს. მე ამ უკანასკნელ ვარიანტს მივანიჭებდი უპირატესობას". ვფიქრობ, ძნელია, არ დაეთანხმო აღნიშნულს, თუკი მოვლენებს ობიექტურად, სახელმწიფო ინტერესების ჭრილში შეხედავ.

 

როგორც მედიასაშუალებებიდან შევიტყვეთ, კონსენსუსის თემაზე საინტერესო დიალოგი გამართულა ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, რომელიც ბატონ ირაკლის თავის ძირითად მოხსენებაში ასე შეუჯამებია: „თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ გამოვაცხვეთ გემრიელი ნამცხვარი, რომლის გასინჯვაც არც ერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ არ ისურვა. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ გამოვაცხვეთ გემრიელი ნამცხვარი არა პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში გაჰყვება მისი სიტკბო. ეს არის თავისუფალ, დემოკრატიულ და სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრების გემო". აქ რაიმეს დამატება ცოდვა იქნება. მე, უბრალოდ, სამ ძახილის ნიშანს დავსვამდი (!!!). ზოგიერთი მოქილიკე ვაი-პოლიტიკოსის გასაგონად კი ვიტყოდი, რომ ტორტის ნაჭრის თემა პოლიტიკაში ცნობილი თემაა და ცოტა მეტი უნდა „იმაცადინოს".

 

პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით სპეკულაციებისთვის, ვფიქრობ, საფუძველი აღარ დარჩა მას შემდეგ, რაც მმართველმა უმრავლესობამ ცვლილება 2024 წლისთვის გადაავადა და ვენეციის კომისიამ ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასა ეს კომპრომისი. უბრალოდ, „ოპოზიციამ" გადაწყვიტა, რომ გიორგი მარგველაშვილის დაჩაგრულის როლში (სრულიად გაუგებარია, გიორგი მარგველაშვილი რა შუაშია) დიდი ხნით შენარჩუნება მომგებიანი იქნება, რადგან „ნაცმოძრაობის" გეგმა „B" , დიდი ალბათობით, ამ პერსონაზე შეიძლება აიგოს (ხავსს ეჭიდებიან). გარდა ამისა, ცდილობენ, შეუთანხმებელი საკითხების სიმრავლის ილუზია შექმნან.

 

პროპორციული არჩევნების გადავადებას რაც შეეხება, მრავალწახნაგიანი თემაა და კომპლექსურ ანალიზს მოითხოვს: როდესაც საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა, „ოპოზიციამ" უცებ გააცნობიერა, რომ გადაიდგა უდიდესი ნაბიჯი თანამედროვე ევროპული ქვეყნის შენების მიმართულებით, რის საფუძველზეც „ქართული ოცნება" კიდევ უფრო გაიძლიერებდა ავტორიტეტს როგორც ქართველი საზოგადოების, ისე უცხოელი პარტნიორების თვალში.

 

უნდა ვივარაუდოთ, რომ როდესაც ე.წ. პრეზიდენტმა ბოიკოტი გამოუცხადა საკონსტიტუციო პროცესს, გათვლა იმაზე კეთდებოდა, რომ ახალშექმნილი კომისია ოთხ თვეში ვერ მოახერხებდა ხარისხიანი დოკუმენტის შემუშავებას, რაც „ოპოზიციას" მისცემდა საშუალებას, კედელთან მიეყენებინა მმართველი პარტია. ასეთ შემთხვევაში ყველა კოზირი „სამართლიანად განაწყენებული" მარგველაშვილის ხელში აღმოჩნდებოდა.

 

აღნიშნული გათვლის ლოგიკა იმაში მდგომარეობდა, რომ რაც ორ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ვერ მოახერხა „ჭკუით გატენილმა და გამოცდილებით დაბრძენებულმა" დავით უსუფაშვილმა, თავის ხმალაძე-ხიდაშელ-ძაბირაძიანად, როგორ შეიძლება გამოუვიდეს „ახალგაზრდა და გამოუცდელ" კობახიძესო.

 

...მაგრამ მოხდა ის, რომ „ცადმფრენი" ღრუბლებში აიჭრა, ანუ კონსტიტუციამ ყოველმხრივ გამართული პროექტის სახე მიიღო და მთელი „ოპოზიცია" და ე.წ. პრეზიდენტი თავის აპარატიანად, იძულებული აღმოჩნდნენ, კონკურენტებისთვის გამზადებული „ბროწეულის წვენის ოყნების" ხანგრძლივვადიანი თვითმკურნალობის რეჟიმში გადასულიყვნენ.

 

რადგან დავით უსუფაშვილი ვახსენე, მის ბოლო პერიოდის „გააქტიურებაზეც" ვიტყოდი ორიოდ სიტყვას. კონსტიტუციის თემისადმი მიძღვნილ ჩემს პირველ წერილში ვწერდი, რომ როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, „ის მზად არ აღმოჩნდა ამ დიდი ამოცანის გადაწყვეტისთვის არც როგორც პოლიტიკოსი და არც როგორც ორგანიზატორი". მაშინ მხოლოდ ამით შემოვიფარგლე, ყურადღება მთავარი თემიდან მეორეხარისხოვანზე რომ არ გადასულიყო. დადგა დრო, შეფასების სისრულისთვის, ისიც ითქვას, რომ დავითი და მისი მეგობრები ვერ აღმოჩნდნენ იმ გაქანების იურისტები, კონსტიტუციას რომ შეეჭიდებიან.  


ზემოთქმულს ისიც უნდა დაემატოს, რომ ჩვენი ბატონი დათო ღირსებასთან და სინდისთანაც, ცოტა არ იყოს და... მწყრალად ყოფილა. ერთი იმიტომ, რომ კონსტიტუციის „კრიტიკის" დროს, ეს იურისტი კაცი, სამართლებრივი არგუმენტების ნაცვლად, ძირითადად, ლიტერატურულ ხერხებს მიმართავს ხოლმე (ეპითეტი, მეტაფორა...), რაც მხოლოდ ერთი დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ სამართლებრივი არგუმენტები, უბრალოდ, არ მოეძევება და ქართველი ხალხის მიერ ყველგან და ყოველთვის უარყოფილი, იმ თამაშში ჩართვას და ფეხის მოკიდებას ცდილობს, ავადსახსენებელი მეორე პოლუსი რომ აწარმოებს;


... და მეორე - შე მამაცხონებულო, 400000 ლარი რომ გაანიავე (ოფიციალური პირების მიერ გასაჯაროებული მონაცემია) წყლის ნაყვაში და ცარიელი ფურცლებით ხელში რომ „ჩააბარე ანგარიში" საზოგადოებას (წინადადებებისა და მოსაზრებების შეგროვებას პარლამენტის ყველაზე დაბალხელფასიანი კურიერიც მოახერხებდა, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე), თუ ცოტა უხერხულობის გრძნობა მაინც გაგაჩნია, გვერდზე გაიწიე და იდექი, რა, თავდახრილი... თუ ეს ის ქვეყანაა, სადაც „ყველაფერი მოსულა"?


ისევ კონსტიტუციას დავუბრუნდეთ... ფაქტია, რომ საერთო-სახალხო განხილვებისთვის მომზადებულ დოკუმენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღად 2020 წელი იყო წარმოდგენილი. კომისიის მუშაობის ბოლო დღეს, მისთვის სამწუხარო რეალობის წინაშე მდგარმა „ოპოზიციამ" გადაწყვიტა, სიტუაციის ასარევად ყველა ხერხი და ღონე გამოეყენებინა და სიტყვები - „კომპრომისი" და „კონსენსუსი" - იმთავითვე ამოეღო ხმარებიდან. შემდგომ ამისა, დადებითი როლისთვის სრულიად უსარგებლო, არაფრის მცოდნე და არაფრის მაქნისი ე.წ. პრეზიდენტი მოგონილი მიზეზებით დესტრუქციის უფრო მაღალ ტალღაზე გადართეს, წინ ჩაიყენეს და ამანაც ისევ ჰყარა ქოში უკუღმა.


გამომდინარე „დიდი ოპოზიციური გეგმიდან" - რომ საზოგადოებას დაუსრულებლად უნდა უკიჟინებდე და უჩიჩინებდე, რომ უუნარო და უნიათო მმართველობის გამო, ქვეყანაში ყველაფერი ცუდადაა, რომ არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ამას წარსულში დაბრუნება ჯობია - კონკრეტული გეგმა ასე განისაზღვრა: თუკი სასიკეთო საქმეში კონსტრუქციულ ურთიერთობაში ვიქნებით ხელისუფლებასთან, ის ამაში ქულებს აიღებს, რაც დამატებით ავტორიტეტს მოუტანს შინ თუ გარეთ. ამიტომ, მხოლოდ ნეგატივი, ნეგატივი და ისევ ნეგატივი. „საბრძოლო დროშაზე" კი გამოიტანეს ნაცადი სლოგანი - ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი მთლიანად გარე მოხმარებაზე იყო გათვლილი, რადგან შინ ყველამ კარგად ვუწყით, რომ ეს „ყველა" ერთი ბოროტი ძალის ნასხლეტებია.


საკონსტიტუციო კომისიაში, ვიდრე კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა მუშაობა, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეები მხოლოდ პოზიციის დაფიქსირებით იფარგლებოდნენ და საერთო თანხმობის ინტერესიდან გამომდინარე, მოთხოვნებს არ აყენებდნენ. როდესაც გაირკვა, რომ თანხმობა არც ერთ შემთხვევაში არ შედგებოდა, რადგან „ოპოზიცია" აპრიორი გამორიცხავდა პროცესის ამგვარ განვითარებას, აღნიშნული ჯგუფი გააქტიურდა და თავისი არგუმენტები აამუშავა.


პარლამენტში, რეალურად, კონსენსუსის ხუთი სუბიექტი არსებობს - ოთხ პარტიულ ფრაქციას ემატება მაჟორიტარების ჯგუფი, რომელსაც სუბიექტურის გარდა, ობიექტური არგუმენტებიც უხვად მოეძევება, ხოლო რაოდენობით ყველა ოპოზიციურ ფრაქციას აღემატება. „ოცნების" შიდა განხილვებიდან გამოსული ინფორმაციით, ამ უკანასკნელთა მხრიდან საკითხი ასე დასმულა - თუკი ოპოზიციურ პარტიებს ყველა შემთხვევაში განხილვების ბოიკოტირება აქვთ გადაწყვეტილი, ანუ თუკი ნებისმიერი შედეგი ჩვენი ლანძღვა-გინების საფუძველი უნდა გახდეს, გაუგებარია, რატომ უნდა დავთმოთ ჩვენი პოზიციებიო.


ბუნებრივია, „ქართული ოცნება" იძულებული იქნებოდა, კომპრომისი უმრავლესობის შიგნითაც მოეძებნა (ეს არ ყოფილა დამალული), რადგან ზემოთ მოტანილი არგუმენტის გაბათილება მართლაც რომ შეუძლებელი ჩანს და სწორედ ამას მოჰყვა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ორსაფეხურიანი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძნელია ეჭვი შევიტანოთ საპარლამენტო უმრავლესობის იმ განცხადებაში, რომ თუ ოპოზიცია ბოლომდე დარჩებოდა საკონსტიტუციო პროცესში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წელს   მოხდებოდა. ბუნებრივია, შედეგზე პასუხისმგებლობაც „ოპოზიციას" ეკისრება.

 

ანალიზის სისრულისთვის, იმ კომპრომისებს ჩამოვთვლი, რომელიც მმართველმა გუნდმა ცალმხრივად გაიღო: პრეზიდენტის არჩევის წესის ერთი სრული ციკლით გადავადება; 2020 წლის არჩევნებზე - ა) 3%-იანი ბარიერის დაშვება; ბ) საარჩევნო ბლოკების დატოვება; 2024 წლისთვის ბონუსის სისტემის გაუქმება.

 

...დაბოლოს, მადლობა ირაკლი კობახიძეს გაწეული ურთულესი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოსთვის. მიკვირს, ამ ახალგაზრდა, კარგი გაგებით ამბიციურმა კაცმა როგორ გაუძლო ამდენ უსამართლო, უღირსებო ფორმით გაკეთებულ შემოტევებს და ერთი წუთითაც არ დაუკარგავს წონასწორობა. ჭეშმარიტად - დიდი გამარჯვებები მშვიდების ხვედრია.  


ცოდნა, უნარები, გონიერება, ნიჭიერება, ასაკისთვის უჩვეულო მდიდარი გამოცდილება და რაც მთავარია - აზროვნების და მოქმედების თანმიმდევრულობა - ქვეყნის მთავარი დოკუმენტის მთავარი ავტორის ძირითადი მახასიათებლებია.


მოუთმენლად ველი ბატონი ირაკლის მიერ დაანონსებულ „დეცენტრალიზაციის სტრატეგიის" დოკუმენტს (აზროვნების და მოქმედების თანმიმდევრულობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი), რაც სრულყოფილებაში მოიყვანს იმ ფუნდამენტს, რომელზეც აიგება თანამედროვე, თავისუფალი, დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო.

მომავალ შეხვედრამდე!

 

 

გიორგი  ქებულიძე

07.10.2017

   

 

  







 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner