logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: ვინაიდან დღეს იური სენკევიჩის იუბილეა, მისი ცხოვრების ერთ საინტერესო პასაჟს გავიხსენებ...
- +

4 მარტი. 2019. 13:30

 

გთავაზობთ ექსკლუზიურ ფოტომასალას...

 

ვინაიდან დღეს იური სენკევიჩის იუბილეა, მისი ცხოვრების ერთ საინტერესო პასაჟს გავიხსენებ, რომელიც უკავშირდება საქართველოს ისტორიულ წარსულს, ოქროს საწმისს, ტიმ სევერინს, ჩვენს მეცნიერებს და ნუგზარ ფოფხაძეს, ჩემს უფროს მეგობარს.

 

ტიმ სევერინი საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა 2014 წელს გაიცნო, როდესაც იგი საერთაშორისო კონფერენცია „არგო-2014“-ში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა თბილისში. დღეს სულ სხვა ისტორიას გავიხსენებ, რომელიც ერთგვარად ეხმიანება ნუგზარ ფოფხაძის 2014 წლის სტატიას და შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონარიდს თავად ტიმ სევერინის წიგნიდან „იასონის მოგზაურობა“, რომელიც საინტერესო ფაქტებს და ბევრისთვის უცნობ ფოტომასალას მოიცავს. წიგნი ეხება ახალი არგონავტების მოგზაურობის რეკონსტრუქციას „არგოს“ ასლით. ეს მოგზაურობა დაიწყო 1984 წელს და მასში საქართველოს წარმოადგენდნენ ქართველი მოხალისეები: ჯუმბერ ცომაია, გიორგი თოფაძე, პაატა ნაცვლიშვილი, გივი შომახია, ზურაბ ცქიტიშვილი და სხვა.

 

ახლა კი გადავშალოთ ტიმ სევერინის წიგნი: „ექვსი თვე გავიდა, რაც იური სენკევიჩს მივწერე და საქართველოს ტერიტორიაზე „ოქროს საწმისის“ მოძიებაში დახმარება ვთხოვე... ტელევიზიიდან მომწერეს, რომ დამეხმარებოდნენ არქეოლოგიური გათხრების ადგილების მონახულების და არქეოლოგებთან შეხვედრის ორგანიზებაში. სიტყვაც არ იყო ნათქვამი ნიჩბოსნებით დახმარებაზე, რომლებიც რიონის შესართავში „არგოს“ გაყვანაში დაგვეხმარებოდნენ... მალე შავ ზღვაში გავედით... უცებ შემოგვესმა - „არგო“, „არგო“, როგორ გესმით, თქვენ გიძახებთ „ტოვარიშჩი“... - გთხოვთ, გვიპასუხეთ... სიჩუმე... ხან ისინი ყვიროდნენ, ხან ჩვენ... 10 წუთი ვცდილობდით კონტაქტის დამყარებას... უკვე კუკუდამალობანას თამაშს ემსგავსებოდა ყველაფერი... უცებ გამოიდარა... ბინოკლი მოვიმარჯვე და... საბჭოთა ფლოტის სამანძიანი სასწავლო გემი „ტოვარიშჩი“ დავინახე... იმათაც დაგვინახეს... „ტოვარიშჩთან“ ერთად ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან მოგვიახლოვდნენ ბათუმის იახტები. პირველ მათგანს დიდი ასოებით ეწერა „კოლხეთი“... Welcome to Georgia (კეთილი იყოს თქვენ მობრძანება საქართველოში), მოგვესალმა იახტის მესაჭე ინგლისურად და შუშხუნას ბოთლი შეანჯღრია. როდესაც საცობი ამოაძრო, ბოთლიდან ქაფი ამოიფრქვა. იახტის ეკიპაჟმა ჭიქები დააძრო, ერთმა სადღეგრძელო თქვა, დანარჩენებმა დალიეს და ბოლომდე დაცლილი ჭიქები ზღვაში გადაყარეს... „კოლხეთი“ ლამის ცხვირით მოადგა „არგოს“ და იქედან სამი ბოთლი სასმელი გადმოგვაწოდეს... „კოლხეთზე“ იდგნენ ცისფერ სპორტულ კოსტუმებში გამოწყობილი კუნთმაგარი ბიჭები, როგორც მივხვდი საბჭოთა ნიჩბოსნები... პირველი ჩვენს გალერეაზე ამოვიდა ვიღაც მრგვალსახა კაცი და ღიმილით გამომიწოდა ხელი. მაშინვე ვიცანი, ადრე ნანახი ფოტოებიდან. - თქვენ იური სენკევიჩი ხართ, ვუთხარი. - გმადლობთ, რომ ყველაფერი ასე კარგად მოაწყვეთ. არ ველოდი ასეთ დახვედრას. - მიხარია რომ მოგეწონათ, მითხრა იურიმ. - უკვე ორი დღეა მოუთმენლად გელით... მერე გალერეაზე ამოვიდნენ სპორტულ კოსტიუმიანი კუნთმაგარი ბიჭები... ყველა მათგანის კოსტიუმზე საქართველოს გერბი იყო გამოსახული... უცებ „არგოზე“ ამოვიდნენ ოფიციალური პირები... მერე სენკევიჩს შემოუერთდა თავისი ვაჟი ნიკალაი. იქვე წარმომიდგინეს, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, ძალზე აქტიური და კომპეტენტური კაცი. მისი შავი თმებით და თვალებით მივხვდი, რომ ნაღდი ქართველი იქნებოდა; იგი აღმოჩნდა ნუგზარ ფოფხაძე, საქართველოს ტელევიზიის თავმჯდომარე, რომელიც „არგოს“ დახვედრის ღონისძიებას ხელმძღვანელობდა. იგი, როგორც იტყვიან, ჯიქურ გადავიდა საქმეზე: - რას ვაპირებთ? რამდენის გავლას ვგეგმავთ დღეს? იქნებ ფოთამდე ჩავაღწიოთ რიონის შესართავთან? - არა, ეს ძალზე შორია, ვუპასუხე მე... - ძალიან კარგი, თქვა ნუგზარმა და ხელისგულები ერთმანეთზე გაუსვა. - ჩვენ დაგელოდებით. მეტი არაფერი უთქვამს, მე კი არაფერი დავაზუსტე, თუმცა მის თვალებში მოციმციმე ეშმაკუნებს რაღაცაზე უნდა გავეფრთხილებინე... ნუგზართან ერთად მოვიდა კიდევ ერთი კაცი, რომელშიც შორიდანვე ამოიცნობდი მეცნიერს; სიმართლე გითხრათ, იშვიათად მინახავს, რომ ჭაღარა, სათვალეებიანი მეცნიერი ისეთი სიამოვნებით ამოსულიყოს ნიჩბიანი ნავის ბორტზე. ეს იყო პროფესორი ოთარ ლორთქიფანიძე, რომლის სახელსაც უკვე კარგად ვიცნობდი ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც იასონისა და არგონავტების შესახებ ფაქტოლოგიური საფუძვლების შესწავლა დავიწყე. მისი სახელით იყო ხელმოწერილი მრავალი ჩემს მიერ წაკითხული სტატია ბერძნების კოლხეთთან კონტაქტებზე. ამასთან, პროფესორი ხელმძღვანელობდა ერთ დროს საბერძნეთის კოლონიის ვანის გათხრებს მდინარე რიონთან, იგი გამოდიოდა შინაარსობრივად მეტად დატვირთული მოხსენებებით საერთაშორისო კონფერენციებზე და ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის უპრესტიჟულეს არქეოლოგიურ ცენტრს. - ჩვენ ვანში დაგელოდებით, მითხრა პროფესორმა. - ყველას უნდა თქვენთან შეხვედრა. მე კი ვაპირებ, რომ საქართველო შემოგატაროთ და ის ადგილები გაჩვენოთ, რომელთა ნახვასაც მოისურვებთ... მადლობის გადახდის შემდგომ გამიჩნდა შეკითხვა, როგორ დასრულდებოდა ჩვენი გულითადი მასპინძლების მზადება, „არგოს“ რომ ვერ ჩაეღწია საქართველომდე? ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ არ ვიყავით დარწმუნებული, რომ მთელი იმ გზის გავლას შევძლებდით? ...იმ საღამოს ქობულეთამდე ჩავაღწიეთ... ზოგი იქ დარჩა, ზოგი ფოთში წავიდა და იქ გაატარა ღამე, ჭამა-სმასა და სიამოვნებაში... მერე შევედით ფოთის ნავსადგურში... გვერდზე მედგა გაკვირვებული იური სენკევიჩი. ნავსადგურის ნახევარი დაფარული იყო ხალხით... ზღვაში იდგა „ტოვარიშჩი“ და ადრე ნანახი სამი იახტა... მერე გამაცნეს ფოთის მერი, მოგვიტანეს დოქებში ჩასხმული ღვინო და ხილიანი ლანგრები. - ეს სტუმრის ტრადიციული დახვედრაა, განმიმარტა ოთარმა... მერე ყველა ერთ მხარეს შეტრიალდა, მეც შევბრუნდი და დავინახე ნაციონალურ კოსტუმებში გამოწყობილი ოცამდე მამაკაცი... იქვე იდგნენ პატივსაცემი მოხუცი მამაკაცები... მათგან ერთმა ხელი აღმართა და... მამაკაცებმა სიმღერა დაიწყეს. უნდა ვაღიარო, რომ საქართველოში გუნდური ხალხური სიმღერის ხელოვნებამ ჭეშმარიტ სრულყოფილებას მიაღწია. პირველად მესმოდა ცოცხალი ქართული სიმღერა... მომდევნო დღეებში კიდევ არაერთხელ მოგვიხდა სიმღერების მოსმენა და მე და ჩემს მეგზურებს ისინი არასოდეს დაგვავიწყდება... შემდეგ კი „არგო“ მდინარე რიონს გაუყვა და საკმაო სირთულეებს წააწყდა.... მოგზაურობას თან ახლდა თავსხმა წვიმა და რიონის ადიდება. მოგზაურებს საშიშროება რომ არ შექმნოდათ, ქართველმა მოხალისეებმა ხომალდი მეჩეჩზე გადაიყვანეს (იხ ფოტო). მერე გავიხედე და დავინახე... ოთარ ლორთქიფანიძე... მისი გამოჩენა ნიშნავდა, რომ ჩვენ მივაღწიეთ ბრინჯაოს ხანის პირველ დასახლებას მდინარე რიონის შესართავთან: „არგომ“ იეშმაკა და „მოახერხა“, რომ მეჩეჩს ზუსტად ჭალადიდის წინ წაწყდომოდა... „ჩვენ ეს გავაკეთეთ“, დავიყვირე მე... იქ დაიწყო თავდავიწყება... - ეს უნდა აღვნიშნოთ, სად არის ღვინო, ვიკითხე მე... ამ დროს „არგოს“ მოუახლოვდა მოტორიანი ნავი, რომელმაც მოგვიტანა - შემწვარი წიწილები, პური, ყველი, ყურძენი, ვაშლი, ნესვი... შემოგვიერთდნენ ოთარ ლორთქიფანიძე, ნუგზარ ფოფხაძე და ილია ფერაძე... დაიყარა სადღეგრძელოები... ქართული სადღეგრძელოების წარმოთქმის მანერა ზუსტად აკვდებოდა ჩვენს დღესასწაულს: ვინმე იტყოდა სადღეგრძელოს და მერე წამოიძახებდა: „გაუმარ...“ და დანარჩენები ერთხმად გაყვიროდნენ: „...ჯოს“. ეს ქართული სიტყვა ძალიან ხშირად გვესმოდა კოლხეთში ყოფნის მანძილზე. მერე დაიწყეს სიმღერა... მერე ოთარი და სხვა სტუმრები წავიდნენ ვანში... რიონით მგზავრობის გეგმა, რომელიც ქართველმა მეგობრებმა შეიმუშავეს, ჩაფლავდა... რიონის დინება უფრო ჩქარი იყო, ვიდრე პროგნოზირებდნენ, ამიტომ მდინარის დონე ხან იმატებდა, ხან იკლებდა... მოკლედ... ქართველები ის ხალხია, ვინც ადვილად არ ყრიან ფარხმალს... ამიტომ ისინი ვერც რიონმა შეაჩერა, თავისი წარმოუდგენელი ჭირვეულობით... ზუსტად იმ დღეს, როდესაც „არგო“ რიონის შესართავში შევიდა, ოთარ ლორთქიფანიძის ერთ-ერთმა ასისტენტმა, რომელიც გათხრებს მეთვალყურეობდა, ტალახში ოქროს ყელსაკიდის ერთ-ერთი დეტალი/საკიდი იპოვნა... ჩემთვის კიდევ ერთი მინიშნება იყო მნიშვნელოვანი - ბრინჯაოს რიტუაური ნაჯახი, რომელიც ოთარ ლორთქიფანიძის ჯგუფმა იპოვნა ჩვენს ვანში ჩასვლამდე სამი კვირით ადრე... ეს ნაჯახი ძვ.წ. VIII საუკუნით თარიღდებოდა.... ოთარმა ასევე მაჩვენა თიხის ცხვრის ფიგურა, რომელიც მსხვერპლთშეწირვის მოედანზე იპოვნეს და აშკარა საკულტო ობიექტს წარმოადგენდა... მერე ოთარმა წარმომიდგინა „მეფის ასული მედეა“, რომელიც იმ საღამოს ჩემი მეგზური უნდა ყოფილიყო. იგი გახლდათ საოცრად მშვენიერი ქართველი მსახიობი... საღამოს დასასრულისკენ გამოვიდა თბილისის მოცეკვავეთა ანსამბლი, ნამდვილი პროფესიონალები... ეს იყო მართლაც ბრწყინვალე წარმოდგენა და ჩვენ მოჯადოვებულნი ვისხედით... საქართველო, ყველაფერთან ერთად, ეს არის ნამდვილი სამოთხე გურმანებისთვის!

 

...მეორე დილას ყველანი, ანუ ახალი არგონავტები, ჩვენი მასპინძლები და ქართველი ნიჩბოსნების ჯგუფი წავედით ექსკურსიაზე, კოლხური ოქროს წარმომავლობის ადგილების დასათვალიერებლად... მერე დადგა სვანეთის ჯერი... სოფელ კალაში, მესტიასთან ახლოს, ინახება ცხვრის პატარა ბრინჯაოს ფიგურა (იხ. ფოტო). ის დაახლოებით იმ დროს არის დამზადებული როდესაც იასონი, გადმოცემის თანახმად, ოქროს საწმისის ქვეყანაში გაემგზავრა... ეს ფიგურა სათუთად არის დაცული კალას ტაძარში... სვანეთში გველოდა ნუგზარის მიერ დაპატიჟებული ოთხი სვანი-ოქროს მაძიებელი; ისინი მესტიასთან ჩამავალი მდინარის - ენგურის სანაპიროსთან იდგნენ; მელოდნენ, რათა ჩემთვის ეჩვენებინათ სვანების მიერ ოქროს მოპოვების მეთოდი.... სვანი ოქროს მაძიებლების მთავარი იარაღი იყო ცხვრის ტყავი... მერე კვლავ წავაწყდით სირთულეებს, მაგრამ სერიოზულ ტრავმებს თავი დავაღწიეთ... იყო აზრი, რომ “არგო“ ავტომობილზე შეედგათ და ისე წაეღოთ, რაც წარმოუდგენლად მესახებოდა: ხიდები ძალზე დაბალი იყო, რომ „არგო“ მათ ქვეშ გატეულიყო... ნუგზარმა, მისთვის ჩვეული თავდაჯერებულობით, დამამშვიდა, არაფერია საშიშიო... - ვერტმფრენზე რას ფიქრობ? მკითხა ნუგზარმა... ყბა ჩამომივარდა, პირდაპირი გაგებით. - 54 ფუტი სიგრძის გალერა ვერტმფრენზე? ვიკითხე მე. - და მერე რა, გაუკვირდა ნუგზარს. მეორე დღეს მფრინავების მთელი ჯგუფი ათვალიერებდა „არგოს“, ფიქრობდნენ, როგორ აჯობებდა მისი ტრანსპორტირება. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ეს სარისკო იქნებოდა და მეც ამოვისუნთქე...

 

ვიმედოვნებ, რომ ეს წიგნი ცოტაოდენ წარმოდგენას მაინც შეგიქმნით იმაზე, როგორ დაგვხვდნენ საქართველოში, რისთვისაც უდიდეს მადლობას მოვახსენებ ბატონებს ნუგზარ ფოფხაძეს და ოთარ ლორთქიფანიძეს. ასევე დიდ მადლობას მოვახსენებ ქართველ მეცნიერებს ვახტანგ ლიჩელსა და ალექსანდრე ალექსიძეს, ასევე ქართული ტელევიზიის წარმომადგენლებს დავით შალიკაშვილს და თამარ მახარობლიძეს. ასევე მინდა, განსაკუთრებით გამოვყო სამი სვანი ოქროს მაძიებელი, რომლებმაც ცხვრის ტყავის მეშვეობით ოქროს მოპოვების უძველეს მეთოდს მაზიარეს, ესენია: დავით ჯაფარიძე, ვანო გულბანი და ალექსანდრე ჯაფარიძე...“

 

წიგნის დასასრული...

 

მე კი დიდი შოთას ეს სიტყვები გამახსენდა:

 

„გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.

გარდახდეს, გავლეს სოფელი, - ნახეს სიმუხთლე ჟამისა!

ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა....“

 

თქვენი არ ვიცი და როდესაც ტიმ სევერინის წიგნს ვკითხულობდი, სიამოვნების და სიამაყის ჟრუანტელი მივლიდა...

 

გმადლობთ ყურადღებისთვის.

 

არასოდეს გამოგლეოდეთ საქართველოს და ქართველობის სიამაყით მონიჭებული სიამოვნება...

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×