logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: მსხვილმანების ღმერთი...
- +

15 აპრილი. 2019. 18:48

 

როგორც წესი, კარგი მწერლები ცუდი დირექტორები არიან, ხოლო კარგი დირექტორები - ცუდი მწერლები.

 

კარგი მწერალი რომ კარგი დირექტორი და კარგი დირექტორი კი კარგი მწერალი იყოს, ეს იშვიათი გამონაკლისია.

 

გიორგი კეკელიძეც იშვიათი გამონაკლასია.

 

ის კარგი მწერალიც არის და ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკის კარგი დირექტორიც.

 

გიორგის ამ რამდენიმე თვის წინათ თავის მოკრძალებულ კაბინეტში ვესტუმრე.

 

ჯანდაბა, მწერლისა და კაბინეტის შესიტყვება რაღაცნაირად მეხამუშება, მიუხედავად იმისა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს მწერალი და როგორი მოკრძალებულიც არ უნდა იყოს კაბინეტი.

 

ამიტომ, თავიდან ვიტყვი: ამ რამდენიმე თვის წინათ გიორგის სამსახურში, თავის სამუშაო ოთახში ვესტუმრე.

 

სათხოვარი მქონდა.

 

მისი თაოსნობით ეროვნული ბიბლიოთეკა ძალიან საჭირო, ეროვნული მნიშვნელობის პროექტს ახორციელებს: საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში სკვერის ბიბლიოთეკებს ხსნის, სოფლების საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს წიგნებით ასაჩუქრებს და სოფლებში არსებულ წისქვილებში სამკითხველოებს აწყობს.

 

მუჰამედის და მთის ამბავივით რომ იყოს წიგნისა და მკითხველის ამბავი.

 

მოკლედ, მივედი გიორგი კეკელიძესთან - იქნებ, თქვენს შესანიშნავ პროექტში ჩემი სოფელი და სკოლაც ჩართოთ-მეთქი!

 

კიო, - გიორგიმ - პრობლემა არ არისო, უბრალოდ, სულ ცოტა დრო დამჭირდება და აუცილებლად მივხედავ კოკის სკოლასო.

 

სიტყვის კაცი აღმოჩნდა.

 

არა, როგორც მწერალი ხომ ისედაც სიტყვის კაცია, მაგრამ მეტაფორული გაგებითაც - კაცი რომ თავის ნათქვამ სიტყვას შუა გზაზე არ დააგდებს, ბოლომდე შეასრულებს და საქმედ აქცევს, ამ მნიშვნელობით სიტყვის კაცს ვგულისხმობ.

 

ჰოდა, 13 აპრილს ჩავიდა წიგნებით ხელდამშვენებული გიორგი კეკელიძე ჩემს მშობლიურ სოფელში - კოკში, მიძვირფასსაჩუქრდა სკოლაში, გაახარა მოსწავლეები და პედაგოგები, შესანიშნავი ლიტერატურით გაამდიდრა სკოლის ბიბლიოთეკა და სოფლის წისქვილშიც ხვავრიელი მინდი დატოვა - სამკითხველო მოაწყო.

 

ვიღაცის თვალში, შეიძლება, ეს წვრილმანი საქმე იყოს, მაგრამ, სინამდვილეში, ამაზე მსხვილმანი საქმე, მით უმეტეს ჩვენს დროში და ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაში, არა მგონია, რამე იყოს.

 

ჩვენს ეროვნულ წიგნსაცავს რომ სულს უბერავს და მისი განვითარებისათვის იღვწის, ის კაცი მსხვილმანი საქმის კაცია სწორედ.

 

ერის წიგნიერებაზე მზრუნველი კაცი მსხვილმანი საქმის კაცია.

 

ბავშვების, ახალგაზრდების განათლებასა და სულიერებაზე დროისა და ენერგიის დამხარჯველი კაცი მსხვილმანი საქმის კაცია.

 

ბოლოს და ბოლოს, კარგი წიგნის დამწერ კაცზე მსხვილმანი საქმის კაცი მე არ ვიცი.

 

ის ველუტა არ არის, მაგრამ ველუტა რომ არის სადურგლო და ათას საკინტურმანტურო საქმეში, სწორედ ისეთი კაცია წიგნიერების სამსხვილმანოში.

 

ის არის გიორგი კეკელიძე.

 

 

ჯაბა ხუბუა

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×