logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ისევ სირაქლემას პოზაში ვართ?
- +

12 ოქტომბერი. 2017. 13:03



მთელი მსოფლიო კატალონიის შესახებ საუბრობს! უამრავი გამოძახილი. დაფიქსირდა ევროკავშირის ცალკეული სტრუქტურების პოზიცია.


ჩვენ? ისევ სირაქლემას პოზაში ვართ?


საკითხავია, რატომ აგვიანებს (!!!) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას?


რომელიმე „ნარცისს" თუ ჰგონია, რომ იქ ჯერ კიდევ ყველაფერი გარკვეული არ არის და არ ღირს აჩქარება, შეგვიძლია, მოურიდებლად ვუთხრათ: ეს პოლიტიკური სიბეცეა!


მამალი სეპარატიზმის გამო, რუსეთის აგრესიის შედეგად ტერიტორიულ მთლიანობადარღვეული ქვეყნის დიპლომატია ასეთ „ვირეშმაკულ თამაშებში" არ უნდა მონაწილეობდეს. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი უნდა იყოს სეპარატიზმის ნებისმიერი სახით გამოვლინება. როგორც არ უნდა განვითარდეს და დასრულდეს (???) „კატალონიის დრამა", ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ცალსახა: არა - სეპარატიზმს! ესპანეთის სახელმწიფო საზღვრები ხელუხლებელია!


ცნობილმა პოლიტოლოგმა და ანალიტიკოსმა სიმონ კილაძემ ამ თემას პოსტი მიუძღვნა. მე - კომენტარი! ეგებ, უპრიანი იყოს ჩემ გვერდზე მისი ცალკე გამოქვეყნებაც. აი, ეს კომენტარი:


„ჩვენ არ უნდა ვმოქმედებდეთ ორმაგი სტანდარტით. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ გვინდა ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენი პრობლემების (აფხაზეთის, „ს/ოსეთის") გადაჭრისას.


და თუ ეს ასეა,  მაშინ მტკიცედ, ცალსახად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მხარი უნდა დავუჭიროთ ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ანუ, კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების დაგმობას და მასთან დაკავშირებულ ანტისეპარატისტულ ღონისძიებებს.


და „ბარსას" გულშემატკივრობის გამო არანაირი ლუღლუღი არ უნდა ახდენდეს გავლენას ჩვენი მთავრობისა და ხალხის პრინციპულ პოზიციაზე, რაც გულისხმობს ყველა ჯურის სეპარატიზმის კატეგორიული მიუღებლობას.


ამასთან, საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი პოზიცია უნდა გაცხადდეს ხმამაღლა, საჯაროდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად, ყველა არხით და საშუალებით.


ესპანეთში (ისევე, როგორც ჩვენში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში) ძალიან მგრძნობიარედ აღიქვამენ სეპარატიზმთან და მასთან დაკავშირებული ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტებისა და პრობლემებისადმი ნებისმიერ (!!!) რეაქციას, არასდროს  დაივიწყებენ არცერთ ნაბიჯს, რომელიც ესპანეთისთვის ამ ურთულეს დღეებში გადაიდგმება და რომელიც თვალნათლივ დაანახვებს ესპანელ ხალხს, ვინ არის მისი ნამდვილი მეგობარი".


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner